„აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გუშინ მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დეტალები. ტრაგედიას 8 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ვაჟა-ფშაველას 65-თან მოხდა, სადაც მსუბუქმა ავტომანქანამ 8 წლის ბავშვს ორჯერ გადაუარა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ბავშვი სკეიტბორდზე დაწოლილი სეირნობდა, მძღოლმა ის ვერ შეამჩნია, მანქანა დაძრა და გადაუარა, ხოლო ხალხის ყვირილზე დაიბნა, უკვე გაჩერებული მანქანა უკუსვლით დაძრა და ბიჭს კიდევ ერთხელ გადაუარა. ბავშვი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
ავტომანქანის მძღოლს მიმალვა არ უცდია. მას შემდეგ, რაც ტრაგიკული შედეგის შესახებ შეიტყო, ახალგაზრდა მამაკაცი კედელთან მიიჭრა და თავს იმდენ ხანს ურტყამდა კედელს, სანამ გონება არ დაკარგა. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„აფხაზეთის ხმა“ არ ასახელებს ავტომანქანის ნომერს, ასევე მძღოლისა და გარდაცვლილი ბავშვის გვარებს. როგორც გარდაცვლილის ახლობელმა „აფხაზეთის ხმას“ უთხრა, ოჯახი ჩივილს არ აპირებს, რადგან „მორწმუნე ოჯახია და კარგად დაინახეს, როგორ ნანობდა ახალგაზრდა კაცი მომხდარს“. ამის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, მიმდინარეობს გამოძიება.
8 წლის ბავშვი ოჯახში ყველაზე უმცროსი იყო. მას ექვსი და-ძმა ჰყავს.