მართალია, ჯობს სხვებმა იომონ - პარლამენტის წევრს სამხედრო სამსახურში არ გაიწვევენ

პარლამენტის წევრს სამხედრო სამსახურში არ გაიწვევენ. სამაგიეროდ გაწვევას მეცნიერები და პედაგოგები დაექვემდებარებიან, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონის გათვალისწინებით , იმ პირთა ჩამონათვალში არიან, ვისაც კანონი სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ათავისუფლებს.
ეს ერთ-ერთი ცვლილებაა იმ ცვლილებათა პაკეტიდან, რომელიც მთავრობამ მოამზადა. პროექტის ავტორი რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.
"სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან თავისუფლდებიან: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად ცნობილი პირი; პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალებში გაიარა; პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი; პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს; პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას; ერთადერთი ვაჟი ოჯახში, რომლის ერთი წევრი მაინც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ან სამხედრო სამსახურის გავლისას. ასევე, პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გაათავისუფლოს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული წვევამდელი.
აღნიშნული ჩამონათვლიდან ხდება იმ პირთა ამოღება, ვინც პედაგოგიურ ან სამეცნიერო მუშაობას ეწევა. ჩამონათვალს ემატება "საქართველოს პარლამენტის წევრები".
მოქალაქის სამხედრო სამსახურში გაწვევის მაქსიმალური ასაკი 27 წელია;  წინა მოწვევის პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით,  21 წლამდე შემცირდა სადეპუტატო ასაკის ცენზი.
საკანონმდებლო პაკეტის პარლამენტში განხილვა დაწყებულია.