„აღიარე რომ „სტარიჩოკა“ შენ მოკალიო. არ აღიარა, წამალი ჩაუდეს და მაინც დაიჭირეს“

თელავში, ალაზნის გამზირზე მცხოვრები 30 წლის ლევან დავითაშვილი 8 ივლისს, ღამით, საკუთარ სახლთან დააკავეს. პოლიცია მას ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა – შენახვაში ადანაშაულებს. დაკავებულის ოჯახის წევრებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რომ დაკავებამდე პოლიცია ლევან დავითაშვილისგან 35 წლის არჩილ მაისურაძის, მეტსახელად „სტარიჩოკას“ მკვლელობის აღიარებას ითხოვდა. „სტარიჩოკა“ მიმდინარე წლის 14 ივნისს, ღამით, თელავის ცენტრში ჩაცხრილეს. პოლიციას საქმე ამ დრომდე გაუხსნელი აქვს.


ლევან დავითაშვილი ნასამართლევია. სასჯელს ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა წელიწადნახევრის წინ, ამნისტია შეეხო და გათავისუფლდა.

ლევან დავითაშვილის მეუღლე ანა ქიზიყელაშვილი ამბობს, რომ ჯერ ლევანი დააკავეს, შემდეგ კი ბინა გაჩხრიკეს.

„ღამის ორ საათზე დააკავეს ჩემი მეუღლე სადარბაზოსთან. 3 საათზე სახლში ჩხრეკაზე მოვიდნენ. მკითხეს, რომელია თქვენი საძინებელიო. საკუთარი თვალით დავინახე გაზეთში გახვეული როგორ დადეს ლეიბის ქვეშ. გამოვვარდი და დავიწყე ყვირილი. რას აკეთებთ, ეს რა დამიდეთ, ანაბეჭდები აიღეთ მეთქი. ანაბეჭდების აღება გაზეთზე არ ხდებაო. მაშინ გახსენით და წამალს აუღეთ მეთქი. ეხლა მოდი, ხელი მოგვიწერე რომ ნამდვილად შენს ოთახში აღმოვაჩინეთ, შენი მეუღლის საწოლშიო. იდო აფუმფულებული, ლეიბს ხომ უნდა დაეტკეპნა გაზეთი იქ რომ ყოფილიყო. 7 აბი და კიდევ ნაწილი იყო გაზეთში გახვეული. დათო ნეკერაული იყო, რომელმაც დამიდო. ჩემი მაზლის კლასელია და იქიდან ვიცნობ“, –უთხრა კახეთის სინფორმაციო ცენტრს  ლევან დავითაშვილის მეუღლემ ანა ქიზიყელაშვილმა.

მისივე თქმით, ნეკერაული მას მეუღლის მოკვლით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ხელს არ მოაწ ერდა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სუბოტექსი ნამდვილად მის საწოლში აღმოაჩინეს: „მოდი, ხელი მოაწერე საბუთს, რომ შენ ლოგინში ვიპოვეთ სუბოტექსიო. არ მოგიწერთ, ჩემი და ჩემი ოჯახის არ არის მეთქი. მოაწერე ხელი, თორემ ლევანი უკვე ჩვენთან არის, დაკავებულიაო და მოგიკლავთო. ბორკილები ადევს და ციხემდე არ მივაღწევინებთო. მეზობელიც გვყავდა მოწმედ ჩამოყვანილი რომ არაფერი დაგვიდონ მეთქი და ვუთხარი, მოაწერე ხელი ლევანი არ მომიკლან მეთქი“.

ოჯახის წევრების თქმით, მათ ადვოკატისგან აქვთ ინფორმაცია, რომ დაკავებულს პოლიციის სამმართველოს შენობაში წყალში გახსნილი ნარკოტიკი დაალევინეს და შემდეგ ჯიბეში 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს.

„ჩემმა ძმამ ადვოკატს მოუყვა, რომ „სნოს“ ბოთლით მიუწოდებიათ წყალი, დალიეო. დაალევინეს ეს დაყენებული წყალი და მერე უთხრეს, აი რა ამოგიღეთო“, – ამბობს დაკავებულის და მაია დავითაშვილი.

მისივე თქმით, სახლის გასაჩხრეკად რომ მივიდნენ პოლიციას მოსამართლის ნებართვა მოსთხოვეს. „განა ადრინდელი დროა, ტელევიზორში ხომ არ გგონიათ თქვენი თავიო? ლეიბის ქვეშ დადეს მომუჭული, როგორც დადეს გაზეთის ნახევში, ასე იდგა ფეხზე. ლეიბი რომ დევს საწოლზე, ხომ უნდა დატკეპნილიყო იქ რომ ყოფილიყო შენახული?“, – ამბობს დაკავებულის და მაია დავითაშვილი.

ოჯახის წევრების თქმით, ლევან დავითაშვილს მანამდეც ემუქრებოდნენ და მისგან „სტარიჩოკას“ მკვლელობის აღიარებას ითხოვდნენ. მეუღლის და დის თქმით, ლევან დავითაშვილს „სტარიჩოკასთან“ არაფერი აკავშირებდა და არც იცნობდა.

„მკვლელობა რომ მოხდა, მაგის მერე ოთხჯერ–ხუთჯერ წაიყვანეს. ემუქრებოდნენ, აღიარე, რომ „სტარიჩოკა“ შენ მოკალი, თორემ არ გაცოცხლებთო, მაინც დაგიჭერთო. რაც არ იცოდა და არ გაუკეთებია, რა უნდა ეთქვა ჩემს ქმარს. ღამის ოთხ–ხუთ საათზე დაგვადგებოდნენ ხოლმე თავზე და სახლიდან მიჰყავდათ. ერთ–ერთ დაკითხვაზე რომ წაიყვანეს და მერე სახლში დაბრუნდა, ნაცემი, დალურჯებული იყო. თავზე 2 დიდი კოპი ჰქონდა, რაღაცა ბლაგვი საგანი ჩამარტყესო. რომ ამოვიხედე, თავზე ხელი დამაჭირეს რას იყურები მაღლაო და მირტყამდნენო“– განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ანა ქიზიყელაშვილმა.





ლევან დავითაშვილის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილით მიმდინარეობს (დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა – შენახვა). დანაშაული სასჯელის სახით 8–დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

35 წლის არჩილ მაისურაძე, მეტსახელად „სტარიჩოკა“ 2014 წლის 14 ივნისს, გვიან ღამით, დაახლოებით 24:00 საათისთვის, თელავის ცენტრში, ერეკლე მეორეს გამზირზე, კომპანია „ჯეოსელის“ ოფისის წინ ჩაცხრილეს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, არჩილ მაისურაძე 12 წლის წინ იყო ნასამართლევი კანონიერი ქურდის „ვანცეტას“ მკვლელობისთვის. ერთ–ერთი ვერსიით, მაისურაძეს შურისძიების მიზნით მოსაკლავად დასდევდნენ. მოკლულის ახლობლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ურეს, რომ მკვლელობამდე მაისურაძემ პოლიციას არაერთხელ მიმართა და აცნობა, რომ მას კონკრეტული პირი მოსაკლავად დასდევდა, მაგრამ უშედეგოდ. ოჯახის წევრებს კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ლევან დავითაშვილი არ უხსენებიათ.

არჩილ მაისურაძის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მანანა მამაგულაშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი