"ორი მეტრი მიწის გამო გაიმეტეს ჩემი ბიჭი" – ლისის ტბის საბედისწერო "გარჩევის" დეტალები

"ორი მეტრი მიწის გამო გაიმეტეს ჩემი ბიჭი" – ლისის ტბის საბედისწერო "გარჩევის" დეტალები


"მიწის ნაგლეჯის გულისთვის ეს ორი მთასავით ბიჭი ბეღურებივით დახოცა..."

"ელენე 8 წლის არის, მამიკო ცოცხალი მინდა მახსოვდეს მთელ ცხოვრებაო და ცხედართან არ მიდის"

"ჩვენი ხალხის მენტალობა ხომ იცით, სამართალდამცველების ჩარევას ბოლო წუთამდე ერიდებიან"




12 მაისს, ლისის ტბის დასახლებაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან 37 წლის ელვარდ (ქიშო) მიმინოშვილი (სურათზე) და 38 წლის იოსებ (სანდრო) ჭელიძე ჩაცხრილეს. შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ბრალდებული, რომლის ვინაობაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება... ტრაგედიის გარშემო, რამდენიმე ვერსია გავრცელდა. დეტალების გასარკვევად, ერთ-ერთი გარდაცვლილის, ელვარდ მიმინოშვილის ოჯახს ვესტუმრეთ...



"აღარ ვიცი, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას უშენოდ, შვილო... ორი მეტრი მიწის გამო როგორ გაგიმეტა ორი შვილის პატრონი ვიღაც ვიგინდარამ... ვის რა დაუშავა ასეთი ჩემმა შვილმა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს ჩემი ბიჭი? სხვის მიწას შეეწირა ჩემი შვილი და ფოტოების ამარა დამტოვა..." - განწირული ხმით მოსთქვამდა გარდაცვლილის დედა, ნათელა მიმინოშვილი და სამძიმარზე მისულ ადამიანებს ემუდარებოდა, მასწავლეთ, ჩემი შვილის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვროო...


გარდაცვლილის ოჯახის ახლობლის თქმით, ელვარდ მიმინოშვილს, იგივე ქიშოს, ღამის 11 საათზე მეგობარმა სანდრო ჭელიძემ მობილურზე დაურეკა, შემდეგ კი მეორე მეგობარმა, მურთაზ ფარესიშვილმა მოაკითხა და სახლიდან წაიყვანა. დილის 5 საათზე ოჯახშI ტრაგედიის შესახებ დარეკეს... სადაო მიწის ნაკვეთი, რომლის გამოც ტრაგედია მოხდა, სანდრო ჭელიძის იყო, რომელსაც, როგორც გვითხრეს, მის მეზობლად მცხოვრები ასაკოვანი კაცი ედავებოდა. 


"იმ ვერსიით, რაც ჩვენ ვიცით, სანდრო მიწის ნაკვეთის გაყიდვას აპირებდა. როდესაც ეს იმ კაცს გაუგია, 10 ათასი დოლარი მოუთხოვია. სანდრო თავმოყვარე ბიჭი იყო და თავს იოლად არავის დააჩაგვრინებდა და ეტყობა, საქმეში ახლობლები ჩარია... ჩვენი ხალხის მენტალობა ხომ იცით, სამართალდამცველების ჩარევა ბოლო წუთამდე ერიდებიან... სხვისი პრობლემის გარჩევას შეეწირა ახლა ეს ბიჭი და ორი ანგელოზივით შვილი დარჩა, ელენე და ანი. უფროსი, ელენე, რვა წლის არის, მამიკო ცოცხალი მინდა მახსოვდეს მთელ ცხოვრებაო და მამის ცხედართან არ მიდის. პატარა ოთხი წლისაა, მამის გარდაცვალების შემდეგ მონათლეს..

(სურათზე: სანდრო ჭელიძე ქალიშვილთან ერთად)



- ითქვა, რომ ეჭვმიტანილი მათზე ასაკით ბევრად უფროსია... 


- დიახ, 51 წლის არისო და ყველას გვიკვირს, შვილების ტოლა ბიჭებთან რანაირად მოუვიდა ასეთი დაპირისპირება. "ტეტეს" სისტემის იარაღიდან აქვს ნასროლი. ჯერ ამბობდნენ, რომ მანქანიდან არც გადმოსულა, როგორც კი სალაპარაკოდ მისულან, მაშინვე უსვრია, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ხუთნი ყოფილან. ჯერ კარგა ხანს უკამათნიათ, საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულა, ის კაცი ნაცემი იყოო. შემდეგ კი, სახლში გაბრუნებულა და იარაღი მიუტანია... ესენი სამნი ყოფილან, - იმ მესამეს, მურთოს მიუყვანია ესენი საავადმყოფოში მანქანით. მოდის ხოლმე ის ბიჭი საცოდავი სამძიმარზე. მადლობა ღმერთს, ის მაინც გადარჩა, მაგრამ ცოცხალმკვდარია ის უბედური... რა ჩაიდინა იმ კაცმა, რად უღირდა ის მიწის ნაკვეთი, თან მისიც არ ყოფილა. იმ უბედურს სანდროსაც ერთი გოგონა ჰყავს. როგორ გააუბედურა ეს ორი ოჯახი, მიწის ნაგლეჯის გულისთვის, ეს ორი მთასავით ბიჭი ბეღურებივით დახოცა... აქ დაიბადნენ, ჩვენს თვალწინ გაიზარდნენ და დავაჟკაცდნენ ეს ბიჭები. ქერა და ცისფერთვალებები იყვნენ. უბანში, ხუმრობით, ქიშვარდი (ქიშო) და ირაკლი კი, ჯიმშერა შეარქვეს. ქიშო ნადირობასა და თევზაობაზე გიჟდებოდა. 5 წუთი რომ გამოსჩენოდა თავისუფალი დრო, მაშინვე სანადიროდ ან სათევზაოდ გაიქცეოდა. როდესაც ამ მართლაც უაზროდ გაუბედურებულ მშობლებს ვუყურებ, აღარ ვიცი, როგორ ვანუგეშო. დავიწვით მთელი უბანი ამ ოჯახის საცოდაობით.


ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისათვის)