მატყუარა პროდუქტების ტოპ-10

იკვებო სწორად და იყო ჯანმრთელი - სავსებით ბუნებრივი სურვილია, მით უმეტეს, რომ უამრავ პროდუქტს ტაბლეტებზე უკეთესი სამკურნალო თვისებები აქვს. მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი: უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოდენობას და დროს. თუ ეს არ გავითვალისწინეთ, ერთი შეხედვით უვნებელი, მეტიც - სასარგებლო პროდუქტები შესაძლოა ზიანის წყაროდ გვექცეს! გახსოვთ ასთმით დაავადებული ანტონ ჩეხოვის თვითმკვლელობის ერთ-ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, მან რამდენიმე ყლუპი შამპანური დალია?




უბრალო ადამიანისთვის ეს თითქოს არაფერია, მაგრამ ჩეხოვი ექიმი იყო და კარგად იცოდა, რომ შამპანურს ასთმის შეტევის პროვოცირება შეუძლია და რომ მისი უმცირესი დოზაც კი შესაძლოა მისთვის სასიკვდილო გამხდარიყო. ასეც მოხდა. ფროიდმა კი გაარკვია, რომ კოკაინი მცირე დოზებით სასარგებლოა, დაიწყო მისი გამოყენება და მეგობრების უმრავლესობა ნარკომანებად აქცია! იაპონური ეროვნული დელიკატესის, თევზ ფუგუს შესახებ ყველამ იცის. მისგან უგემრიელესი კერძი მზადდება, მაგრამ მომზადების დროს დაშვებულ მცირე შეცდომას ხშირად კლიენტის სიკვდილი მოსდევს. არა მარტო კლიენტის, არამედ მზარეულისაც - ეს უკანასკნელი ვალდებულია, სიცოცხლე ჰარაკირით დაასრულოს. არ გვინდა შეგაშინოთ; უბრალოდ, იმის  რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, როგორ შეიძლება იქცეს გემრიელი და სასარგებლო საკვები ბიოლოგიურ იარაღად.

1. კეფირი
ეს რძემჟავა პროდუქტი, რომელსაც ხშირად უწერენ დიეტების მოყვარულ და ალერგიულ ადამიანებს, ძალზე სასარგებლოა. ის დაბალკალორიულია და შეკრულობის საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს - რამდენიმე ჭიქა კეფირის შემდეგ, განსაკუთრებით - თუ უზმოზე მიიღო, ადამიანი, რომელსაც შეკრულობა აწუხებდა, სწრაფად გარბის ტუალეტისკენ და გახარებული ცლის ნაწლავებს. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამისთვის გამოდგება მხოლოდ ახალი (ეგრეთ წოდებული ერთდღიანი) კეფირი, ხოლო თუ ორ- ან სამდღიანს მიირთმევთ, შეკრულობა შესაძლოა ტყვიაგაუმტარ მდგომარეობამდეც მივიდეს.

2. ვაშლი
კეფირისგან განსხვავებით, ნაწლავების მუშაობაზე ვაშლის გავლენა ამ უკანასკნელის სახეობასა და მიღების დროზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ რაოდენობაზე. 100 გრამამდე ვაშლი ნაწლავებს წარმატებით ასუფთავებს და პათოგენური მიკროფლორისგან ათავისუფლებს, თანაც აშლილობას აჩერებს, მაგრამ თუ იხარბეთ და დიდი რაოდენობით მიირთვით, ფაღარათი გარანტირებული გაქვთ. ხანდაზმულებმა ხშირად იციან იმის თქმა, რომ კუჭის აშლა დაუმწიფებელმა ხილმაც იცის, მაგრამ ასე არ არის. შედეგი რაოდენობაზეა დამოკიდებული და არა სიმწიფის ხარისხზე!

3. მსხალი
კიდევ ერთი პარადოქსული პროდუქტი  “ნაწლავთა სერიიდან”. ჰკითხეთ ნებისმიერ ბებოს - არც კი დაფიქრდება, ისე გეტყვით, რომ მსხალი შემკვრელია. ეს მრავალი საუკუნის წინ იცოდნენ, მაგრამ მაშინ ისიც იცოდნენ (ეს ცოდნა სადღეისოდ მივიწყებულია), რომ მსხალს ფაღარათის გამოწვევაც ძალუძს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მსხლის რომელ ნაწილს მიირთმევთ. თუ რბილობს, მაშინ ნაწლავების შიგთავსი შეიკვრება, ხოლო თუ ქერქს და გულთან ახლოს არსებულ ნაწილს (ღეჭვისას ის წვრილ მარცვლებს მოგაგონებთ) - ფაღარათს გამოიწვევთ.

4. ნაღები და არაჟანი
ამ პროდუქტებში ბევრი ქოლესტერინია, ამიტომ ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების დროს ექიმები კატეგორიულად კრძალავენ მათ. და ცდებიან! იმიტომ, რომ ამ პროდუქტებში კიდევ უფრო მეტია ფოსფოლიპიდები. ეს ნივთიერებები ქოლესტერინის ანტაგონისტებია და, შესაბამისად, ამ მავნე ნივთიერებას ანეიტრალებს.

5. ბარდა
სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის დროს ექიმები ხშირად უწევენ რეკომენდაციას ბარდას. ამ პარკოსანს მართლაც ძალუძს ქოლესტერინისგან სისხლის გაწმენდა. გაწმენდა და არა გათავისუფლება! ბარდა ქოლესტერინის კონსისტენციას ასქელებს, არადა სწორედ ეს შესქელებული ქოლესტერინი ილექება  სისხლძარღვთა კედლებზე, თხევადი კი - არა. ამრიგად, ბარდა კი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელს, მაგრამ იმავდროულად შესაძლოა  ხელი შეუწყოს სისხლძარღვთა კედლებზე ქოლესტერინის ბალთების წარმოქმნას. აქვს კი აზრი ასეთ მკურნალობას?