შეკითხვის „შენ გქონია სექსი პლაჟზე?“ გამო ეკონომიკის მინისტრმა ბოდიში მოიხადა


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი სიგუას მიერ ზუგდიდში გაკეთებული განცხადების გამო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ბოდიში მოიხადა. საქმე ეხება 17 ივლისს „კაზანტიპის“ ფესტივალთან დაკავშირებით ზუგდიდში გამართულ შეხვედრას, სადაც საზოგადოების ნაწილის ნეგატიურ მოლოდინზე საუბრისას, რომ „ფესტივალი ქართულ ნორმაში არ ჯდება" გიორგი სიგუამ დაუსვა კითხვა შეხვედრის მონაწილე მარიკა თოდუას. „თქვენ რა სექსი პლაჟზე სასწაული გგონიათ? შენ გქონია სექსი პლაჟზე?-მე კი".


სწორედ მისი ამ სიტყვების გამო მოიხადა დღეს ბოდიში ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„მინდა საზოგადოების წინაშე მოვიხადო ბოდიში გიორგი სიგუას მიერ ზუგდიდში გაკეთებული განცხადების გამო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი სიგუა ზუგდიდში 17 ივლისს იმყოფებოდა. მან სამეგრელოს ტურისტული განვითარების ხედვაზე და „კაზანტიპზე“ სამოქალაქო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.