ექსკლუზივი - კიწმარიშვილის საქმის ბალისტიკოსი ლომინაძის საქმეზე დუმის არღვევს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში, გაყალბების მუხლით, იმ დამოუკიდებელი ექსპერტის ბრალეულობის შესახებ რომელმაც ორი დღის წინ ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში ნაპოვნ იარაღზე ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაატარა.

ლომინაძის საქმესთან დაკავშირებით გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ 12 მაისის ნომერში ექსპერტ ზაზა ალთუნაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის ყველა კითხვას სცემს პასუხს. გთავაზობთ ამ ინტერვიუს
ზაზა ალთუნაშვილი ექსპერტი:


– ეს ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო. 2002 წელს აგვისტოში, ოჯახთან ერთად, საირმეში ვისვენებდი. დამირეკა დავით კეკუამ და მკითხა, იყო თუ არა დიდუბის რაიონის დაცვის პოლიციის იარაღი აღრიცხვაზე აყვანილი. იმ დროს აღრიცხვაზე ეტაპობრივად აგვყავდა ყველა ტაბელური იარაღი. სამსახურში გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ დიდუბის რაიონის დაცვის პოლიციის კუთვნილი ტაბელური იარაღი ჯერ არ იყო აღრიცხვაზე აყვანილი. ეს შევატყობინე კეკუას. იმავე დღეს დარეკა ისევ და მითხრა, რომ ჩვენს სამსახურში მივიდოდნენ დიდუბის რაიონის დაცვის თანამშრომლები, თავის იარაღს მიიტანდნენ და აღრიცხვაზე უნდა აგვეყვანა ცენტრალურ კარტოთეკაში.
– მაშინ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი იყავით, არა?
– არა, მოადგილე ვიყავი...
– დავით კეკუამ აგიხსნათ, რა საქმის ფარგლებში ჰქონდა ეს კითხვები?
– არა. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესი იყო. არც ვიცოდი რამე ნიკა ლომინაძის მკვლელობის შესახებ. უბრალოდ, ოპერატიული სამსახური რეკავდა და სვამდა კითხვებს. სულ ეს იყო... ერთი სიტყვით, ჩვენს სამსახურს შევატყობინე, რომ მივიდოდნენ პოლიციის თანამშრომლები. ასეც მოხდა. იმ სამ პოლიციელს თან მიჰყვა დაცვის პოლიციის უფროსი, ვინმე ბელქანია.
– ასე სასწრაფო წესით რატომ უნდოდა ოპერატიულ სამსახურს, რომ დაცვის თანამშრომლების იარაღი აღრიცხულიყო?
– შემდგომში გამოჩნდა, რომ ეს პოლიციელები მორიგეობდნენ იმ ავტოსადგომზე, სადაც ნიკა ლომინაძე აჩერებდა მანქანას ღამით. ალბათ, ამიტომაც მიიტანეს ოპერატიულმა თანამშრომლებმა მათზე ეჭვი. იმავდროულად საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში მოიტანეს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვია და უნდოდათ მასთან იმ ტყვიების შედარება, რაც აღრიცხვაზე აყვანისთვის ამ სამი პოლიციელის იარაღში იქნებოდა გასროლილი. შედარებას ახდენდა ერთ-ერთი ექსპერტი, რომელიც კავშირზე იყო ჩემთან. მაგრამ მერე, რატომღაც შეწყდა ეს კავშირი. მერე ოპერატიული სამსახურისგან შევიტყვე, რომ ჩემს ექსპერტს ამ სამი პოლიციელიდან ერთ-ერთის ტყვიასა და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ტყვიას შორის მსგავსება დაუფიქსირებია. როცა ჩამოვედი, შევიტყვე, რომ ამ დამთხვევის შესახებ უკვე მოხსენებული ჰქონდათ. გამიკვირდა, ჩემს თანამშრომლებს ვუთხარი კიდეც, ერთ დღეში რა ექსპერტიზა ჩაატარეთ და როგორ დაადგინეთ ეს, რა საჩქარო იყო-მეთქი. მეტიც, როცა საქმეს გავეცანი, ვთქვი კიდეც, ეს ტყვია ამ იარაღიდან არ არის გასროლილი-მეთქი.
