ინგა გრიგოლია ამხელს!



ზოგადად არის ასეთი ტენდენცია - როდესაც ჩვენ ვთავაზობთ დებატებს, სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით ვთავაზობთ ამ ტიპის დებატებს, ყოველთვის არის უარი ორივე მხარისგან, ანუ არც ხელისუფლება და არც ყოფილი ხელისუფლება არასდროს ამბობს უარს ერთმანეთთან დებატებზე, მაგრამ ყოველთვის არის პრობლემა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან დებატების. მე ეს უნდა მეთქვა პირდაპირ ეთერში...“ (ინგა გრიგოლია, „რეაქცია“, 25.04.14).


ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ცივილიზებულ ქვეყანაში, არათუ დემოკრატიულ, არამედ დემოკრატიის ნიშნების მატარებელ ქვეყანაში, ზემოთ ციტირებულ განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ექნებოდა, თანაც - ატომური ბომბის. ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის წამყვანი ჟურნალისტის მიერ პირდაპირ ეთერში მსგავსი შინაარსის განცხადების გაკეთების შემდეგ სახელისუფლებო პარტიას და მის წარმომადგენლებს არათუ ხმის მიმცემი, წყლის მიმწოდებელიც აღარ ეყოლებოდათ.

ის მთავარი პრეტენზია, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ნიაღვრად მოედინებოდა, უტყუარი ფაქტით გამყარდა - ავადსახსენებელმა კოაბიტაციამ „ქართულ ოცნებასა“ და მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პოლიტიკური ქორწინების სახე მიიღო. გაცხადდა, რომ კონკურენტი პარტიებისგან პოლიტიკური სივრცის მოსუფთავებისა და ახალი ერთმმართველობისთვის ნიადაგის მომზადების გეგმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდან მოქმედებდა.

ვისაც არ სჯეროდა, უფრო სწორად, ვინც ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა საკუთარ ეჭვებს, რადგან არ სურდა იმედები გაცრუებოდა (გასული წლის სექტემბრამდე მეც ერთი იმათგანი ვიყავი), ინგა გრიგოლიამ ცივი წყალი გადაასხა თავისი „მკვახე შეძახილით“. დადასტურდა, რომ „დასავლეთი ვერ გაგვიგებს“ მხოლოდ საშუალებაა პოლიტიკური გეგმის სისრულეში მოსაყვანად. დადასტურდა, რომ ხალხის მიერ ისტორიულ სანაგვეზე მოსროლილი „ნაციონალური მოძრაობა“ კომფორტული ოპოზიციაა და მისი „გადარჩენა“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ხელისუფლებისთვის. დადასტურდა, რომ მიზნის მისაღწევად „ქართული ოცნებისთვისაც“ ყველაფერი მოსულა. დადასტურდა, რომ ხელი ხელს ბანს. დადასტურდა, რომ კერძო (პარტიული, პირადი) ინტერესი სახელმწიფოს ინტერესის წინმსწრებია...

ეს სამარცხვინო პროცესი წელიწადნახევარია გრძელდება. სამარცხვინო - არსით და ფორმით. ერთი მაგალითი თვალსაჩინოებისთვის: ამა წლის იანვარში ქვეყნის ფორმალურმა პოლიტიკურმა ლიდერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა (რეალური ლიდერი კვლავ ბიძინა ივანიშვილია) ბრიფინგზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, განაცხადა, რომ ის „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მიიჩნევს ოპოზიციად. მარტივი ლოგიკით თუ მივუდგებით, ტელედებატებში ჩართული „ოცნებელები“ არ ეთანხმებიან პრემიერის შეფასებას და თითქოს ამ ქმედებით კიდეც უპირისპირდებიან მას. რეალურად საქმე სხვანაირადაა - „ნაციონალებს“ ოპოზიციად „ოცნებაში“ არც არავინ მიიჩნევს, უბრალოდ, ასე აწყობთ, მორჩა და გათავდა. ვერ გათვალეს, რომ ადრე თუ გვიან, ვინმე (კონკრეტულ შემთხვევაში ინგა გრიგოლია) მათ ჭუჭყიან თეთრეულს გარეთ გამოიტანდა.

