ჩოხის მოყვარულები კაბის მოყვარულთა წინააღმდეგ - ტრადიციული საზოგადოება არატრადიციულ ორიენტაციას ვერ შეეგუა და საქართველოში მიმდინარე „ევროპული“ მოვლენები ერთი წლის წინ ქართულად გააპროტესტა.

ჩოხის მოყვარულები კაბის მოყვარულთა წინააღმდეგ - ტრადიციული საზოგადოება არატრადიციულ ორიენტაციას ვერ შეეგუა და საქართველოში მიმდინარე „ევროპული“ მოვლენები ერთი წლის წინ ქართულად გააპროტესტა.

შარშან ამ დროს ორი, ერთმანეთის პარალელური აქცია დაიგეგმა და საბოლოო ჯამში, ორივესგან ერთი დიდი ქაოსი “გამოცხვა“. აქცია აქციის წინააღმდეგ - „ტაბურეტკიანი მამაო“
იმ დღის მთავარ გმირად და „მწვალებლად“ მოგვევლინა. მართალია, ეს „ლეგენდარული ტაბურეტი“ თავში არავის მოხვედრია, მაგრამ „უფლებადამცველების“ ცნობიერებაში „წამების“ ერთი „ინსტრუმენტი“ უცებ ასად იქცა და... ახლა უკვე ხშირად იხსენებენ, თუ როგორ ურტყამდნენ მამაოები ტაბურეტებს (სავარაუდოდ, თავში) სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, იმ დღეს აქციაზეც კი არ ყოფილან...

მართალია, განვითარებული მოვლენები საზოგადოების დიდმა ნაწილმა, მათ შორის ეკლესიამაც დაგმო და ძალადობრივი მეთოდებით ბრძოლაზე უარის თქმისკენ მოუწოდა, მაგრამ... როგორც ამბობენ, იმ დღეს ქართველმა საზოგადოებამ თავისი სათქმელი მაინც თქვა. ტრადიციას არც ევროპამ უღალატა და „შეშფოთდა“... ღრმად...

ხვალ შარშანდელი ცნობილი მოვლენებიდან ზუსტად ერთი წელი სრულდება. აქციის მაშინდელი ორგანიზატორი „იდენტობა“ წელს ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ვირტუალურ სივრცეში აღნიშნავს. აქციის გამართვას გეგმავენ ტრანსგენდერები. პარალელურად იგეგმება კინოფილმების ჩვენებაც...

საერთაშორისო დღესასწაულის პარალელურად, პატრიარქის ინიციატივით, საქართველოში ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისს, 12:00 საათზე სამღვდელოება ტაძრებში პარაკლისს ჩაატარებს და ტაძრებს, სახლებს, ოჯახებსა და ქუჩებს აკურთხებს.ოჯახებში ნაკურთხი წყლის პკურების კურთხევა საერო პირებსაც ეძლევათ.

კიდევ ერთი აქცია, რომელიც ხვალისთვის იგეგმება, საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებულია. აქციის მონაწილეები ერთსქესიანთა ურთიერთობებისა და ფემინიზმის ექსტრემისტული პროპაგანდას, ოჯახური ღირებულებების დისკრეტიზაციას, ათეიზმის წახალისებას, აგრეთვე, ე.წ "ანტიდისკრიმინაციულ" კანონს გააპროტესტებენ.

პროტესტის მიზეზთა უკეთ დემონსტრირებისთვის , 17 მაისს, 10:00 საათიდან, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციის პარალელურად ერთსქესიანი ურთიერთობებისა და ფემინიზმის ექსტრემისტული პროპაგანდის, ოჯახური ღირებულებების დისკრეტიზაციის, ათეიზმის წახალისების ამსახველი კონკრეტული ფოტო- მასალის გამოფენაც მოეწყობა.

გამოფენის დასრულების შემდეგ დაიწყება მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით.

აქციის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანიზატორი, ბექა ცხადაძე sazogadoeba.ge-სთან აქციის დეტალებზე, მიზეზებსა და არსებულ რეალობაზე საუბრობს.

- აქცია 10 სთ-ზე ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. თორმეტამდე სამების საკათედრო ტაძარში ასვლას მოვასწრებთ. იქ პარაკლისს დავესწრებით. მინიმუმ 30 ათას კაცს ველოდებით. ჩამოდიან რეგიონებიდანაც: ქუთაისი, ზუგდიდი, მცხეთა და ა.შ. ზუსტი რაოდენობა არ ვიცით...

- როგორ ფიქრობ, არის შარშანდელი 17 მაისის გამეორების ალბათობა?

