მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით "მატყუარა ხელისუფლება" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა წიწამურში ილიას ძეგლის რესტავრაცია მოითხოვეს და ხელისუფლება სიცრუეში დაადანაშაულეს. მათი თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა, 8 თვის წინ განცხადებები გააკეთეს, რომ ძეგლის გარემონტება იწყებოდა, თუმცა დღემდე ძეგლისთვის ხელი არავის უხლია. 
აქციის მონაწილეების განცხადებით, 9 წლის განმავლობაში ძეგლებსა და ეროვნულ მემკვიდრეობას არავინ უვლიდა და დღესაც ანალოგიური პოლიტიკა გრძელდება. 
როგორც ისინი აცხადებენ, კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა დავით ნარმანიამ არაფერი გააკეთეს, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაცია მომხდარიყო. აქციის ორგანიზატორები "ახალგაზრდა რეფორმატორები" იყვნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ დღეს გამაფრთხილებელი აქციაა და შემდგომში აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს, თუკი წიწამურში ილია ძეგლის რესტავრაციისთვის არაფერი გაკეთდება. 

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსფარანტები წარწერით: "მატყუარა ხელისუფლება", "ტყუილი ისჯება", "ნუ გახდები ბერბიჭაშვილი". 
"ახალგაზრდა რეფორმატორები" ამ კუთხით გააქტიურებას და უფრო ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებას სექტემბრიდან აპირებენ. 
ამასთან, დღეს განცხადება გაავრცელა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რომელშიც ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველის მუნიციპალური განვითარების ფონდი მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებს. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ამჟამად ფონდის დაკვეთით, საპროექტო კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში მდებარე ილია ჭავჭავაძის ძეგლის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტზე მუშაობს.