უცნაური სახლი რუსთავში – რას ყვება თვითმხილველი მამაო ბინაში უნებლიეთ გაჩენილი ცეცხლის შესახებ? (ვიდეო)

რუსთავში, ალექსანდრე ფოჩხუასა და მადონა მეგრელიშვილის სახლში დატრიალებული უცნაური ამბავი ყველამ იცის. უცნობებისთვის ჭავჭავაძის ქუჩის №6- ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ადვილი მისაგნები გახდა. ადგილობრივები მომხდარით შოკირებულები არიან. ოთხსართულიანი შენობის მეოთხე სართულს ხანძრის კვალი ამ დრომდე ემჩნევა. ჩამსხვრეული მინები. გაჭვარტლული კედლები. კიბეებზე წყლით სავსე გუბეები ისევ დგას. გუბეც გაჭვარტლულია.


მეოთხე სართულზე ფეხაკრეფით ავდივარ. სადარბაზოში სიჩუმეა. რამდენიმე კარზე ვაკაკუნებ, მაგრამ არავინ აღებს. გამურული რკინის კარიდან ოთახში შევდივარ. კორიდორში ყველაფერი დანახშირებულია. შესასვლელში ბავშვის ტანსაცმელი და სათამაშოები ყრია. კორიდორიდან, მარცხნივ რამდენიმე ოთახი და სამზარეულო დანახშირებულია. ოთახებში ხანძრის შედეგად, სპეციფიკურ სუნს დაუსადგურებია. იატაკზე სხვადასხვა ნივთი ყრია. ირგვლივ ყველაფერი ცეცხლს შთაუნთქავს. შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ოთახში მაგიდა, არაბული ავეჯი და იატაკზე გაფენილი ხალიჩა მხოლოდ მტვერს დაუფარავს. ოთახის კუთხეში, ფანჯარასთან ახლოს ხატების კუთხეა, იქ ცეცხლის ალიც არ შეღწეულა. ყველა ნივთი უვნებელია. ოთახში, ძირითადად, მწვანე ფერი დომინირებს. კარი იხურება. საცხოვრებელი სახლი დალუქულია.

პრეისტორია

მეზობლების ინფორმაციით, რუსთავში ეს საცხოვრებელი სახლი ალექსანდრე ფოჩხუამ და მადონა მეგრელიშვილმა ოთხი წლის წინ შეიძინეს. მანამდე ათი წლის განმავლობაში ცოლ-ქმარი ამერიკაში ცხოვრობდა. შვილს კი მშობლები უზრდიდნენ. ოთხი წლის წინ ბინა თანდილაშვილების გოგონასგან შეიძინეს. მეზობლები ამბობენ, რომ როგორც კი ალექსანდრე ფოჩხუამ ბინა იყიდა, ყველაფერი გამოცვალა და სახლს კაპიტალური რემონტი ჩაუტარა. ოჯახის წევრები 25 მაისამდე მშვიდად ცხოვრობდნენ.

ყველაფერი კი 25 მაისს, კვირას, საღამოს დაიწყო. ოჯახის წევრები სახლში იყვნენ. ოთახში ცეცხლი უნებლიეთ გაჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი ოჯახის წევრებმა ჩააქრეს, თუმცა მოულოდნელად ხანძარი კიდევ სხვა ადგილას გაჩნდა. მათ სახანძროს გამოუძახეს. ჭავჭავაძის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო- სამედიცინო ბრიგადის წევრებიც გამოცხადდნენ. ხანძრის კერები ჩააქრეს. ოჯახის წევრები დაჰკითხეს. სამართალდამცავებმა, ცეცხლის უნებლიე გაჩენის ფაქტი არ დაიჯერეს. ამის შემდეგ, რუსთავის სახანძრო განყოფილებაში ჭავჭავაძის ქუჩის №6 ნომერში, ხანძრის შესახებ ინფორმაცია კიდევ რამდენჯერმე დაფიქსირდა.



ალექსანდრე ფოჩხუას ძმამ დავითმა დახმარებისთვის მამა საბა ტუღუშს მიმართა. მამაომ სახლი აკურთხა, ოჯახი დალოცა, დაემშვიდობა და კარებიდან გამოსვლას აპირებდა, როდესაც მოულოდნელად ოთახში ხანძარი ისევ გაჩნდა. ცეცხლი ამჯერად ბალიშებს წაეკიდა. ჩააქრეს, მაგრამ ხანძრის ახალი კერები უკვე სხვადასხვა ადგილას ჩნდებოდა. ოჯახის წევრებმა ისევ სახანძრო გამოიძახეს.

ცეცხლის უნებლიე გაჩენიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ – 1 ივნისს, კვირას, „წმინდა ნინოს" დღესასწაულზე, ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ისინი საეკლესიო დღესასწაულს აღნიშნავდნენ. საღამოს, უკან დაბრუნებულებს, ყველა ოთახი კვამლში გახვეული დახვდათ. დახმარებისთვის კვლავ მამა საბას უხმეს. ისევ სახანძრო გამოიძახეს. ბრიგადამ დაიგვიანა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებსა და სახანძრო ბრიგადას ალექსანდრე ფოჩხუამ უსაყვედურა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მცირე ინციდენტის შემდეგ ის სამართალდამცველებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

ალექსანდრე ფოჩხუამ საპატიმროში ორი დღე გაატარა. ფოჩხუამ წინასწარი დაკავების საკანი 1000 ლარის გირაოს სანაცვლოდ 4 ივნისს დატოვა. 3 ივნისს კი ალექსანდრე ფოჩხუას ბინაში უკვე მესამე ხანძარი გაჩნდა. ის ამ დროს საკანში იჯდა, რის შედეგადაც, საცხოვრებელი სახლის მხოლოდ ის ოთახი გადარჩა, სადაც ხატები იყო განთავსებული. ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარი ფაქტით შოკირებულია. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახის უმცროს წევრს, რომელიც რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში სწავლობს, ხანძრის დროს „ჭინკები" ელანდება. თუმცა, სკოლის დირექტორმა, ლალი ერქომაიშვილმა, მეზობლების ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.






კიდევ ერთი დეტალი: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალექსანდრე ფოჩხუამ და მადონა მეგრელიშვილმა საცხოვრებელი სახლი თანდილაშვილისგან იყიდეს. თავად თანდილაშვილი გარდაცვლილია. რუსთაველები თანდილაშვილის ოჯახის წლების წინანდელ ტრაგედიასაც იხსენებენ. „ეს კაცი მძღოლი იყო. მთაში, ახლობელს თივის მოგროვებაში ეხმარებოდა. მანქანა ფერდობზე დააყენა, თავად კი მუშაობა განაგრძო. შემთხვევით მანქანაში პატარა ბავშვი შეპარულიყო. მანქანა სიჩქარეში ჩაეგდო და დაგორდა. კაცმა მანქანაში შეაღწია, ბავშვი მინდორზე გადააგდო, გადაარჩინა, თავად კი ხევში გადაიჩეხა".

რუსთავში, ჭავჭავაძის ნომერ №6-ში საცხოვრებელ კორპუსს ამჟამად სამართალდამცველები იცავენ. გამოძიებამ, რომელიც სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უნდა დაადგინოს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. რაც შეეხება, ალექსანდრე ფოჩხუასა და მადონა მეგრელიშვილის ოჯახს, ისინი საცხოვრებლად დროებით სხვაგან გადავიდნენ.