გვანცა ადამიას სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი იმ საზარელი შემთხვევის შემდეგ გახდა, რომელიც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბებზე მოხდა. უიმედოდ შეყვარებულმა ბიჭმა, ვანო ღონღაძემ თავისი რჩეული მესამე სართულის კიბიდან გადმოაგდო.
გოგონა მართლაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. რამდენიმე ოპერაციისა და დიდი ხნის მკურნალობის შემდეგ, რომელის ნაწილიც საწოლში გაატარა. გვანცა დღემდე რეაბილიტაციის პროცესშია. ერთ-ერთ ინტერვიუში წერდა, რომ კვლავ აქვს გარკვეული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამისთვის სათანადო თანხები არ აქვს ოჯახს. წერდა ფსიქოლოგიურ ტრავმაზეც, რომ ქუჩაში უსაფრთხოდ სიარული აღარ შეუძლია, ჰგონია რომ უთვალთვალებენ და ა. შ.
იმ საზარელი შემთხვევიდან რამდენიმე თვეში გვანცამ შეძლო და უნივერსიტეტში სიარული დაიწყო. ასევე მუშაობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
მოძალადე ვანო ღონღაძე ექსპერტიზის დასკვნისა და მშობლების ჩვენებების საფუძველზე, სასამართლომ შეურაცხადად ცნო და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა. ცოტა ხნის წინ, ჟურნალ ''გზასთან'' მიცემულ ინტერვიუში გვანცას დედა, ქალბატონი შორენა ეჭვს გამოთქვამდა, რომ ვანო საავადმყოფოდან გამოწერეს და მისი შვილი დაუცველი იყო. ეს მართლაც ასეა თუ არა, დანამდვილებით ვერავინ გვეტყვის. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გვანცა შეყვარებულია და მას გვერდით დამცველი ახლა უკვე ნადვილად ჰყავს.
ეს ახალი კარგი ამბავი გვანცამ 4 ივნისს ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. მისი რჩეული ნიკა ხვედელიძე გახლავთ. წყვილს ფოტოები გადაღებული აქვთ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. გვანცას დედამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, პირად საუბარში კი დაადასტურა, რომ გვანცას ცხოვრებაში სიახლეა და წყვილი მალე დაქორწინებას აპირებს. ჩვენ გვანცასაც დავუკავშირდით, მაგრამ ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა.