ქართველი ,,პროგრ(ს)ე(ქ)სისტების სირაქლემური მაჩოიზმი და მედიის პოსტ/ანტიფემინისტური მისტიკა (ნაწილი I)

ნუთუ ,,GDS’’-ზე გასული გადაცემა, გაშიშვლებულ-წაკუზული გოგონები და მათ დუნდულებზე ატეხილი ტკაცატკუცი არნახული, გამაოგნებელი და არაორდინარული მოვლენა იყო ქართულ ტელესივრცეში? სულაც არა. პირიქით: ეს ლოგიკური გაგრძელება, ან სულაც, დაგვირგვინება გახლდათ; ,,ქალური ლოგიკის’’, ,,ტოპგოგოს’’, ,,სამოთხის ვაშლების’’, ,,კაცების შოუს’’, ,,ყოფილი ცოლების კლუბის’’, ქართული ფალოცენტრიზმის სამი შუქურის - ,,ვანოს შოუს’’, ,,პროფილის’’, ,,ნანუკას შოუს’’, ასევე, ლიბერთი ბანკის, საქართველოს ბანკის, ,,ელიტ ელექტრონიქსის’’, ,,ჯიპიაი ჰოლდინგის’’ და კიდევ არაერთი კომპანიისა თუ გადაცემის მოზეიმე მაჩოისტური იდეოლოგიის დაგვირგვინება.
იმ გოგონების საჯდომებზე ტყაპუნი და მათი დაწითლებული დუნდულები ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული გენდერული იერარქიის ერთ-ერთი თვალსაჩინო სიმბოლოა;
ერთდროულად აუდიოც და ვიზუალურიც; გაგლამურებულიც, გაკიჩებულიც და გაპოპკულტურებულიც; უხერხულ პოზაში გახევებული, დაძაბული, გიტარის სიმივით დაჭიმული და მამაპაპურად ,,წაკუზული’’ მათი სხეულები პატრიარქატის წინაშე ქედმოხრილი, უფრო სწორად, მის ფერხთით განრთხმული ,,მეორე სქესის’’ მკვეთრი სურათ-ხატი, საუკუნო დამღა, ,,საფირმო ნიშანი’’, და ,,სავიზიტო ბარათია’’. ასეთი პატრიარქალური ხელი მილიონობით ქალს ხვდება ,,ქალის კულტის’’ ქვეყანაში; ხვდება და ძვლებსაც უმსხვრევს; ხვდება არა მხოლოდ საჯდომზე, არამედ - სახეზეც, ნეკნებშიც, მუცელშიც საძილე არტერიაშიც (ამჯერად, დანად გადაქცეული); ხვდება უფრო მწარედ, უფრო გამაყრუებელი ტკაცუნით და უფრო ბრუტალურად. ეს ერთი დიდი, კოლექტიურ-მაჩოისტური ხელია, რომელიც ქალს იმორჩილებს, ,,ადგილს’’ უჩვენებს და მის სხეულს, შვილოსნობასა და ორგაზმ-ანორგაზმიას ტოტალურად აკონტროლებს.
იცვლება ეპოქა და მასთან ერთად, კაცის გემოვნებაც; პატრიარქატიც სახეს იცვლის, უთვალავ ნიღაბს ირგებს, ახალ-ახალ გენდერულ ნორმებს ამკვიდრებს და ქალთა ხატებიც უფრო და უფრო მრავალფეროვანი და პოსტმოდერნულად ეკლექტური ხდება. ,,გენდერული სტერეოტიპები ტრანსფორმირდება სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური პროცესების ზეგავლენით, მაგრამ არ იცვლება ერთი რამ: ის, რაც `მამაკაცურად~ ითვლება, საზოგადოებაში ხასიათდება, როგორც პრიორიტეტული, დომინანტური, ყოველივე `ქალური’’ კი მეორეხარისხოვანი და დაქვემდებარებულია.’’-წერს ია მერკვილაძე.
პატრიარქალურ წყობას ჰაერივით და წყალივით სჭირდება როგორც ,,წმინდა’’, ხელშეუხებელი, ვნებებისა და სექსუალური ლტოლვებისაგან ,,გათავისუფლებული’’ სპეტაკი ქართლის დედები, ალგეთის ლეკვების მშობლები, ბაზალეთის ტბის ძირას მწოლი ყრმისთვის მადლითცხებული ძუძუს მომწოვებელი დიაცები, მზრუნველი დიასახლისები და ყრუ-მუნჯი, თვალებამოლურჯებული ცოლები, ასევე, მკერდ-საჯდომმოშიშვლებული, ,,ზნედაცემული’’ და ,,ავხორცი’’ Femme Fatale-ები. სწორედ ესაა მასკულინური დომინაციის ანიც, ბანიც, ჰოეც, ხარიც, იოტაც და პური არსობისაც. ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ კატეგორიებში (პატიოსანი VS ბოზი) ქალების მომწყვდევა პრეისტორიული ხანიდან მოდის. სწორედ კაცობრიობის არსებობის გარიჟრაჟზე ჩაეყარა საფუძველი ,,მარადი ქალის’’ მითს. სპეტაკი დედა VS ,,პადზაბორნაია შლიუხა’’ მიმართების ვიწრო ჩარჩოში ქალის სხეული წარმოჩინდება ნოყიერ ნიადაგად, იდეალურ სათბურ-კონტეინერ-ინკუბატორად, კრუხად, ან კიდევ, სიამოვნების წყაროდ, გასართობ ნივთად, ჰეტერად, თავშესაქცევ კურტიზანად, თოჯინად, მეორეხარისხოვან, დაქვემდებარებულ არსებად (და არავითარ შემთხვევაში - ავტონომიურ, თვითმყოფად და სუვერენ სუბიექტად), რომლის ერთადერთი მიზანი და დანიშნულება კაცის მსახურება და მისთვის ფიზიკურ-ფსიქოლოგიური კომფორტის შექმნაა. ის გოგონა, რომელიც იძულებულია, ქალწულობას თვალისჩინივით გაუფრთხილდეს (თუკი ,,შეცდება’’, დაუყოვნებლივ, გამალებით უნდა ,,დაგუგლოს’’ ქალწულობის აღდგენის ცენტრები), ის ქალიც, რომელსაც ქმარი სცემს და GDS-ის სტუდიაში ატყაპუნებულ-აწითლებულ-ალეწილი გოგონებიც თანაბრად ემორჩილებიან პატრიარქალურ წყობას. მართალია, ისინი ცა და მიწასავით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და მათი კულტურულ-სოციალური რეპრესიის თამასაც არათანაბარია, მაგრამ ერთი რამ აერთიანებთ - უნდა იყვნენ ისეთი, როგორიც კაცებს სურთ. ევა-მარიამი, ლილითი-მარიამი, ბოზი-არაბოზი, ევა-შუშანიკი, წმინდა-ათას ყ@@ზე გადამხტარი და სხვა ბინარული ოპოზიციები ანდროცენტრიზმზე, ძალმომრეობასა და კაცის უპირატესობაზე დამყარებული სისტემის კიდევ უფრო განმტკიცების იდეალური საწინდარია. რადიკალური დიქოტომია (სათნო და წმინდა vs ბინძური და ავხორცი) არაფერს ცვლის. ყველა ტიპის ქალის წმიდათაწმიდა ფუნქცია ,,პირველი სქესის’’ სურვილების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაა. ქართლის დედა პატრიარქალური კულტურისაგან რეპრესირებული ქალის სიმბოლოა; ბაზალეთის ტბის ძირას მწოლი მესიის მშობელი ეროვნული გეგმის, რანთა და კახთა მეფის აღზევებისა და საუკუნოვანი დიდების დაბრუნების საწინდარია; მისი ერთადერთი ,,ნებადართული’’ იდენტობა დედობა და დიასახლისობაა; სამშობლოს შვილი უნდა აღუზარდოს და თავისი ბიოლოგიურ-სოციალურ-რელიგიური ვალი პირწმინდად მოიხადოს. ,,აქ არის დედავ, შენი მაღალი დანიშნულება და საღმრთო ვალი! აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს!’’-წერს ილია ჭავჭავაძე ,,ქართვლის დედაში’’. მისი განივთება-ობიექტივაცია არ ეგების. თუ ეს მოხდება, ,,მარადი ქალის’’ სიწმინდის კონცეფცია ძველი კედელივით ჩამოიშლება და გაცამტვერდება. არც მისი ანტიპოდი - ე.წ. ,,ახალი ქალი’’ არაა თავისუფალი. პირიქით: ისიც მაჩოისტური ინტერესების წინაშე იდრეკს ქედს. ის გახლავთ არა ჭეშმარიტად ემანსიპირებული, ფემინისტური იდეებით გულანთებული და საკუთარი უფლებების, დამოუკიდებლობისა და სხეულის ხელშეუხებლობის დასაცავად მუხლჩაუდრეკლად მებრძოლი ქალი, არამედ - ისევ და ისევ საუკუნოვან პატრიარქალურ მარწუხებში მომწყვდეული გლამურული რუსკა, თიკო, ანკა, ნინკა, თამჩო და ნუკი, რომელთაც ასე ხშირად ვხედავთ “იმედზე”; ისაა “ქალური ლოგიკის” დარბაზიდან ახლახან გამოსული მოდელი, რომელმაც კიდევ ერთხელ განამტკიცა მოსაზრება, რომ ქალთა სქესი ჩლუნგია; ისაა ,,ჯიპიაი ჰოლდინგის‘‘ ბანერზე გამოსახული ქალი, რომელსაც პომადა გაედღაბნა. თავდადებული დედებისა და დიასახლისების გვერდით ჩნდება კეკლუცი, სექსუალური, თუმცა, მაინც პასიური, სულელი, სუსტი და დამყოლი ,,მეორე სქესი‘‘, ერთგვარი Pin-up girl, სექსობიექტი და მოხმარების პროდუქტი, კედელზე ასაკრავი ,,ნაშა’’; ისაა ყველგან და ყველაფერში, სადაც მამაკაცები ბატონობენ.
ეს გოგონები და GDS-ის სტუდიის სკამებზე დამხობილი ქალები ქართლის დედას საერთოდ არ ჰგვანან, მაგრამ ისინიც პატრიარქალური აზროვნების ნაყოფნი არიან. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ბაზალეთის ტბის ძირას მწოლი მესიის დედა პატრიარქატის ერთ მოთხოვნას ემორჩილება, გრძელფეხება, მოდის ინდუსტრიისგან განივთებული, სილიკონით გამოტენილი ,,ნაშა’’ კი მეორეს. იცვლება არა პატრიარქალური პარადიგმა, არამედ - ქალის როლი, რომელიც ისევ და ისევ მამაკაცის ქალზე უპირატესობის დოგმას, ,,პირველი სქესის’’ ,,პოლიგამიურ-დამპყრობლური ბუნების’’, ქალის მონოგამიურ-მაზოხისტური ,,მისწრაფებების’’ იდეასა და პატრიარქალურ ჰეგემონიას ემორჩილება. ერთი მჩაგვრელი რეჟიმიდან მეორეში გადასვლა არ ნიშნავს ქალის ემანსიპაციას. საჭიროა სისტემის მთლიანი, საბოლოო დეკონსტრუქცია და არა - ზედაპირული ცვლილება.
არც კი უნდა გვიკვირდეს, რომ მედია და პოპკულტურა ქალთა სტერეოტიპულ ხატებს მაჩოისტური სიამაყით ავრცელებს. რატომ? GDS-ზე არაორდინარული არაფერი მომხდარა. ყოველივე ეს იმის შედეგია, რომ ვერ იქნა და დღემდე საკადრისი პასუხი ვერ გაეცა ,,იმედს’’ (,,ქალურ ლოგიკაში’’ ქალების ,,სიშტერეზე’’ მოხითხითე კაცებისა და ქალის უტვინო ნეკნად წარმოჩენის გამო), ვერც ,,ალუდას’’ (რომლის კლიპშიც უცხოელი სტუმარი ჯერ ქალს ხმარობს, მერე კი ლუდს სვამს და თვითკმაყოფილი, შინნაზარდი, მწიფე ლეღვის იერით აცხადებს: ,,ალუდა ლუდას სჯობია!’’), ვერც ლუდ ,,ლომისს’’ (რომლის ვიდეოშიც მკერდმოღეღილი ქალი კლიენტ კაცს აცდუნებს და ლუდის ყიდვასაც მოანდომებს. თანამეინახეების ყიჟინით, აჭარხლებული სახეებითა და ომახიანი შეძახილებით - ამ დიდი მასკულინური საბჭოსაგან მინიჭებული ,,მწვანე ბარათით’’ შეგულიანებული გურამ ჯაში მარიანა ნინიაშვილს ,,გვერდზე გაიყვანს’’ და მამაპაპურად იხმარს. თმააწეწილი, ტანსაცმელშემოხეული მარიანა კვლავ დარბაზში შემოდის და ამბობს: ,,ძლივს არ გავგრილდი?!’’ ღიმმორეული ბატონი ჯაში კი ,,მამაკაცური ღირსებისა’’ და შეხსნილი ქამარ-შარვლისაკენ იშვერს ხელს, რათა ეჭვი არავის შეგვეპაროს, რომ თავისი ვალი პირუთვნელად მოიხადა - ქალი მამაპაპურად მიაჟიმ-მიბილწა, მისი ,,მეორესქესიანობისა’’ და მაზოხიზმის ჰიპოთეზა კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ქართული სუფრის აკადემიას ქალთა ემანსიპაციისაგან შერყეული ბურჯი სამარადჟამოდ გაუმყარა)
,რუსთავი II-ზე ლუდი "ლომისის" პიარკამპანიამ უმტკივნეულოდ ჩაიარა. ჩემმა მცდელობამ - მასმედიაში ("დილის გაზეთი", 12.06.04.) ამ რეკლამის სამართლებრივი შეფასების საკითხის დაყენების შესახებ უშედეგოდ ჩაიარა, ისევე როგორც ტელეარხ "იმედში" ამ პრობლემის გაცხადებამ (ჯანრი კაშიას გადაცემიდან ჩემი განცხადება "ამოიღეს" – 21.05.04).’’-წერს ია მერკვილაძე.
