ქართველი ემიგრანტი, რომელიც ფულს ვირთხებით შოულობს - იტალიელი მძღოლების ძარცვის უნიკალური მეთოდი

ბევრი ქართველი ევროპაშია წასული და იქ ცდილობს ფულის შოვნას. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მათი უმეტესობა იქ უკანონო გზით შოულობს ფულს; ძირითადად მაღაზიებიდან ამა თუ იმ ძვირადღირებული საქონლის მოპარვით და გაყიდვით ირჩენენ თავს. თენგო მაისურაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც წლებია უკვე გერმანიაშია:

- როცა წავედი მაშინვე ვიცოდი, რომ აქ სამსახურის ძებნას არ დავიწყებდი. ჩემი მეგობრები იყვნენ წასულები და იმათ მასწავლეს აქაური ცხოვრების ანა-ბანა.


- ანუ მოპარვა დაიწყე?
- კი, დავიწყე, თუმცა როგორც მითხრეს, ვერ ვივარგე, რადგან ბევრჯერ "დავიწვი". სულ პოლიციასთან მქონდა პრობლემები და ჩემს გამო ბიჭებსაც პრობლემებს უქმნიდნენ. ამიტომ გადავწყვიტე ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც უფრო გამომივიდოდა. ბავშვობაში სირბილზე დავდიოდი და საკმაოდ სწრაფი ვარ. ერთ-ერთ საიტზე წავიკითხე, რომ იტალიაში აკეთედნენ შემდეგ რამეს: შუქნიშანთან როცა ჩერდებოდა მანქანა, თუ ფანჯარა იყო ჩამოწეული, შიგ აგდებდნენ ვირთხას. ბუნებრივია, შეშინებული მძღოლი გარბოდა და ცარიელ მანქანას ასუფთავებდნენ. ეს ყველაფერი გავუმხილე ჩემ სამ მეგობარს და დავიწყეთ ასე მოქცევა.

- პოლიციის არ გეშინოდათ?
- რა თქმა უნდა სახიფათო იყო, მაგრამ ქურდობა ამაზე რითია ნაკლები?! ვარჩევდით ისეთ მანქანას, რომლის მძღოლიც ქალი იყო, რადგან ქალებს უფრო ეშინოდათ. მერე ვხსნიდით "ბარდაჩოკს" და თუ რამე ედო, ვიღებდით, ასევე ვიღებდით იმასაც, რაც მანქანაში იდო. ორჯერ ლეპტოპიც კი "გამოგვყვა" ხელს. როგორც წესი ნაღდი ფული იშვიათად ედოთ ხოლმე, მაგრამ ყოფილა შემთხვევა როდესაც 100-200 ევრო ჰქონიათ...

- მერე პოლიცია რას აკეთებდა ამ დროს?
- ჯერ ვხედავდით ახლო-მახლო თუ იდგა პოლიციელი და მერე ვაკეთებდით საქმეს. ერთხელ მე და ერთხელაც ჩემი მეგობარი დაგვიჭირეს, მაგრამ ვერაფერი დაგვიმტკიცეს და გამოგვიშვეს. საერთოდ, ერიდებიან საქმის გართულებას და ალბათ ამიტომ გამოგვიშვეს. ერთხელ ერთ ქალბატონს ჩავუგდეთ და არ ვიცი გიჟი იყო თუ ვინ იყო, მაგრამ დაიჭირა ეს ვირთხა და გადმოაგდო მანქანიდან, მაგრამ ეს იყო

იშვიათი შემთხვევა, როგორც წესი, მიზანს ვაღწევდით ხოლმე.

- ახლა რას საქმიანობ?
- რომ გითხართ ვმუშაობ მეთქი, დამიჯერებთ? ისევ ამ საქმით ვცდილობ რაღაცების კეთებას. ნელ-ნელა ფულსაც ვაგროვებ. 4 ვირთხა მყავს სახლში და როგორც შვილებს ისე ვუვლი, აბა რა ვქნა, ეგენი მაჭმევენ პურს. მინდა რამე სამსახურივით ვიშოვო, ერთი გერმანელი მპირდება და ვნახოთ, თუ მართლა დამაწყებინა, მერე შევეშვები. კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და სანამ წამოვიდოდი ერთ-ერთ კომპანიაში IT დეპარტმანეტში ვმუშაობდი, მაგრამ იმდენად დაბალ ხელფას მიხდიდნენ, გაჩერებაც არ ღირდა. მოკლედ, თუ დავიწყე მუშაობა ხო კარგი, თუ არადა, ვიდრე დეპორტაციით გამომაბუნძულებენ, მანამდე ვირთხებით ვიშოვი ფულს...

- არ განიცდი შენს ასეთ საქმიანობას?
- მე ვირთხებით ვშოულობ და მაგრად მიტყდება, მაგრამ ვინც ვირთხობით შოულობს, იმას ჰკითხეთ რას განიცდიან. თან ყველა ეგეთი მთავრობაში გყავთ და მიგნება არ გაგიჭირდებათ.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge