ქეთი დოლიძე პაპუაშვილს: თქვენი ცინიკური ღლიცინი თქვეს ვაჟკაცობაზე ლაპარაკობს! არასდროს გაბედოთ ჩემთან ასე ლაპარაკი!



რეჟისორი ქეთი დოლიძე შეშფოთებულია ზაზა პაპუაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო. როგორც „პირველ რადიოს“ ქეთი დოლიძემ განუცხადა, აღმაშფოთებელია, როდესაც მამაკაცი და ამასთან პარლამენტარი ემუქრება ქალს. „იმდენად უღირსი კომენტარია და ამაზრზენი პარლამენტარის მხრიდან. ის, რომ მემუქრება მაინტერესებს, ამის შემდეგ რა იქნება, რას იზავს? მომხსნის? მას ხმა არ ამოუღია, როცა სააკაშვილის რეჟიმი ჩემს წინააღმდეგ გამოდიოდა. მინდა გავახსენო ზაზას, რომ როდესაც გია გაჩეჩილაძის „საკანში“ ის გიას ნაცვლად უძღვებოდა გადაცემას და ნაღმი შეუგდეს მე ვიყავი ის ვინც ხუთ წუთში პირველი მივედი. მაშინ თუ ასეთი უღირსი ვიყავი რატომ მიმიღო „საკანში“?-აცხადებს ქეთი დოლიძე


რეჟისორის განმარტებით ეს არის ბოლო კომენტარი მისი მხრიდან ზაზა პაპუაშვილის განცხადებებზე, რადგან მსგავს უღირს ქმედებებზე ის პასუხის გაცემას და პოლემიკაში შესვლას არ აპირებს.

მანამდე ქეთი დოლიძემ ზაზა პაპუაშვილის „ფეისბუქში“ გაკეთებულ განცხადებას ასევე სოციალური ქსელით უპასუხა.

„ახლა კი ზაზა პაპუაშვილს!!!!! ვერაფერი კაცობაა შენი კოლეგისა და ქალის ასე გაქილიკება! თქვენი ცინიკური ღლიცინი, ჩემო კეთილო ადამიანო, თქვენი შეურაცხყოფა თქვეს ვაჟკაცობაზე ლაპარაკობს!!!! თუ ასეთი მიუღებელი ვიყავი ქვენთვის, ერთხელაც არ გაგიპროტესტებიათ თქვენს საარჩევნო კომპანიაში ჩემი მონაწილეობა! ნუ მემუქრებით და არასდროს გაბედოთ ჩემთან და არავისთან ასე ლაპარაკი! ჩემი ბიოგრაფიის მეამაყება და არცერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს ცხოვრებაში, რომელიც ჩემს ოჯახს შეარცხვენდა. ვერ ვიჯერებ, რომ ასე გაბოროტებული შეიძლება იყოს ადამიანი! ნუ მემუქრებით! თქვენ ის გაცოფებთ, რომ მე და უმრავლესობამ თქვენი მხარე არ დავიჭირეთ!!!! მაინტერესებს, რომელი დელფოსის ორაკული თქვენ ბრძანდებით, რომ მხოლოდ თქვენ მხარეზეა ჭეშმარიტება!!! ერთხელაც არ იკადრეთ ჩვენთან შეხვედრა, რომ ჩვენთვისაც გეკითხათ აზრი! მაგრამ, თქვენ უკვე ღრუბლებიდან გველაპარაკებით! ყოჩაღ ზაზა! აფერუმ შენ კაცობას! ამას იქით არც კომენტარი და არც ჩემი ლანძღვა არ გავიგო შენგან!!!“,-წერს ქეთი დოლიძე

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონპროექტი თეატრების შესახებ, რომლის ინიციატორიც დეპუტატი და მსახიობი ზაზა პაპუაშვილია, თეატრალურ სამყაროში დაპირისპირების მიზეზი გახდა. რეჟისორი ქეთი დოლიძე პაპუაშვილს პირადი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. სწორედ ამ კრიტიკას მოჰყვა ზაზა პაპუაშვილის მხრიდან შემდეგი კომენტარი „ფესიბუქში“: „ახლა კი ქეთი დოლიძეს!!! ჯერ გირჩევ!!! მერე გაგაფრთხილებ!!! მერე... თავი დაანებე იმ თემებზე საუბარს და სპეკულაციას (ჭორაობასაც), სადაც არავინ არაფერს გეკითხება. ეგ შენი შანტაჟისტური მეთოდები, უსმენო კივილი სადაც გაგსვლია, ისევ იქ ანავარდე. მთავარ თემას ვერ გადაფარავ და არც იმის უფლებას მოგცემ, რაღაც დაპირისპირებაზე იქილიკო და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანო. რჩევად იღე კეთილო, დაუკრეფავში გასეირნებით ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვას უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩააყენებთ. ნებსით თუ უნებლიედ, თქვენის წინდაუხედავობით გულს ტკენთ და ლახავთ სხვათა ღირსებას. და ვშიშობ, ეგზომ უმწეო (უხერხულ) მდგომარეობაში აღმოჩენილს თქვენი დახმარება ვანესა რედგრეივმა, ნატაშა პარიმ და ზემოდან ჯესიკა ლანჟმა შეძლოს.“ წერს ზაზა პაპუაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.