ამ ქართველებს არაფრის შეგრძნება არ აქვთ მოქალაქეობრივი. ერთმა კაცმა გადაატრიალა ყველაფერი, რას ელოდნენ ვერ გავიგე? ხელის განძრევა რომ არ უნდათ

„ჩემი თანამემამულეების მიმართ ძალიან გაბრაზებული ვარ. წარმოუდგენელია ქართველების მოქალაქეობრივი შეგნების არქონა“,-ამის შესახებ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ News.ge-ს განუცხადა. დოლიძემ კომენტარი ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნების შედეგების პირველადი მონაცემების შესახებ გააკეთა.

„2 წლის წინ რომ მთელი საქართველო გამოვიდა, 9 წელიწადი რომ ვიყავით უბედურებაში და იმის მოსპობას ხმა მისცა, რა დაეტაკათ გუშინ რომ არ გამოვიდნენ არჩევნებზე? ნარმანიამ ნამდვილად მოიგო , მაგრამ სხვა პარტიებსაც იგივე მდგომარეობა აქვთ, იმიტომ რომ არ მოვიდა ხალხი არჩევნებზე. საარჩევნო უბნები ცარიელი იყო. რატომ იყო ცარიელი? ჩვენ ვიცით, რომ ადგილობრივ არჩევნებზე აქტიურობა იმ უბედურებას, რაც 9 წელი იყო, ბოლოს მოუღებდა. რატომ არ მოვიდა ხალხი არჩევნებზე? რას აკეთებდნენ? სამზარეულოებში ისხდნენ და წვრილ-წვრილ სიგარეტებს აბოლებდნენ? ამ ქართველებს არაფრის შეგრძნება არ აქვთ მოქალაქეობრივი. ერთმა კაცმა გადაატრიალა ყველაფერი, რას ელოდნენ ვერ გავიგე? ხელის განძრევა რომ არ უნდათ, რას და ვისგან ელოდებიან?
იმ ორი კვირის შემდეგ გამობრძანდნენ და ცოტა ჭკუაზე მოვიდნენ. თორემ ისევ ჩარჩებიან იქ, სადაც იყვნენ 9 წელიწადი. ჩემი თანამემამულეების მიმართ ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს არ არის „ქართული ოცნების“ ბრალი, ეს ხალხის ბრალია. იმიტომ რომ, ამათ უნდათ, შოშიებივით ისხდნენ და პირში ჩაუდონ საჭმელი-ეს უნდათ ქართველებს“,-აცხადებს რეჟისორი.
ქეთი დოლიძის თქმით, ხელისუფლება საქმეს აკეთებდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა.
„მე ერთადერთი პრეტენზია მაქვს „ქართული ოცნების“ მიმართ. მე არ ვიცი ის უზარმაზარი საქმეები, რაც ამათ გააკეთეს 2 წლის მანძილზე, თუნდაც იგივე ნარმანიას სამინისტრომ. სულ ვეუბნებოდი, რომ არ უვარგათ პიარი. რატომ არ ლაპარაკობთ ამაზე ხმამაღლა? საქმეს აკეთებდნენ და ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ.
რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, მე კიდევ იმიტომ ვითმენდი ამდენი ხანი, რომ ველოდებოდი და ველოდები ამას. თუ ჩვენ საკრებულოებს ისევ ამათ ჩავუგდებთ ხელში, არაფერი არ შეიცვლება. ეს უნდა შევცვალოთ, ჩვენ, ხალხმა. ხალხი შეცვლის მაშინ, როდესაც არჩევნებზე მივა“,-განაცხადა დოლიძემ