– საუბარი გაქვთ დაცვის პოლიციის თანამშრომელ მჭედლიშვილზე, რომელიც გვიჩიანამდე დააკავეს მკვლელობის ბრალდებით?
– კი, ოღონდ ეს პოლიციელი მოგვიანებით დააკავეს. მანამდე კი ამ საქმის მოსმენა მოხდა ქალაქის სამმართველოში. ეს მოსმენა ამერიკელებმა მოითხოვეს და ჩამოსული იყო „ეფ-ბი-აი“-ს ჩვენი, რეგიონალური უფროსი, რომელიც თურქეთში იჯდა. დიდი განხილვა იყო. ამ განხილვაზე დავსვი კითხვები – ტყვია დეფორმირებული იყო, მასზე ქსოვილის ნაწილაკები იყო, რომელიც მიკროსკოპში ჩანდა...
– დეფორმირებულმა ტყვიამ რატომ დაგაეჭვათ?
– ლომინაძეს ჰქონდა შუბლში გამავალი დაზიანება. ტყვიას კი უკანა მხარეს ჰქონდა დეფორმაცია. იქვე გამოვხატე ჩემი აზრი, რომ ეს ტყვია მჭედლიშვილის იარაღიდან არ იქნებოდა გასროლილი. „ეფ-ბი-აი“-ს წარმომადგენელმა იქვე დააფიქსირა, ზაზას ვიცნობ, ვენდობი და მასთან პრობლემა არ მაქვსო...
– გიცნობდათ ამერიკაში „ეფ-ბი-აი“-ში თქვენი სტაჟირებიდან?
– დიახ... გვკითხა, რაში გჭირდებათ ჩემი დახმარებაო. მე ვთხოვე, რომ მოეწვიათ „დეენემის“ სპეციალისტები და ექსპერტი ბალისტები. სამსახურში რომ დავბრუნდი, ექსპერტებს ვუთხარი, მუშაობას თავი დაანებეთ, ექსპერტები ჩამოვლენ ამერიკიდან და დასკვნას ისინი დაწერენ-მეთქი. ამ დროს, იარაღიც უკვე ჩვენთან იყო, რადგან ექსპერტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ტყვია მჭედლიშვილის იარაღიდან იქნებოდა გასროლილი, პროკურატურისგან იარაღიც მოითხოვა.
– ვინ იყო ეს ექსპერტი?
– კარტოთეკის უფროსი, მეშველიანი, რომელიც მოგვიანებით მთავარ მოწმედ გამოჩნდა ჩემს საქმეში. სხვათა შორის, ეს ქალი ახლაც მუშაობს იქ... რამდენიმე ხანში ამერიკიდან მართლაც ჩამოდიან ექსპერტები, მაგრამ მხოლოდ ტრასოლოგი და ბალისტიკოსი. მათ დაახვედრეს ნივთმტკიცება. ჩაატარეს ექსპერტიზა და დაწერეს, რომ გასროლა მჭედლიშვილის იარაღიდან იქნა განხორციელებული...
– ეს როგორ?
– ამას მოგვიანებით მიხვდებით. მე მაშინვე ვაფრთხილებდი პროკურატურას, მჭედლიშვილი მარტო ამ დასკვნის საფუძველზე არ დააკაოთ, რადგან არ არის ამ იარაღიდან გასროლილი-მეთქი. იქვე ვთავაზობდი, დამავალეთ და დავწერ ამაზე დასკვნას-მეთქი. რაკი ის ამერიკიდან ჩამოვიდა, ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მას აუცილებლად მეტი ცოდნა უნდა ჰქონოდა. იყო მსგავსება, მაგრამ იყო ისეთი განსხვავებებიც, რომ კატეგორიულად ამ დასკვნის გაკეთება არ შეიძლებოდა. ამის გარდა, სხვა მომენტიც არის. ექსპერტიზის დასკვნა სავალდებულო არ იყო გამოძიებისთვის. გამოძიებას კატეგორიული ექსპერტიზა რომ ჰქონოდა კიდეც, ის სხვა მტკიცებულებებთან ერთად უნდა შეეფასებინა და ისე წაეყენებინა ბრალი. ამის მიუხედავად, არ დამიჯერეს და ექსპერტიზის დასკვნით ბრალი წაუყენეს მჭედლიშვილს.
– ანუ, ამერიკელების დასკვნით?..
– დიახ, თუმცა ამ დასკვნას ხელს ერთი ჩვენი ექსპერტიც აწერდა.
– თქვენ არ მოგიწერიათ ხელი?
– არა. მე რომ მომეწერა ხელი, მე უნდა ჩამეტარებინა, ჩემთვის კი ეს არავის დაუვალებია. ერთი სიტყვით, დაიჭირეს პოლიციელი მჭედლიშვილი, რომელიც მერე რამდენიმე თვე იჯდა, უკანონო პატიმრობა ჰქონდა. მისი დაკავება არ შეიძლებოდა (მჭედლიძეს წინასწარი პატიმრობა პოლიციის ზედამხედველობით შეეცვალა, ხოლო 2003 წლის 25 მარტს პატიმრობიდან განთავისუფლდა. – მ.ნ.). მჭედლიშვილი რომ გაუშვეს, ეს საქმე გაუხსნელი დარჩა. 2006 წელს აკავებენ გვიჩიანს. ამ საქმის ნიუანსების გარჩევა ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ ერთ-ერთ მტკიცებულებას შევეხები, ტყვიას, რომელიც ამჯერად უკვე გვიჩიანის საქმეში გადიოდა.
– ისევ იმ დეფორმირებულ ტყვიაზე ვსაუბრობთ?
– დიახ. აღმოჩნდა, რომ ტყვია საერთოდ გამქრალია...
– როგორ? თქვენ ხომ ნახეთ?
–კი. ეს 4 წლით ადრე იყო. მერე კი, როცა გვიჩიანის საქმეზე შეფასებებს აკეთებდნენ, აღმოჩნდა, რომ ტყვია პროკურატურას თურმე არ აქვს.
– სად წავიდა?
– არავინ იცის... გვიჩიანი სტრასბურგში ჩიოდა. ამიტომ, პროკურატურას გამოსავალი უნდა ენახა და დაიწყეს საქმის შეკერვა იმისთვის, რომ ტყვია დაუშვებელ მტკიცებულებად ყოფილიყო ცნობილი. აკავებენ მეშველიანს, ექსპერტს.
– რატომ? მან მოაწერა ხელი დასკვნას?
– არა, არ მოუწერია, ვინაიდან მას ოპერატიული ცნობა ჰქონდა გაცემული და ექსპერტიზაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, თუმცა, მთელი ნივთმტკიცებები მაგასთან არ იყო? მაშინ ჩემს დაკავებასაც შეეცადნენ, თუმცა რომ ვუთხარი, რა სისულელეს მეუბნებით, იქით გედავებოდით ამაში-მეთქი, შერცხვათ. ბრალი ვერ დაწერეს. ჩვეულებრივ გავაგრძელე მუშაობა. მეშველიანი რომ დააკავეს, ერთი წლის განმავლობაში 14-ჯერ დაკითხეს თურმე. ზეწოლის ქვეშ ჰყავდათ. უკვე 2007 წლის 27 აპრილს, ბოლოს და ბოლოს, მისცა ჩვენება: კეკუა მოვიდა, ტყვია მოიტანა და ალთუნაშვილმა დამავალა, ტყვია შეცვალეო. მე ამას როგორ ვიზამდიო? ისინი ერთად დადიოდნენ, ტყვიაც მათ შეცვალეს და ამერიკელები რომ ჩამოვიდნენ, ნივთმტკიცება დაახვედრესო. ამას ამბობს ქალი, რომელთანაც სულ იმაზე მქონდა დავა, რომ იმ იარაღიდან არ იყო გასროლილი ეს ტყვია... სანამ ამ ჩვენებას მიიღებდნენ, მითვალთვალებდნენ, მისმენდნენ. ამას მეც ვხვდებოდი, თანაც ინფორმაციები მომდიოდა, დაგდევენო. ბოლოს და ბოლოს, იმდენი წელი ვიმუშავე იქ და მომივიდოდა ინფორმაციები, ცხადია. ზოგჯერ გამიჩერებია მოთვალთვალე მანქანა და მითქვამს, ბიჭებო, ტყუილად ნუ იღლებით, აქა და აქ მივდივარ და პირდაპირ შეგიძლიათ, წახვიდეთ და ახლა იქ დამიდარაჯდეთ-თქო. მერე მივედი მერაბიშვილთან და ჩავაყენე საქმის კურსში. მან მიპასუხა, – ეს საქმე გავარკვიეთ, რომ შენ არაფერ შუაში ხარ. გულთან ახლოს არ მიიტანო, გდიონ, რამდენიც უნდათო. მეც დავდიოდი ძალიან წყნარად. მერე დამაკავეს...
– რას გედავებოდნენ პირადად თქვენ?
– ესენი გვეუბნებოდნენ, შემთხვევის ადგილზე ტყვია არ არსებობდა და კეკუამ ჩადოო და თქვენ გააყალბეთო. კეკუამ ტყვია ჩადო, თუ არ ჩადო, ეს საუბრის სულ სხვა თემაა. მე კი მეკითხებოდნენ, ბრალში რა ჩაგიწეროთო. მეცინებოდა, ამას რომ მეუბნებოდნენ, რადგან ახლა იმაზე მედავებოდნენ, რაზეც თავის დროზე მე ვეუბნებოდი მათ, რომ ეს ტყვია მჭედლიშვილის იარაღიდან არ იყო გასროლილი.
– აბა, თქვენგან რა უნდოდათ?
– „გაპრავება“ სჭირდებოდათ საქმიდან გამქრალი ტყვიის. ანუ მისი, როგორც ნივთმტკიცების დაუშვებლად ცნობა სჭირდებოდათ. ამისთვის ვინმეს უნდა ეთქვა, რომ ტყვია გაყალბდა, შესაბამისად, გამყალბებელიც უნდა მოძებნილიყო. გვიჩიანი ნივთმტკიცებას ითხოვდა და ნივთმტკიცება არ ჰქონდათ. მე რომ დამაკავეს, იქაც იგივეს ვიმეორებდი, ეს ტყვია იმ იარაღში გასროლილი არ იყო-მეთქი. ვითხოვდი, მომიტანეთ ტყვია და დაგიმტკიცებთ-მეთქი. თურმე რას მომიტანენ, რაც არ აქვთ? თან საქმეს ადებენ საიდუმლო გრიფს. ვინმემ რომ არ ნახოს. ოღონდ რა იყო აქ საიდუმლო, არ ვიცი. მეუბნებოდნენ, მეშველიანის ჩვენება არის, რომელიც თქვენ გადებთ ხელსო. ჯერ ერთი, მედავებიან იმაში, რასაც მე წლების წინათ იქით ვამტკიცებდი. თანაც, ეს რომ გამეკეთებინა, მოტივი ხომ უნდა მქონოდა?..სოდ-ის საგამოძიებოს სამსახურის უფროსმა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, პაატა კუპრაშვილმა მითხრა, აქედან საქმე უნდა წავიდეს ისე, რომ ტყვია უნდა იყოს დაუშვებელი მტკიცებულება. ეს საქმე ამ შენობაში (შსს-ში) არ წყდება. ადეიშვილი პირადად ავალებს სოდ-სო... თუ არ აღიარებ, 14 წელი გექნებაო... რაღაცას მოიფიქრებდნენ, რა პრობლემა იყო?
– რას გააკეთებდნენ?
– 2007 წელს?!. თვითონ კუპრაშვილმა მითხრა, ცოლ-შვილს არ დამიტოვებდნენ და მე რას მიზამდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ...
– ბოლოს და ბოლოს, რაზე შეთანხმდით?
– 2 წელი სამსახურებრივი უფლებამოსილების აკრძალვა და 5000 ლარი ჯარიმა. პანჩური რომ ამოერტყა ვინმესთვის, ასეთ კაცს არ გამოუშვებდნენ მაშინ 5000 ლარად ... თვითონაც კარგად იცოდნენ, რომ არაფერ შუაში ვიყავი... სულ 2 დღე ვიყავი დაკავებული... სხვათა შორის, ის ბიჭი, სოდ-ის საგამოძიებოს უფროსი, პაატა კუპრაშვილი მალე ინფარქტით გარდაიცვალა, ახალგაზრდა კაცი. ისეთ საქმეებს აკერინებდნენ, რომ გულმა ვეღარ გაუძლო და მოკვდა...
– პროკურატურის ვერსიით, გაყალბებისთვის რა მოტივაცია უნდა გქონოდათ?
– საქმეც ეს არის... სხვა ექსპერტი რომ ვყოფილიყავი, თუნდაც მეშველიანი, შეიძლებოდა კიდევ ყოფილიყო მოტივაცია, რომ კეკუა თანამდებობას, ან წოდებას მომიმატებდა. ჩემთვის რა უნდა გაეკეთებინა კეკუას? მთავარი სამმართველოს უფროსი ვიყავი უკვე და მთელი კარიერის განმავლობაში წოდებაც და თანამდებობაც ყოველთვის კეკუაზე მეტი მქონდა... სხვათა შორის, როდესაც 2002-ში ლომინაძის საქმეზე ის მოსმენა შედგა, რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ, სამსახურში დაბრუნებულმა მეშველიანს ვუთხარი, ამერიკელები დადებენ დასკვნას და თუ შენი ცნობა არ დადასტურდება, რა უნდა ქნა-მეთქი? ეტყობა, შეეშინდა...
– ანუ მან გააყალბა?
– მე ასე გადაჭრით ვერ ვიტყვი, მაგრამ იარაღიც მას ჰქონდა და ტყვიაც. ამერიკელებს კი დახვდათ დაცვის პოლიციელის იარაღი, საიდანაც ის ტყვია იყო გასროლილი...
– რა ვითარებაში დაგაკავეს?
– სახლიდან გამოვედი და მაშინ დამაკავეს. სხვათა შორის, სახლიდან გამოსვლა იმ დღეს დავაგვიანე. ამათ დაგეგმილი ჰქონდათ დრო, უნდოდათ 12-საათიანი „კურიერისთვის“ მოესწროთ ეს ყველაფერი. ეტყობა, რაკი სახლში შევყოვნდი, დამირეკეს, მინისტრის მოადგილე გელოდებათო, ეკა ზღულაძეზე მითხრეს.
– მას უნდა შეხვედროდით?
– კი, წინა დღეს მინისტრთან მივედი. არ დამხვდა. ზღულაძე იყო ჩემი კურატორი. ის ლიფტთან შემხვდა, პარლამენტში გავრბივარ და ხვალ მოდიო. უნდა მეთქვა, სოდ-ი რომ დამდევდა. მაღაზიაში რომ შევდიოდი, იქაც მიღებდნენ. იმდენი წელი იქ ვმუშაობდი და კარგად ვიცოდი მათი ტექნოლოგიები, როგორ აკეთებდნენ ამას... ერთი სიტყვით, სახლიდან ეკა ზღულაძის თანაშემწის ზარზე გამოვედი და მაშინვე დამაკავეს. თან ყველა ისეთი ხალხი იყო, ვინც კარგად მიცნობდა. ბოდიშებს მიხდიდნენ... აქ ორი საქმე ერთად გაკეთდა: დაუშვებელი მტკიცებულებაც მიიღეს და თანაც ჩემი იქ ყოფნაც არ აწყობდათ, რადგან მათ შეკვეთებს ხელს არასდროს მოვაწერდი.

მარიამ ნადირაძე გაზეთი "პრაიმტაიმი"