ნინო ლომჯარია: უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც გასცემდნენ დარბევის ბრძანებებს


"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა უკანონო იყო და ამის შესახებ განცხადებები ორგანიზაციამ ადრეც გააკეთა, თუმცა როგორც ლომჯარია news.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რამდენად იყო პროცესში ჩრთული პრეზიდენტი და რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, მისთვის უცნობია.

ამასთან, ლომჯარიას მიაჩნია, პირველ რიგში სამართალდამცავ ორგანოებში აქციის დარბევაზე გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. 

"ჩვენი მხრიდან მაშინ ნამდვილად იყო შეფასებები, რომ აქციის ასეთი ფორმით დაშლა იყო უკანონო, იმიტომ რომ 7 ნოემბრის გამთენიისას სამართალდამცველებს აქციის დაშლის საფუძველი არ ჰქონიათ და არ ყოფილა მომიტინგეთა მხრიდან კანონი დარღვეული. სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი და შეიზღუდა უკანონოდ გამოახტვის და შეკრების თავისუფლება, აქედან გამომდინარე პირველ რიგში სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და იმ პირების, რომლებიც გასცემდნენ ასეთი ტიპის ბრძანებებს და იღებდნენ ამაზე გადაწყვეტილებებს. უშუალოდ პრეზიდენტის როლი რამდენად არის აქ, ალბათ ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადასტუროს და რა მტკიცებულებები აქვს, სამწუხაროდ, ჩემთვის ამ პერიოდისათვის უცნობია",-განაცხადა ლომჯარიამ.


როგორც ლომჯარია განმარტავს, მასალების გასაჯაროვება სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში ადვოკატებს შეუძლიათ, თუმცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იქვე იმასაც დასძენს, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მისი გასაჯაროვებით პროკურატურაც უნდა იყოს დაინტერესებული. 

"როცა ბრალი წარედგინება ადამიანს, უნდა არსებობდეს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ პიროვნებამ ჩაიდინა დანაშაული. ამ ეტაპზე, ჩვენ მხოლოდ ბრალი მოვისმინეთ და არ ყოფილა პროკურატურის მხრიდან მსჯელობა მტკიცებულებებზე, ჩემთვის უცნობია საქმის მასალები. მასალები, ალბათ, შესაძლებელია გასაჯაროვდეს ადვოკატების მხრიდან, ალბათ, თუკი იქნება სასამართლოს ნებართვა, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თვითონ პროკურატურა უნდა იყოს დაინტერესებული მტკიცებულებების გასაჯაროვებით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს ყველაფერი იყოს საჯარო და გამჭვირვალე",-განაცხადა ლომჯარიამ. 

ცნობისათვის, პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები იქნა გამოტანილი: შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის და თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას მიმართ.

მიხეილ სააკაშვილი დღეს 11:00 საათზე მოწმის სტატუსით მთავარ პროკურატურაში, დაკითხვაზე იყო დაბარებული. სააკაშვილი დაკითხვაზე არ მივიდა. უწყება ექსპრეზიდენტის დედას გიული ალასანიას 27 ივლისს გვიან ღამით გადასცეს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე თვეა, რაც საქართველოში არ იმყოფება. 

ცნობისთვის, პირველად დაკითხვაზე სააკაშვილი 27 მარტს დაიბარეს. უარის მიღების შემდეგ კი პროკურორებმა ყოფილ პრეზიდენტს Skype-ით დაკითხვა შესთავაზეს, რაზეც ასევე უარი მიიღეს. მაშინ გამომძიებლებს კითხვები 10 საქმეზე ჰქონდათ.