რუსული პრესა ირაკლი ალასანიას შესახებ სკანდალურ მასალას აქვეყნებს

რუსული გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცი,“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და მასალას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, აშშ-ში, იმ რუსი დიპლომატის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რომელთანაც ის მეგობრობდა და რის შედეგადაც რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული სტატიიდან:
„ირაკლიმ, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო სამსახური ვაშინგტონში არსებულ საქართველოს საელჩოში. ალბათ ამაში თავისი როლი შეასრულა იმ ფაქტმა, რომ მამამისი, საბჭოთა „კაგებე“-ს თანამშრომელი, აფხაზეთის ომის დროს, სოხუმში მდებარე მინისტრთა საბჭოს შენობის შტურმის მომენტში დაიღუპა. საელჩოში მუშაობისას მან ამერიკელების ყურადღება მიიქცია და ბეჯითი ახალგაზრდა სასწავლებლად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სკოლაში წაიყვანეს.
იქ ირაკლი ალასანიამ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის შედგენილი სპეცმომზადების კურსი გაიარა. მას საქართველოს დაზვერვის უფროსის თანამდებობისთვის ამზადებდნენ. ალასანია მონაწილეობდა კიდეც აშშ-ის კონტრდაზვერვის მიერ ორგანიზებულ ოპერაციაში ერთ-ერთი ახალგაზრდა რუსი დიპლომატის წინააღმდეგ, რომელთანაც იგი მეგობრობდა. ოპერაციის შემდეგ რუსი დიპლომატი „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადეს და აშშ-დან გააძევეს.
კიდევ ერთი მცირე დეტალი: ამბობენ, რომ ირაკლი ალასანიამ მოსკოვში მამამისის ყოფილ თანამშრომლებს - „კაგებეშნიკებს“ მიმართა და მშობლის ნეშტის მონახვაში დახმარება სთხოვა. დღემდე გაურკვეველია, მათ დახმარება არ მოისურვეს თუ ვერ შეძლეს (ირაკლის მამა - მამია ალასანია აფხაზებმა ჟიული შარტავასთან და მის ჯგუფთან ერთად დახვრიტეს)“ - წერს გამოცემა.