ადვილად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ოფიციალურად მოხდება ავტორიტარული რეჟიმის გაფორმება. სულაც არ ვფიქრობ, რომ მმართველ პარტიას ხალხის საკმარისი მხარდაჭერა აქვს არჩევნების მოსაგებად - არამც და არამც. ჩემი პროგნოზი ორ გარემოებას ემყარება: საარჩევნო გარემო არის უაღრესად არასამართლიანი, არადემოკრატიული და არათანაბარი (საარჩევნო კოდექსი, ამომრჩეველთა სიები, ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსური რესურსი და სხვ.); სამოქალაქო საზოგადოება ჯერაც ჩანასახის მდგომარეობაშია (სამწუხაროა, ამის თქმა რომ მიწევს - ბიძინა ივანიშვილმა ყველა ღონე იხმარა, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ შემდგარიყო).

ახალი ავტორიტარული რეჟიმი, თუ მის დამყარებას ხელი არაფერმა შეუშალა, თვისებრივად განსხვავებული იქნება ყველა წინამორბედისაგან. მისი სახელია ოლიგარქიული მმართველობა, რაც იმას გულისხმობს, რომ წინამძღოლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე (ფინანსური და მატერიალური რესურსი, გავლენები, კავშირები...), მეტი საშუალებები უპყრია ხელთ ძალაუფლების განსამტკიცებლად და გასაფართოებლად. ხშირად გაიგონებდით (ახლა უკვე იშვიათად), ის ხომ მაინც არის, ხელკეტებით და ცოცხებით არ დაგვდევენ და სახლში არ გვივარდებიანო. უთავმოყვარეო დამოკიდებულებაა. თანაც, რა იცი, რა ხდება მომავალში? ყველაფერი ხმების ქურდობიდან და ხმების მიტაცებიდან იწყება. შემდეგ, ამას მოსდევს ქვეყნის ძირითად ქონებრივ, მატერიალურ და ფინანსურ რესურსზე კონტროლის დამყარება (ამის „ნიშნები“ ყოველ ფეხის ნაბიჯზეა), შემდეგ - „ჩემი ცუდი მირჩევნია სხვის კარგს“ (უკვე მოქმედებაშია), შემდეგ - „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“ და ა.შ. ცოცხები და შევარდნები ბოლოსკენაა, ხალხი უკმაყოფილების გამოხატვას რომ იწყებს...

არ მინდა წერილი პესიმისტურ ნოტაზე დავასრულო. ჯერ კიდევ არსებობს შანსი, ვითარება დადებითისკენ შეიცვალოს, თანაც ძალიან იოლად, რადგან ყველაფერი ერთი ადამიანის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ამ კეთილ ნებას, თეორიულად, ორ შემთხვევაში არ უწერია ასრულება - როცა პიროვნება „თვითნაბადი“ დიქტატორია (ოცდამეერთე საუკუნეში ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების ქვეყნისთვის ეს, მართლაც, მხოლოდ თეორიული ვარიანტია), ან როცა ამ ერთი ადამიანის ნებაზე სხვათა (გარეშეს) ნება მძლავრობს.

ვფიქრობ, ბატონი ბიძინასთვის სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაა. თუ ეს შესაძლებლობა არ იქნება გამოყენებული, წინასწარ შემიძლია დავაანონსო ოქტომბერში ან ნოემბერში გამოსაქვეყნებელი წერილის სათაური - „მალიარი ხარ, ბიჭო... ანუ, პროექტი ხარ, ბიძო?!.“

მერე კი...

მერე კი, მშვიდობით მანამდე, ვიდრე ახალი ცვლილებებისთვის ახალი რევოლუციური გარემო არ მომწიფდება („ჩერეზ პიატ ლეტ, გენაცვალე“). შუალედი კი, მანევრირებას მიჩვეულმა პოლიტიკოსებმა და „ენჯეოშნიკებმა“ შეავსონ...