უბედურების თავი და თავი ისაა, რომ არ არსებობს არავითარი ზემდგომი ორგანო, რომელიც თვალს მიადევნებს მედიაში ქალთა რეპრეზენტაციის საკითხს და შესაბამის მკაცრ სანქციებსაც შეიმუშავებს. არც კი უნდა გვიკვირდეს, რომ მედია და პოპკულტურა ქალთა სტერეოტიპულ ხატებს მაჩოისტური სიამაყით ავრცელებს. რატომ? ყოველივე ეს იმის ბრალია, რომ პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, მომღერლების, მსახიობების, სპორტსმენებისა და სხვა ცნობილი სახეების (რომელთაც როგორც პროფესიული, ასევე, სოციალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ) სექსისტური განცხადებები ,,უხმაუროდ’’ ჩაივლის ხოლმე; ეს იმიტომ ხდება, რომ პატრიარქალური კულტურით გაჟღენთილ, ,,ქალის კულტის’’ ქვეყნაში ქალი ,,მეორე სქესია’’ და მისი დაკნინება და აბუჩად აგდება ,,მისაღებია’’; ქალის ჩაგვრის გამართლება შესაძლებელია ეროვნული სიამაყით, კულტურით, რელიგიით, ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებით, ევას შეცოდებით, ,,დაბადებაში’’ აღწერილი ქალის წყევლით, კაცური ღირსებით, ტრადიციებით, გაგებით, მეობით, წინაპართაგან ნაანდერძევი ადათებით, ქართული სულით და სისხლით; ამ ქვეყანაში ქალის განივთებას სერიოზული სამოქალაქო პროტესტი, დიდი აჟიოტაჟი და აურზაური არასოდეს მოჰყოლია და ამიტომაც, მასმედიის ,,მამები’’ და ,,ტელევიზიონშიკები’’ სექსისტური იდეების ტირაჟირებას არ უფრთხიან. ყველაფერი იმის ბრალია, რომ ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ დავით მარსაგიშვილს მცირე ,,საყვედურიც’’ კი ვერ შეჰკადრა, როცა ამ ახოვანმა ჯეელმა განაცხადა, რომ ქალი საცემია, როცა ტლიკინებს; რომ ჯერ კაცია და მერე - ქალი; რომ გენდერული თანასწორობა მიუღებელია და ა.შ. ზემოხსენებული დაწესებულება სპორტსმენის თავგამოდებით დაცვა-გამართლებასაც კი მოჰყვა. ყველაფერი იმის ბრალია, რომ მომღერალ ბორის ბედიას უმტკივნეულოდ ,,მიუტევეს’’ ქალების საჯაროდ აუგად მოხსენიება და თანასწორობის მომხრე მამაკაცისთვის ჭიტლაყის ამოკვრის დაუოკებელი ჟინის გამოაშკარავება; ასევე უმტკივნეულოდ ,,გაატარა’’ ქართულმა ,,მრავალსაუკუნოვანმა ქრისტიანულმა კულტურამ’’ მსახიობ დავით როსტომაშვილის უკიდურესად სექსისტური და ქალის დამამცირებელი სიტყვები (,,პროფილის’’ მაყურებლის მქუხარე ტაშიც კი დაიმსახურა). ყველაფერი იმის ბრალია, რომ ნუგზარ ერგემლიძეს (ვგონებ, ყოფილ პარლამენტარს) ქალის რტყმევა-დასისხლიანების სურვილის გაცხადება (ქალის ,,მაზოხისტური ბუნების’’ მოშველიებით) მეტისმეტად იოლად ,,გაუვიდა’’, როგორც პოლიტიკურ, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე; ევროპაში კი ეს ანტიქალური ბოდვა, მინიმუმ, მის მანდატს შეიწირავდა; ყველაფერი იმის ბრალია, რომ ,,საქართველოს ბანკს’’ არ დააკისრეს სოლიდური ჯარიმა, როცა ამ ორგანიზაციამ საკუთარი ვიდეოკლიპები ქალთა დამამცირებელი იდეოლოგიით აავსო, ქალი ნახმარ-მობეზრებულ მანქანასთან გააიგივა და კუკლუცი და ,,შტერი’’ სნეგუროჩკა თმით ათრია; ყველაფერი იმის ბრალია, რომ ,,ჯიპიაი ჰოლდინგის’’ ბიუჯეტს ერთი თეთრი არ დაჰკლებია სექსისტური აქციის გამო; ყველაფერი იმის ბრალია, რომ სახელმწიფომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს არ მოსთხოვა იმ სერვისის გაუქმება, რომელიც გასცემს მოვარაყებულ მოწმობებს იმის თაობაზე, რომ დედამთილისაგან, სადედამთილოსაგან, მშობლებისაგან, ნათესავებისაგან, საქმროსგან, ან ქმრისგან დაბორკილი, პატრიარქალურ სამსხვერპლოზე მითრეული და ქირურგულ მაგიდაზე დაგდებული გოგონას აპკის მთლიანობა ,,დაარღვიეს’’ და შესაბამისად, ის ოჯახში შესაშვები არაა. ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ეს კოლექტიური დანაშაულია და პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება.
კარგი იქნებოდა, თუკი ვინმე ეტყოდა GDS- ის მასკულინურ საბჭოს, ჯგუფ ,,ბანს’’ და ,,ბინა 18’’-ის წევრებს, რომ ქალის განივთებისა და ტყაპატყუპის გამო სკანდინავიურ ქვეყნებში მათ კარიერას სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, საფრანგეთის ქალთა უფლებების დაცვის მინისტრი, ნაჟა ვალო ბელკასემი კი თამარ ივერის ბედსაც კი მოანატრებდა მათ. თამარის, ნინოს, ღვთისმშობლის წიხვედრ და საერთოდ, ქალების ,,გამღმერთებელ’’ ქვეყენაში - საქართველოში, იქ, სადაც ქალის პატივისცემა ,,არ ეშლებათ’’, მათ სოციალურ პასუხისმგებლობას არავინ დააკისრებს მაჩოისტური, რეტროგრადული და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო.
,,GDS’’-ისა და ,,ბინა 18’’-ის გაოცებული პროდიუსერები - თემო მჟავია და კოტე თოლორაია აცხადებენ, რომ იქ სექსისტური არაფერი ყოფილა, გოგონები არავის დაუბამს, არ უცემია, ძალით არ მიუყვანია სტუდიაში და ა.შ. ამ გადაცემის ,,მასკულინურ საბჭოს’’ მაკონტროლებელმა ორგანომ (რომელიც ზემოხსენებული ვაჟკაცების მსგავსი ,,ელემენტებით’’ კი არა, ნამდვილად კომპეტენტური, გენდერულად სენსიტიური ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული) უნდა აუხსნას, რომ სექსიზმი მხოლოდ ქალის ცემა, სამსახურიდან სქესის გამო დათხოვნა და დასახიჩრებაა არაა; რომ არსებობს ქალის კულტრულ-სოციალურ-სისტემური ჩაგვრა, მისი ხორცის ნაჭრად, თოჯინად, სექს-ობიექტად ქცევისა და განივთების მახინჯი, პატრიარქალური პრაქტიკა, რომელიც უნდა ამოიძირკვოს და ა.შ. თუმცა, მეეჭვება, გენდერული მგრძნობელობის, ქალის ჩაგვრის, მედიის ფემინისტური კრიტიკისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების ლაბირინთში გზა გაიკვალოს ადამიანმა, რომლის სახელისა და გვარის დაგუგლვისთანავე ვპოულობთ მეტად კიჩურ და ანტიქალურ ვიდეოს სათაურით ,,მახინჯი ეკა’’.
მათ შეუძლიათ, მშვიდად განაგრძონ ქართული, შინნაზარდი მუტრუკიზმის იდეის ტირაჟირება და ქალების გასაგნება. ქალის მეორეხარისხოვნება ხომ კულტურად მიღებულ-გამართლებული და შესისხლხორცებულიც კია?