რაზე მიუთითებს, როცა აღმაშენებლის, ანუ "პლეხანოვის" გამზირზე ბარს დაცვის თანამშრომელი ჰყავს? ან იმ ბარში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ? როგორი სქემით მუშაობენ" აქ სექსმუშაკები? - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სახელწოდებით "ეს "პრასტიტუტკები" "პლეხანოვზე" კაფე-ბარებთან არიან შეკრულები და დახვეწილი სქემით მუშაობენ".
გამოცემას თემაზე უფლებადამცველი, "ანტიკორუფციული კავშირის" ხელმძღვანელი გიორგი ბურჯანაძე ესაუბრება, რომელიც აღნიშნავს, რომ მათმა ორგანიზაციამ "პლეხანოვის" ქუჩაზე მონიტორინგი განახორციელა პროსტიტუციასთან დაკავშირებით.
"მოგეხსენებათ, ახლა ზაფხულია, ჩვენთან ბევრი სტუმარი ჩამოდის და მათ გასაგონად ვიტყვი, რომელ დაწესებულებაში არ შეიძლება შესვლა, ყოველ შემთხვევაში, მივანიშნებ. თქვენ კი მოგიყვებით, როგორ კეთდება ფული სექსმუშაკების მიერ და როგორ არიან შეკრულები ამა თუ იმ კაფე-ბართან. ჩვენი დაკვირვებით, სექსმუშაკი ქალები ურთიერთობაში შედიან "პლეხანოვზე" მდებარე ბარების მეპატრონეებთან და მათ შორის ხდება ერთგვარი გარიგება. ეს გარიგება კი მდგომარეობს შემდეგში: ქალს ეუბნებიან, ჩემთან რომ შემოხვალ, შენი ამოცანაა, კლიენტს ჩემს ბარში დაახარჯვინო 50-დან 150 ლარამდე თანხაო", - ამბობს რესპოდენტი "ალიასთან" საუბრისას. ინტერვიუში ის მუშაობის სპეციფიკასაც აღწერს.
"თითოეულ მათგანს გეგმა აქვს შესასრულებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაცვის თანამშრომელი "პრასტიტუტკას" ბარში არ შეუშვებს. ანუ ესენი ერთად მუშაობენ და გეტყვით, რა არის მათი მუშაობის სპეციფიკა: სექსმუშაკი ზის ბარში თავის მაგიდასთან, შემოსული კლიენტი ჯდება ამ ქალთან, როგორც კი "პრასტიტუტკა" ამ განსაზღვრულ თანხას დაახარჯვინებს კლიენტს, კლიენტი მისია. ამის შემდეგ მას გაჰყავს კლიენტი და იქ ელოდება ტაქსი, მაგრამ მანამდე უნდა ვთქვა, რომ ეს თანხა ძირითადად ძვირადღირებულ სასმელში იხარჯება. იქვე ახლოს სასტუმროებიც არის და სასტუმროების გარდა, სექსმუშაკმა იცის, სად ქირავდება დღიურად ან საათობრივად ბინები. უნდა გითხრათ, რომ ეს კლიენტები ძირითადად უცხოელები არიან. კიდევ უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, უმეტესობა მძღოლია, მაგრამ ქალს გამახვილებული აქვს ყურადღება, რა თანხა აქვს მის თანმხლებ კლიენტს. თუ აღმოაჩნდა 1000 დოლარზე მეტი, მაშინ მუშაობს
შემდეგი სქემა: ქალბატონს ხელჩანთაში ან ჯიბეში აქვს აბები, პრეპარატის დასახელება ამ წუთში ზუსტად არ შემიძლია, მაგრამ ვიცი და ვიტყვი იმას, რომ ამ პრეპარატს აქვს შემდეგი ზემოქმედების უნარი: სასმელში გარევისა და მისი მიღების შემდგე, მსხვერპლი აბსოლუტურად ითიშება გონებრივად, ის პარალიზებულია. როგორც ეს კაცები მიხსნიან, ესმით, მაგრამ განძრევის თავი არ აქვთ. მსგავსი პარალიზება ხდება იმისდა მიხედვით, რა დოზითაა წამალი სასმელში ჩაყრილი, პრეპარატის მოქმედება გრძელდება ერთი საათიდან ორ საათამდე. ამის შემდეგ, ვიმეორებ, იმ შემთხვევაში, თუ ფული ათასი დოლარი და უფრო მეტი აქვს, მანდ კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობაა, სექსმუშაკი მას ფულთან ერთად აცლის პასპორტსაც…"
გამოცემამ კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს მიმართა.
"პროსტიტუციის გამოვლენასთან დაკავშირებით სამინისტრო აქტიურად მუშაობს, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, ამ მხრივ, პროსტიტუციის ფაქტზე არაერთი პიროვნება გვყავს დაკავებული, როგორც უცხოეთის, ისე საქართველოს მოქალაქე და, თუკი თემიდან გამომდინარე ვინმე დამატებით ინფორმაციას ფლობს და მოგვაწვდის, ჩვენ ამას შევისწავლით და აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას", - განუცხადა გიორგობიანმა "ალიას".