კავკასიის ქედზე მიმდინარე რღვევა ცხრაბალიან მიწისძვრას გამოიწვევს, რასაც თბილისის შენობები ვერ გაუძლებს!

ყოფილი პარლამენტარი, ასოციაცია „მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელძღვანელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე გაზეთ „ყველა სიახლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „თბილისი ახლავე შეიძლება გამოცხადდეს სტიქიური უბედურების ზონად!“, აცხადებს, რომ კავკასიის ქედზე მიმდინარეობს რღვევა, რის გამოც ცხრაბალიანი მიწისძვრა გარდაუვალია.


„ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ რვაბალიანი მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისი შეიძლება იქცეს ერთ დიდ საძმო სასაფლაოდ, ამ ქალაქისაგან აღარაფერი დარჩება! დროა, ხელისუფლებამ გამოიღვიძოს, თორემ თბილისი განწირულია საშინელი კატასტროფისთვის. გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, აკადემიკოს თამაზ ჭელიძეს მაინც დაუჯერეთ:
კავკასიის ქედზე მიმდინარეობს რღვევა, რის გამოც ცხრაბალიანი მიწისძვრა პოტენციურად გარდაუვალია. დაბეჯითებით ვამბობ, რომ თბილისში არც ერთი რვაბალიანი კორპუსი არ აშენებულა. ამას რომ ვამბობ, ხელს ვუშლი ყველას, ვინც ამ ბიზნესშია, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უჩივლია ჩემთვის, იმიტომ, რომ თვითონაც კარგად იციან, რა აქვთ ნაშენები. ჩვენსავით პატარა ქვეყანაა ისრაელი, მაგრამ მათი მშენებლობის სამინისტრო 30 განყოფილებისაგან შედგება, სწორედ ამიტომ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სამშენებლო ნორმები და სტანდარტები. ყველაფერი მიშვებულია თვითდინებაზე, ყველა მშენებლობა ლამის ელიავას „შაბაშნიკების“ დონეზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით ღვთის ანაბარა ვართ დარჩენილი და ისევ ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიიის ლოცვა-კურთხევა თუ გადაგვარჩენს, თორემ მშველელი არსაიდან ჩანს!“, - აცხადებს რესპონდენტი.