"ქმარი ეუბნებოდა: ისე იქცევი, მოგკლავ და მეც მოვიკლავ თავსო".
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებს თითქოს ენითაუწერელი სიღატაკე არ ეყოფოდათ, რომ დილის 6 საათზე საწოლში ყელგამოჭრილი დედაც არ დახვედროდათ. აკივლებულმა ბავშვებმა მამას დაუწყეს ძებნა, თუმმცა ამაოდ! პატარები მეზობლებთან გავარდნენ წივილ-კივილით, - დედას უშველეთ, ვენები გადაიჭრაო. ეგონათ, რომ დედა ცოცხალი ეყოლებოდათ. მაგრამ მათ დედას, რომელიც მეცხრე შვილზე ფეხმძიმედ იყო, ყელი ცულით ჰქონდა გამოჭრილი და აღარაფერი ეშველებოდა. სოფელმა მიცვალებული გააპატიოსნა და მისი დაკრძალვაც ითავა. მეზობლებმაც მოიკითხეს ბავშვების მამა და მათაც ამაოდ. ბავშვები მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, რომ მათი დედ-მამა უკანასკნელ ხანს გამუდმებით ჩხუბობდა. მამა დედას უყვიროდა, - მოგკლავ და მერე მეც მოვიკლავ თავსო...
რეალურად რა მოხდა ცოლ-ქმარს შორის გამოძიება დაადგენს. თუმცა მეზობლები აი, რას ჰყვებიან...
ვ. ბ:
- ჩვენს სოფელში ისეთი რამ მოხდა, რისი აღწერაც შეუძლებელია, მაგრამ ის კი ვიცით, რომ მაგ ოჯახს ისეთი გაჭირვება ჰქონდა, კარგ საქმეს არც ცოლს აფიქრებინებდა და არც ქმარს... იმასაც ვერ ვიტყვით, რომ სახელმმწიფო არაფერს აკეთებდა მაგათთვის, აბა, უმუშევარ ცოლ-ქმარს 8 შვილი რანაირად უნდა გაეზარდათ, თანაც არც ძროხა ჰყავდათ და არც არაფერი... 8 ბავშვზე სახელმწიფო ოჯახს სოციალურ დახმარებას 600 ლარს აძლევდა, არასამთავრობო ორგანიზაციაც 1000 ლარით ეხმარებოდა და სოფელიც. და მაინც, ბავშვები ისე იზრდებოდნენ, მაგათ ბინაში რომ შეგეხედა, იმ ღამეს ვეღარ დაიძინებდი... სოფელში ადრე ჩაის ფაბრიკა გვქონდა და იმის დანგრეულ სასადილოში იყვნენ შესახლებულები... ზემოდან წყალი ჩამოსდიოდათ, ქვემოთაც პირდაპირ მიწაზე ცხოვრობდნენ...
- 1600 ლარი ბევრი არ არის, მაგრამ ამ ფულით ასეთი სიღატაკის აცილება მაინც შეიძლება. ამ დონის სიღატაკემდე როგორ მივიდა ეს ოჯახი?..
- შეიძლება იმიტომ, რომ ეს უბედური მოკლული თვითონაც გაჭირვებულ ოჯახში გაიზარდა. მამა მოუკვდა და ის და მისი სამი ძმა ობლები დარჩნენ. დედამისმა 4 შვილი კი გაზარდა, მაგრამ სხვა ვერაფერი გააკეთა. ისიც დამპალ ხის ოთახში ცხოვრობს დღემდე... ამიტომ ეს გოგო გაჭირვებას გაექცა და ვითომ გათხოვებით უშველა თავს. მაგრამ ეს რა შველა იყო, - ავადმყოფ და ინვალიდ ქარელელ კაცს გაჰყვა, კუზიანს. ისიც გაჭირვებული ოჯახიდან არის. თანაც მუშაობა არ შეუძლია, - წელში ვერ იმართება. სიძეც სიდედრსა და 3 ცოლისძმასთან ერთად ცხოვრობდა ორ დამპალ ოთახში. რომ გამრავლდნენ და გამრავლდნენ, ფაბრიკის სასადილოში შესახლდნენ. ყველა ერთად ათევდა ერთ ოთახში ღამეს... ისე, სიძე არ არის ცუდი ადამიანი, - ბავშვებს ცოლზე მეტად ის უვლიდა, - ბანდა, აცმევდა, აჭმევდა, სულ სახლში იყო. უფრო ცოლი დადიოდა გარეთ... იმიტომ იყო მაგათ შორის ჩხუბი. ბავშვებიც ამბობენ, დედა და მამა სულ ჩხუბობდნენო... ბოლო ერთი თვე მაინც ძალიან ხშირად ჩხუბობდნენ...
- მიზეზი რა იყო, რომ დედა ბავშვებს არ უვლიდა?
- არ მინდა ამ საქმეში ჩავერიო, მაგრამ ქმარი ეუბნებოდა, - ისე იქცევი, მოგკლავ და მერე მე მოვიკლავ თავსო...
- იქნებ პირდაპირ მითხრათ, რას გულისხმობდა ეს კაცი ქცევაში, როგორც ცნობილია, სოფელს არაფერი ემალება…
- კარგი, ვიტყვი… არ მინდა გარდაცვლილზე ცუდის თქმა, მაგრამ მაინც ეს ამბავი არ დაიმალება… თანაც, იქნებ ბავშვებისთვისაც სჯობდეს, იფიქრონ, რომ დედა მამამ იმიტომ კი არ მოუკლა, რომ მათი მამა გიჟია, არამედ იმიტომ რომ მიზეზი ჰქონდა. როგორც ბევრი ეჭვობს, ამ ქალმა საყვარელი გაიჩინა. თანაც ეს საყვარელი მათი მამის კუთხიდან არის, ქარელიდან. მას ბავშვების მამაც იცნობდა და თავად ბავშვებმაც იციან, ის კაცი ვინ არის.
ხ. კ:
- ბავშვები ძალიან ცოდო არიან. მათ შორის, ყველაზე უფროსი 14 წლის არის, ყველაზე პატარა 1 წლის... რა ეშველებათ? გაჭირვებას რა უჭირს, გაჭირვებული ბევრი გაზრდილა, მაგრამ დედა რომ ყელგამოჭრილი ნახეს საწოლში, რა დაავიწყებთ?! საცოდავები ისე არიან გაშტერებულები, ვერც ტირიან...
- გარდაცვლილი ქალბატონი რას ამბობდა, მეუღლე რატომ მეჩხუბებაო... ზოგადად, გაწონასწორებული ფსიქიკის იყო??
- ძალიან კარგი ფსიქიკის იყო, მაგრამ ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა... მეც მინახავს, ჩაცმულ-დახურული რომ მიდიოდა ბათუმში და შვილებს ქმარს უტოვებდა... ხანდახან ერთი კვირაც არ შედიოდა სახლში. ბავშვებს ენატრებოდათ და ტიროდნენ, დედა გვინდაო.
... ჩემმა რესპონდენტებმა ამის შემდეგ ამ თემაზე საუბრის გაგრძელება აღარ ისურვეს. საუბარზე უარი განაცხადეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმაც... მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოლისმკვლელმა მამაკაცმა ცოლისთვის მიცემული პირობა ბოლომდე აასრულა და თავი ჩამოიხრჩო...