- არა, არ არის. ისინი იუსტიციის სამინისტროსთან იკრიბებიან, ძალიან დიდი მანძილია იქამდე. შარშან ერთი კილომეტრი გვაშორებდა მხოლოდ.

- ფიზიკურ დაპირისპირებაში თუ მიიღე მონაწილეობა შარშან?

- არა, ვერ მივუსწარი... (იცინის)

- კონკრეტულად რას აპროტესტებთ? რის წინააღმდეგ გამოდიხართ, 17 მაისის?

- არა, ვაპროტესტებთ ანტირელიგიური ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელებას და იმ მოკლემეტრაჟიანი ფილმების დამზადებას, რომელიც ასახავს სექსუალური უმცირესობების პრობლემებს და ა.შ.

- და რატომ 17 მაისი?

- სიმბოლურია... კონკრეტულად, 17 მაისია ამ ადამიანების დღე...

- ხომ არ ფიქრობ, რომ შარშანდელი 17 მაისი მშვიდად ჩაივლიდა, უბრალოდ, მათთვის მეტი თავისუფლება რომ მიგვეცა. გამოსულიყვნენ და ეყვირათ, - დაიცავით ჩვენი უფლებებიო... მერე მიჩუმდებოდა ყველაფერი თავისით...

- ჰო, შარშანდელი წელი მშვიდად ჩაივლიდა, მაგრამ უფრო გაქტიურდებოდნენ წელს... გასული 17 მაისი კარგი მაგალითი იყო. შედეგად, წელს ორგანიზაციის სახელით ვეღარ ბედავენ გამოსვლას. ახლა ადგილი ექნება რაღაც ფეისბუქ-აქტივობებს, გადაიღებენ ვიდეოს, სოლიდარობას გამოუცხადებენ ამ ხალხს და ა.შ... საიტიც დაამზადეს ამისთვის... ზოგადად, ჩვენ იდეას ვებრძვით და არა ხალხს...

- თქვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც აპროტესტებთ... ის, რაც მიიღეს,ისედაც ხომ არსებობდა სხვადასხვა კანონებში?

- კი, გაბნეული იყო ცალკეულ საკონონმდებლო აქტებში, უბრალოდ, მოხდა მათი სისტემატიზაცია... და რა საჭირო იყო ეს, ანუ ამ კანონის ამ სახით მიღება, ამას ვერ ვხვდები...

- მიღებული კანონია უკვე და... ახლა რა ეშველება ამ საქმეს?

- ხალხის აქტიურობის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი გაუქმებაც...

- იყო შანსი, ვეტო დაედო პრეზიდენტს, მაგრამ ეს არ გააკეთა... ისე, ასეთი შესაშური ერთსულოვნება არ მახსოვს პარლამენტში...

- ერთადერთი მაშინ მახსენდება, როდესაც მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიის სტატუსი მოუხსნეს, ერთი მაშინ იყო და მეორე - ახლა.

- ამ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ასეთი ნება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როდესაც არ არსებობს საწინააღმდეგო აზრი, რისი მიღწევაა შესაძლებელი? არ თვლით, რომ უშედეგო იქნება თქვენი გამოსვლები?

- რამდენადაც ვიცი, მეორე საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერებს აგროვებს. ეს ძალიან კარგია უკვე. თუ 30 000 ხელმოწერა შეგროვდა, პარლამენტი ვალდებული იქნება, განიხილოს პროექტი...

- ასე ბუსუსებიანი პრეზერვატივების კანონპროექტიც განიხილეს...

- ჰო, ეგ ყველაზე სასაცილო კანონპროექტი იყო...

- ჩვენ შედეგზე ვსაუბრობთ... რას მივიღებთ ამით?

- დადგება შედეგიც... მაგალითად, შესაძლებელია ზღვარის გავლება ინტელექტუალურ საკუთრებას, გამოხატვის თვისუფლებასა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას შორის...

- დასავლური კურსის წინააღმდეგიც ხარ, რატომ?

- იმიტომ რომ ჰომოსექსულები, ტრანსექსუალები და ა.შ. დასავლეთში ნორმად არის აღქმული. რუსეთი კი ამას საკანონმდებლო დონეზე ებრძვის. ხვაგან ეს არ ხდება.

- და თვლი, რომ უმჯობესია, რუსეთთან გვქონდეს პარტნიორული ურთიერთობები?

- ვთვლი, რომ ასეა... სხვაგვარად ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ...

- და სადამდე მიდის რუსეთთან პარტნიორობა ისტორიულად, ესეც ხომ ვიცით?!

