ქეთი მელუა კანონების შეცვლას ითხოვს -მომღერლის პირველი კომენტარი სკანდალის შემდეგ

ორგანიზაცია Christian Aid-მა ქართველი მომღერალი ქეთი მელუა გააკრიტიკა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო გადასახადებისგან თავის არიდების გეგმაში. როგორც გამოცემა The Times რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა, ქეთი და სხვა ცნობილი ადამიანები, მათ შორის ჯორჯ მაიკლი, გერი ბარლოუ, მაიკლ კეინი და Arctic Monkeys-ის 4 წევრი იმ 1600 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც შეეცადნენ დაემალათ 1.2 მილიარდი გირვანქა სტერლინგი Liberty გეგმის მეშვეობით. 

ინფორმაციის მედიაში გავრცელების შემდეგ მომღერლის ახლობლები Ambebi.ge-ს დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქეთი მელუა გადასახადებისგან თავის არიდებას ცდილობდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 
ბრალდებებს ქეთი მელუა საკუთარ ვებგვერდზე გამოეხმაურა და განცხადება გამოქვეყნა, რომელშიც ის დეტალურ განმარტებას აკეთებს. 


"ახლახან სხვებთან ერთად გაზეთებში მომიხსენიეს; სტატიები ეძღვნებოდა გადასახადებისთვის თავის არიდების/შემცირების საქმეს. 19 წლის ასაკში საკმარისად იღბლიანი ვიყავი იმისთვის, რომ მუსიკალური კარიერით ფული მეშოვა. 20 წლის ასაკში ფინანსურ ექსპერტებსა და მრჩეველებს ვენდე, რათა მეგზურობა გაეწიათ იმაში, თუ როგორ დამებანდებინა ფული. ფოკუსირებული ვარ მუსიკის შექმნაზე. რისი გახსენებაც შემიძლია, ისაა, რომ 2008 წელს, როცა 

Liberty-ს გეგმა წარმიდგინეს, ეს არ იყო განხილული როგორც "აგრესიული გადასახადების თავის არიდების გეგმა". პროექტი წარადგინეს როგორც "კაპიტალდაბანდების გეგმა", რომელსაც გააჩნდა პოტენციალი, კანონიერად შეემცირებინა ყოველწლიური შემოსავლის გადასახადი. სრულიად ლეგალური და კანონიერი. ამიტომ ხელი მოვაწერე. მოგვიანებით HMRC-მ ეს მოიკითხა და წლების წინ გადასახადები სრულად დავფარე. 

თუ კანონში ორაზროვნებაა, ეს კანონები უნდა შეიცვალოს, რათა მსგავსი გეგმები აიკრძალოს. ასეთ შემთხვევაში, ექპერტები ამ გზით პროექტებს აღარასდროს წარუდგენენ ნაკლებად გამოცდილ ხალხს, ისეთს, როგორიც მე ვარ ამ საკითხში. იმედი მაქვს, დებატების შემდეგ ყველაფერი პოზიტიურად შეიცვლება", - წერს მელუა.