მზესუმზირის და სხვა თესლს სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყარო. მათში ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება და მცენარეული ცხიმი, ამიტომ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვთ. მზესუმზირის თესლი შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის ნორმალურ ცვლას; ასევე, შეუცვლელ ამინომჟავებს, მათ შორის - მეთიონინს; დიდი რაოდენობით მაგნიუმს - 6-ჯერ მეტს, ვიდრე ჭვავის პური
(ეს მიკროელემენტი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის); დიდი რაოდენობით ვიტამინებს, რომლებიც კანისა და ლორწოვანი გარსების გამაგრებას, მჟავატუტოვანი წონასწორობის ნორმალიზაციას უწყობენ ხელს.
სამკურნალო ეფექტისთვის საჭიროა დღეში 50 გრამი მზესუმზირას მიღება. მზესუმზირას სამკურნალო თვისებები მოხალვის დროს იკარგება, ამიტომ სჯობს, უმად მიირთვათ. 100-გრამიანი ჭიქა სანახევროდ შეავსეთ გარჩეული თესლით და დღის განმავლობაში სამ ულუფად მიიღეთ.
მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, მზესუმზირის თესლის ყოველდღიური მიღება ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის. 3 წლიდან შეიძლება ვაჭამოთ კვირაში 1-3-ჯერ არა უმეტეს 50 გრამისა.