- ისტორიულად დასაველთთან პარტნიორობამ მიგვიყვანა ტერიტორიების ოკუპაციამდე…

- ვფიქრობ, ჩენ არ ვიღებთ ყველაფერს სწორად. დასავლეთთან ურთიერთობა აღქმული გვაქვს, როგორც ჰომოსექსუალების და აღვირახსნილობის ზეიმი. თუმცა არსებობს სხვა ღირებულებებიც, იგივე დემოკრატია, საგანმანათლებლო სისტემა და ა.შ., რომელიც შეგვიძლია წამოვიღოთ და საკმაოდ ეფექტურად დავამკვიდროთ საქართველოში... ეკონომიკური თვალსაზრისითაც, არ მგონია, საბაჟო კავშირი უფრო მეტის მომცემი იყოს, ვიდრე ამას ევროპელები გვთავაზობენ…

- არა, საბაჟო კავშირის წინააღმდეგი ვარ მეც... უბრალოდ, ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს 10 წლის განმავლობაში სადღაც 350 კანონის მიღებას და რა კანონებია ეს, კაცმა არ იცის... ამას ვაპროტესტებ...

- ერთი ხომ მივიღეთ?

- ერთი - კი, მაგრამ დანარჩენი?...

- დანარჩენი, როგორც აღნიშნე, მგონი არც არავინ იცის... 17 მაისის შემდეგ თუ გეგმავ რამე კონკრეტულს? ვგულისხმობ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით...

- ჯერჯერობით, არ მაქვს დაგეგმილი... ერთადერთი, რასაც განვახორციელებთ, ესაა აქცია, რომელიც 2004 წლის 12 მარტის მოვლენებს ეხება... მამა ბასილი და ეკლესიის შტურმი თუ გახსოვს? ამასთან დაკავშირებით...

- და მიზანი? რას ითხოვთ?

- გამოძიებას... დაუშვებელი იყო მაშინდელი ხელისუფლების ასეთი ქმედება. ერთი ადამიანის დაკავებას რად უნდოდა სპეცოპერაცია? მასში მხოლოდ პოლიციური ნაწილები არ მონაწილეობდნენ, თავდაცვის ნაწილებიც იყვნენ ჩართულები. შეიძლება, მამა ბასილი დამნაშავე იყო კანონის წინაშე, მაგრამ რაც გააკეთეს, არ უნდა გაკეთებულიყო. ამაზე გამოძიება არც დაწყებულა. ეს იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას და რელიგიური წესისთვის ხელის შეშლას ძალადობით ან ძალადობის მუქარით. მრევლის მიმართ სწორედ ამ მუხლის დარღვევა განხორციელდა.

- ცოტა შენზეც ვილაპარაკოთ... პრინციპში, მოახერხე და საკუთარი პოსტებით გააღიზიანე კონკრეტული ჯგუფი, ხშირია ვირტუალური დაპირისპირებებიც.... ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ გააბრაზე?

- ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ეროვნული ფრონტი“. ეს ადამიანები დამიპირისპირდნენ იმის გამო, რომ ვისაუბრე უკრაინის მოვლენების დროს უკრაინელი ნეონაცისტების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე...

- ადგილი აქვს მუქარებსაც... შიშის განცდა არ გაქვს? თუ თვლი, რომ ეს მხოლოდ ვირტუალური “მუშტის ქნევაა“?

- შიშის განცდა? არა... ჩემთვის რაიმეს დაშავება რომ უნდოდეთ, აქამდე მომძებნიდნენ...

- და როგორ გეგმავ მათთან ბრძოლის გაგრძელებას?

- არ ვაპირებ საერთოდ...

„ეროვნულ ფრონტთან“ ბრძოლას არ გეგმავს, მაგრამ ეროვნულ ფრონტზე აქტიურად იბრძვის. თსუ-ს მე-3 კურსის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ევროპული ღირებულებების საქართველოში დანერგვით ტრადიციებისა და სარწმუნოების უგულებელყოფის საშიშროებას ხედავს. თვლის, რომ არავის უფლებებს არ არღვევს, საკუთარს იცავს. ამ ეტაპზე საზოგადოებრივი აქტიურობით შემოიფარგლება, სამომავლოდ კი უფრო მეტი ამბიციაც შეიძლება გაუჩნდეს. ამბობს, რომ დიდი პოლიტიკისთვის ჯერ მზად არაა. მანამდე ქართული ღირებულებებისთვის - ენის, მამულისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის იბრძოლებს.