ქართული ქორწილის პირველი ღამე

ქორწინების პირველი ღამე, ტრადიციული გაგებით, ახალშეუღლებული წყვილის პირველი სქესობრივი კონტაქტია, რასაც თან სდევს პატარძლის დეფლორაცია. დეფლორაცია საქალწულე აპკის მთლიანობის დარღვევას ნიშნავს, რაც, ჩვეულებრივ, პირველ სქესობრივ კავშირს მოსდევს. ქალების ორ მესამედში დეფლორაციას თან ახლავს სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილი, თუმცა ძლიერი ტკივილი იშვიათია. თუ სქესობრივი კონტაქტი ნორმალურად ჩატარდა,
მტკივნეული მომენტი მცირე ხანს გაგრძელდება. დღეს ქორწინების პირველი ღამე პირობითი ცნებაა, რადგან პირველი სქესობრივი კონტაქტი შესაძლოა მოხდეს ქორწინების ოფიციალურ დადასტურებამდე ან მოგვიანებით, მით უმეტეს, სულაც არ მოხდეს ღამით. ასეა თუ ისე, პირველი ღამე იმ ორი შეყვარებული ადამიანის საიდუმლოა, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავი ერთმანეთს მიუძღვნან. ამ ღამეს ისახება ოჯახური ცხოვრების ინტიმური ნაწილი. არსებობს შეხედულება, რომ როგორც ჩაივლის პირველი ღამე, ასევე გაგრძელდება ცოლ-ქმრის ინტიმური ცხოვრება. თუ გსურთ, თქვენს ურთიერთობაში ჰარმონია და სიხარული სუფევდეს, მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს დღესასწაული – ამ ღამით იწყება თქვენი თანაცხოვრება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქორწინების პირველი ღამე მართლაც სიყვარულის ღამედ იქცეს. თუმცა ალბათ ახალშეუღლებულთა უმეტესობა ვერ დაიკვეხნის პირველი ღამის რომანტიკით. არადა რამდენი ოცნება უკავშირდებოდა ამ წუთებს… პირობები, რომლებიც სასურველია შესრულდეს პირველი კონტაქტის დროს, საკმაოდ მარტივია, მაგრამ მათზე წინასწარ უნდა იფიქროთ. საზოგადოდ, ქორწინების პირველი ღამისთვის როგორც მამაკაცები, ისე ქალიშვილები საფუძვლიანად უნდა მოემზადონ. პირველი ღამე ქალიშვილისთვის არამარტო პირველი სქესობრივი შეგრძნებაა – სექსოლოგები ამტკიცებენ, რომ სწორედ პირველი სქესობრივი კავშირია გადამწყვეტი ქალის სქესობრივი მგრძნობელობის ჩასახვისთვის. ქალიშვილების უმეტესობას პირველი სქესობრივი კონტაქტის მიმართ სერიოზული შიში აქვს. მათ საყვარელი მამაკაცისგან მოსწონთ მოფერება, კოცნა, ნაზი სიტყვები, მაგრამ მოსალოდნელ სქესობრივ აქტს ხშირად ხვდებიან შიშით, შებოჭილნი. საკმარისია მცირედი უტაქტობა და დაემშვიდობეთ მგზნებარე სიყვარულს. ამის ნაცვლად ვიღებთ უემოციობას, სურვილის ჩაქრობას და გულგრილობას. ამ დროს მამაკაცი უნდა იყოს მომთმენი, ნაზი და საკუთარ ძალებში დარწმუნებული. თავდაპირველად მან შეყვარებული ორგაზმამდე უნდა მიიყვანოს, რათა იგი მიხვდეს, რა სივრცეები ეშლება თვალწინ და იცოდეს, რისკენ უნდა მიისწრაფოდეს. მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება, მას “ქალწულობის თაიგული” ნაზად ჩამოართვათ, თუმცა იგი თავადაც მოხარული იქნება ამ თაიგულის თქვენთვის გადმოცემით. მამაკაცებს უნდა ახსოვდეთ, რომ არ დაიწყონ ქორწინება ძალადობით, რადგან “კანონიერი გაუპატიურება” ხშირად იწვევს ქმრისადმი ზიზღსა და აუტანლობას, რომლის აღმოფხვრა ძნელია. მამაკაცის დაჟინება, მით უმეტეს – უხეშობა და ძალადობა უარყოფითად აისახება გოგონას განცდებზე და თუ თან სდევს ფიზიკური ძალადობაც, ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ახალგაზრდა ქალის ფსიქიკას და სქესობრივი კონტაქტისადმი ზიზღიც კი გაუჩინოს. ამის შემდეგ ვისაც არ უნდა შეხვდეს ცხოვრების გზაზე, ამ ზიზღის დაძლევა ძალიან ძნელი იქნება. ცნობილია, რომ სქესობრივი გულგრილობა ათიდან 5 შემთხვევაში სწორედ პირველ ღამეს პარტნიორის უხეშობის გამო ვითარდება.