,,გიორგი გაბუნიამ უხეშად დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამი მუხლი''

2014 წლის 26 ივლისს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „არჩევანის“ ავტორისა და წამყვანის, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიმართ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ საჩივარი განიხილა.

ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, 2014 წლის 8 აპრილს, ღია ეთერში გაკეთებული განცხადებისა და გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, უხეშად დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამი მუხლი. კერძოდ:

მუხლი პირველი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“


მუხლი მესამე: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“

მუხლი მეხუთე: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“

ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, 2014 წლის 8 აპრილს, საავტორო გადაცემის პირველ სტუმართან, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს დროს, იმის წარმოსაჩენად, რომ მინისტრის მიმართ, ხელისუფლების ცალკეული ჯგუფის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართულ ანტაგონისტურ კამპანიას და ამ პროცესში, ხელისუფლების პოზიციას ახმოვანებდნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტის მხრიდან „ახალგაზრდა ადვოკატები“ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამონათვალში დასახელდა. მეტიც, ჟურნალისტმა ორგანიზაციის მიმართ გაავრცელა ფაქტის შემცვლელი ინფორმაცია, რომ მოქმედებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. „ქოლგის ქვეშ“, თუმცა ჟურნალისტს, აღნიშნული განცხადების დასასაბუთებლად, საზოგადოებისთვის არავითარი კონკრეტული მტკიცებულება არ დაუსახელებია/წარუდგენია.

საქმის განხილვის პროცესში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭომ ქარტიის დასახელებული სამივე მუხლის მიმართ, ორგანიზაციის თანადამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის არგუმენტაცია მოისმინა. საბჭომ დასვა შეკითხვები, რომელიც ეხებოდა საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს. მსჯელობა გამოიწვია ქარტიის პირველი მუხლის მიმართ დამოკიდებულებამ.

„მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის 1-ელი მუხლი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. როდესაც მინისტრთან კითხვა დაისვა, გიორგი გაბუნიას კითხვის შინაარსის დასადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ გააჩნდა. გადაცემის წამყვანმა და ავტორმა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ბევრის მხრიდან კავშირდება მოქმედ ხელისუფლებასთან“ და რომ „საკმაოდ სერიოზული ეჭვები არსებობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ მოქმედებდეს“. ამჟამად, განხილვის საგანია ის გარემოება, ჟურნალისტმა საზოგადოებას მოსაზრება შესთავაზა თუ ფაქტი. ჩვენი აზრით, ჟურნალისტმა, „ბევრი ადამიანის“ მოშველიებით, ასევე „საკმაოდ სერიზული ეჭვების“ დასახელებით, საზოგადოებას მიაწოდა არაზუსტი ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია იმის გამო, რომ ჟურნალისტმა ფაქტობრივი ე.წ. მხილების პროცესში, არავითარი მტკიცებულება არ მიუთითა. ის ფაქტი, რომ რაღაც ფაქტს „ბევრი ადამიანი“ ამბობს და არსებობს რაღაცის მიმართ ეჭვები, თავისთავად ნიშნავს, რომ ადგილი გვაქვს ვარაუდთან. შესაბამისად, საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ „ახალგაზრდა ადვოკატები“ შსს-სთან ფარულ კავშირებში იმყოფებოდეს, გიორგი გაბუნიასთვის სიმართლე ვერ და არ იქნებოდა, რადგანაც ჟურნალისტმა კითხვა მოარულ ხმებზე დაყრდნობით მოამზადა. შესაბამისად, საბჭო დგას ამოცანის წინაშე, რომელმაც ქარტიის პირველი მუხლის დასაბუთების დროს, არსებითად უნდა მოახდინოს განცხადების კონტექსტის შეფასება და პასუხი გასცეს კითხვებს: „რა არის სიმართლე?", „ჟურნალისტმა, რომელმაც პატივი სცა სიმართლეს, არის სიმართლე?", „მიიღო თუ არა საზოგადოებამ ზუსტი ინფორმაცია?", „რა უნდა ყოფილიყო ჟურნალისტისთვის ზუსტი ინფორმაცია?". ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ გიორგი გაბუნიამ დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ელი მუხლიც, რომელიც მას სიმართლისადმი პატივისცემას და საზოგადოების უფლების დაცვას - მაყურებელს მიეღო ზუსტი ინფორმაცია, ავალდებულებდა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი დაინტერესდა, შეეძლო თუ არა გიორგი გაბუნიას საკუთარი განცხადების/კითხვის მომზადების დროს, „ბევრის მოსაზრება“ და „არსებული ეჭვები“ დაენახა ორგანიზაციასა და ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორ თამარ ჩერგილეიშვილს შორის მიმდინარე სამართლებრივ დავაში. კერძოდ, ნინო ზურიაშვილმა აღნიშნა, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ საკუთარ სოციალურ გვერდზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. შესაბამისად, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადების საფუძველი, კერძოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ შსს-თან ურთიერთობის თაობაზე, ხომ არ შეიძლება გამხდარიყო თამარ ჩერგოლეიშვილის პირად გვერდზე რომელიმე ავტორის მხრიდან დატოვებული შეტყობინება, რაზედაც არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ვერც ეთიკის საბჭო და ვერც ერთი ადამიანი, მტკიცებულების სახით ვერ წარმოადგენს დასაბუთებას, რომელიც „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ, შსს-თან კავშირებს ეხება.

