როგორ მოხვდნენ ერთ სუფრასთან ანი მიროტაძე და ვანო მერაბიშვილი

ნტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფოტო, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრი, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატი ანი მიროტაძე და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი არიან გადაღებული. რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სად და რა ვითარებაშია ფოტო გადაღებული და რა საერთო აქვს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელს ყოფილ მაღალჩინოსანთან- აღნიშნულთან დაკავშირებით Mediamall.ge ანი მიროტაძეს ესაუბრა.

,,მე ვაპირებდი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას, ჩემი ფეისბუქის გვერდზე და კარგია რომ მირეკავთ. მე ეს ფოტო ნანახი არ მაქვს და ვინ და რა ვითარებაში გადაიღო არ ვიცი"-აცხადებს დეპუტატი.

როგორც ანი მიროტაძე ამბობს, ის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, მხოლოდ ერთხელ შეხვდა.

,,მე მქონდა ერთადერთი შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. რამდენიმე დღის დასრულებული იყო ომი და ჩვენი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ კარალეთში. დაგვირეკეს ჟურნალისტებს, რომ მეორე დღეს უნდა მივსულიყავით შსს-ში.  მაშინ იქ ვიყავით ყველა მოქმედი საინფორმაციო საშუალების ხელმძღვანელი და წამყვანი ჟურნალისტი, დაახლოებით 100-მდე ადამიანი. სამინისტროში გავიგეთ, რომ მივდიოდით კარალეთში ჩვენს ჯარისკაცებთან შესახვედრად. ამაში საოცარი არაფერი არ იყო, რასაკვირველია მე წავედი. ჯერ ერთი ვიყავი ჟურნალისტი და რომც არ ვყოფილიყავი, ეს იყო პერიოდი, იმის მიუხედავად, მომწონდა თუ არა ჩემი ხელისუფლება მისი ნებისმიერი წარმომადგენელი, ვფიქრობდი და ვფიქრობ დღესაც, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ერთად ყველანი".

,,ქართული ოცნების" დეპუტატი და ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ კარალეთში 100-მდე კოლეგასთან ერთად  ჩავიდა, სადაც შეხვდა ვანო მერაბიშვილს. თუმცა რაც შეეხება ფოტოს, ვინ გადაიღო და როდის, აღნიშნულს ვერ იხსენებს. პარლამენტარი არ გამორიცხავს, რომ ფოტო შესაძლოა შსს-ს შესაბამისი სამსახურების მიერ იყოს გადაღებული.

,,ჩვენ ჩავედით კარალეთში და ჯარისკაცების გარდა, იქ დაგვხვდა ვანო მერაბიშვილი, შშს-ს სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. პირველად ვიყავი იმ ადგილზე და პირველად და ბოლოჯერ შევხვდი ვანო მერაბიშვილს. არც მანამდე ვიცნობდი და არც იმის შემდეგ არ მქონია ურთიერთობა. იყო სუფრა, ამას ვადასტურებ, ამ სუფრასთან იჯდა ყველა ის ჟურნალისტი, ვინც ჩემთან ერთად იმყოფებოდა, შეხვედრა გაგრძელდა დაახლოებით 3 საათამდე. შეიძლება ცოტა მეტიც, ზუსტად არ მახსოვს. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რა მოხდა რეალურად, რასთან გვქონდა საქმე, როგორი მდგომარეობა იყო და ა.შ".

როგორც მიროტაძე აცხადებს, კარალეთში, მედიასაშუალებების არცერთ წარმომადგენელს ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის, თან არანაირი აპარატურა არ ჰქონია.

,,ეს ფოტოები, ყველა შემთხვევაში გადაღებული უნდა იყოს შსს-ს შესაბამისი სამსახურის მიერ. თუმცა, არ მახსოვს თუ იღებდნენ და თუ ასე იყო, ამაშიც არაფერი ისეთი არ არის. უბრალოდ ეს იყო შეხვედრა, რომელიც მათი ინიციატივით შედგა და ჩვენ არ მოგვითხოვია. რომც მოგვეთხოვა, როდესაც ომია შენს ქვეყანაში და როდესაც არსებობს კითხვები, ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. ეს არ იყო შეხვედრა გართობისთვის, ეს იყო შეხვედრა მათი მოთხოვნით",-აცხადებს დეპუტატი.

კითხვაზე, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს, დღეს აღნიშნული ფოტოს გამოქვეყნება, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მიროტაძე გვპასუხობს;

,,ალბათ ფოტო გადაიღო მაშინდელმა შსს-ს პრესსამსახურმა, თუ ამ ლოგიკას გავყვებით, უნდა მიხვდეთ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს და ვის შეიძლებოდა ჰქონოდა ეს ფოტო".

,,კიდევ ვამბობ, ამ ფოტოში არაფერი საოცარი არ არის. ღმერთმა ყველანი დაგვიფაროს, მაგრამ ხვალაც რომ იყოს ასეთივე სიტუაცია, ზუსტად ასეთივე კრიზისული და მძიმე მდგომარეობა რომ იყოს, მე ვფიქრობ, რომ თითოეული მოქალაქე ამ ქვეყნის, უნდა დადგეს ერთმანეთის გვერდით. განსაკუთრებით მედიასაშუალებები"-განაცხადა ანი მიროტაძემ Mediamall.ge -სთან საუბრისას.



                                                                                                   ესაუბრა შორენა სურმანიძე