სოფლის მეურნეობის მინისტრი კომაში მყოფი მოადგილის მოსანახულებლად რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
მინისტრი მისი მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობა და ინფორმაციას ექიმებისგან პირადად მოისმენს. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან იმყოფებიან ჟურნალისტებიც. სავარაუდოდ, მინისტრი კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარს გააკეთებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი თავის ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა, დავით გალეგაშვილი, წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია.
"ის მთელი დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება", - აღნიშნეს პრესსამსახურში.
თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით გალეგაშვილი ნაცემია, რასაც პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.