„მართალია, თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ ორგანიზაციას გააჩნია სამართლებრივი დავა, მაგრამ ქალბატონი თამარის მხრიდან საკუთარ სოციალურ გვერდზე გაკეთებულ შეფასებებზე არსებულ უამრავ კომენტარშიც კი, არსად არ არის, დღევანდელი მდგომარეობით მაინც, არც ერთი ავტორის მიერ გამოთქმული აზრი, რომ შესაძლებელია, „ახალგაზრდა ადვოკატები“ შსს-თან ფარულად თანამშრომლობდეს. პირველად, აღნიშნულთან დაკავშირებით, საჯარო განცხადება სწორედ გიორგი გაბუნიამ გააკეთა, ხოლო საფუძვლად ე.წ. „ეჭვები“ და „ბევრის მტკიცება“ მოიტანა. ადვილად სავარაუდოა, რომ ასეთი კითხვის დასმა და ასეთი ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ჟურნალისტს უშუალოდ დაავალეს, თუმცა ჩვენ გვაინტერესებს ჟურნალისტის პროფესიული სტანდარტის საკითხი და არა პოლიტიკური თამაშები, რომელიც თემასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არსებობს. ამასთან, თუკი ერთი წუთითაც დავუშვებთ იმასაც, რომ ასეთი აზრი „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ 10 ადამიანს გააჩნია, საჯარო სივრცეში გამოთქმულია, ხოლო ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ ღია ეთერში „ბევრი ადამიანის“ მოსაზრება გაავრცელა, კიდევ უფრო სავალალო ხდება საკითხი. თუკი იმასაც დავუშვებთ, რომ გიორგი გაბუნიამ არ დაარღვია ქარტიის პირველი მუხლი, რადგანაც მისთვის ამ სავარაუდო 10 ადამიანის მოსაზრება აღმოჩნდა „სიმართლე“ და „ზუსტი ინფორმაცია“, შესაძლებელია არსებობდეს ორგანიზაციის მიმართ სხვა შეხედულების მქონე 10-ზე მეტი ადამიანი. ამიტომაც, „სიმართლისადმი პატივისცემა“ და „ზუსტი ინფორმაციის“ გავრცელება, დამოკიდებული არ უნდა იყოს იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იზიარებს თუ არა ამ მოსაზრებას. ეს დამოკიდებული უნდა იყოს მტკიცებულებებზე და ფაქტებზე, ხოლო მოსაზრება, რომელიც ვარაუდით წარმოსდგება, არ შეიძლება გახდეს სიმართლის გავრცელების სტანდარტი.ჟურნალისტს, კითხვა ან სხვა ფორმით უნდა დაესვა ან/და ფაქტები წარმოედგინა საზოგადოებისთვის“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

ორგანიზაციის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ვალდებული იყო, შეესწორებინა გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია. ტელეკომპანიამ ორგანიზაციის 2014 წლის 10 აპრილის წერილს იგნორირება გაუკეთა და დასაქმებული ჟურნალისტის განზრახ შეცდომას გამოსწორებით არ უპასუხა. ამასთან, ეთიკის საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ორგანიზაციას საქმესთან დაკავშირებით, არ მიეცა საკუთარი პოზიციის სხვა ფორმით გამოხატვის საშუალებაც, მაშინ, როდესაც ტელეკომპანია ესწრებოდა ბრიფინგს და შემდგომი გაშუქება არ მოუხდენია. ორგანიზაციამ, აგრეთვე, ეთიკის საბჭოს წინაშე დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა, მათ შორის წარადგინა მტკიცებულებები იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ არა „პერსონალურ თავდასხმებს“ ჰქონდა ადგილი, როგორც კითხვის დასმის დროს, ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, არამედ სამინისტროსთან დამოკიდებულება წარმაოდგენდა მონიტორინგის განხორციელების პროცესში, ლოჯისტიკის სფეროში არსებული საკითხების შესწავლას, ინსტიტუციის კვლევას და არა „მიზანმიმართულ კამპანიას“, რომელსაც ჟურნალისტი წარმოაჩენდა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გიორგი გაბუნიას მიმართ საჩივრით 2014 წლის 2 მაისს მიმართეს. 2014 წლის 26 ივლისის სხდომას, თავად გიორგი გაბუნია ან მისი კანონიერი ინტერესების დამცველი არ ესწრებოდა. საქმეზე გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ნანახია 648 ჯერ