ზუგდიდის სასამართლომ მეჯვარის მეუღლის გაუპატიურების მცდელობისთვის „ყურმოჭრილი პოლიციელის“ საქმის განხილვა დაასრულა


zugd-yuri2.jpg
რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის სასამართლომ ყოფილ პოლიციელს გოგა ანჩაბაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამაში დიდად სკანდალური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: ეს ყოფილი პოლიციელი კარგად ცნობილი და გახმაურებული, ე.წ. „ყურმოჭრილი პოლიციელის“ საქმის მთავარი პერსონაჟია.
გავიხსენოთ თანმიმდევრულად, რა სად და როდის მოხდა:
2013 წლის 12 ნოემბერს ზუგდიდში უცნობმა პირებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გოგა ანჩაბაძეს ყური მოაჭრეს, სხეული დანით დაუსერეს, ფეხები მოტეხეს და პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ, ტაქსიდან გადმოაგდეს. იქვე დააგდეს მისივე ფორმა, რისი გახდაც, სავარაუდოდ, აიძულეს. კოლეჟის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა გაიგონეს ახალგაზრდა მამაკაცის ხმა, რომელიც, ნახევრად შიშველი, მიწაზე ეგდო და შველას ითხოვდა.
სწორედ ეს მამაკაცი აღმოჩნდა გოგა ანჩაბაძე, რომელიც იმ მომენტისთვის საპატრულო პოლიციაში მუშაობდა. კოლეჯში მცხოვრებლებმა მასში წინადღით ამავე ეზოში, ქალთან ერთად მყოფი პირი ამოიცნეს. მოგვიანებით, ყველაფერი გაირკვა, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ერთმანეთს თითქმის ემთხვევა მოსახლეობაში გავრცელებული და გამოძიების ვერსიები:
მეორე დღეს პატრულ-ინსპექტორის დაჭრაში ეჭვმიტანილი ეჭვმიტანილი კახა გულორდავა სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა.
გულორდავამ აღიარა, რომ თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა გოგა ანჩაბაძეს, მეუღლეზე, ანა ძაპტაშვილზე სექსუალური ძალადობის გამო.
დაჭრილი გოგა ანჩაბაძე, რომელიც დაქორწინებულია და ვაჟიშვილი ჰყავს, 2013 წლის აგვისტოში თოლორდავას ქორწილში მეჯვარე იყო. ბუნებრივია, ის ესწრებოდა ყველა რიტუალს, დაწყებული სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციით და დასრულებული ახლადდაქორწინებულთა ესკორტის მარტვილში გამგზავრებითა და ჯვრისწერით.
გოგა ანჩაბაძე ანა ძაპტაშვილის გაუპატიურებას სწორედ იმ კოლეჯის ეზოში ცდილობდა, სადაც დაჭრილი, ტანსაცმელშემოხეული და შიშველი იპოვეს. ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ანჩაბაძის დაჭრაში ეჭვმიტანილის ადვოკატის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ძაპტაშვილი ანჩაბაძის სექსუალური ძალადობისგან კოლეჯში მცხოვრებმა დევნილებმა იხსნეს, რომლებსაც ქალის კივილი მოესმათ და ანჩაბაძის მხრიდან ძალადობის მოწმეები გახდნენ:
„ანჩაბაძემ მათ მოსთხოვა, არ ჩარეულიყვნენ საქმეში და განუმარტა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ჰყავდა მოყვანილი და შენობის მიტოვებულ ნაწილში ამიტომ შევიდა.“ ამ ვერსიის მომხრეები ამბობდნენ, რომ ხმაურის შემდეგ ანა ძაპტაშვილი დევნილებმა კოლეჯიდან ტაქსით გააპარეს, თავად ანჩაბაძე კი მცირე ხმაურის შემდეგ იქაურობას გაეცალა.
სხვა ვერსია აქვთ მათ, ვინც გოგა ანჩაბაძის უდანაშაულობას ამტკიცებს ანა ძაპტაშვილთან მიმართებაში. მათი თქმით, ძალადობა არ მომხდარა. 
ინციდენტის შემდეგ ანა ზაპტაშვილი, ფსიქოლოგიური ტრამვის გამო, რამდენიმე დღით კლინიკაში მოხვდა, დაკავებული კახა გულორდავა სასამართლომ გაამართლა, ხოლო გოგა ანჩაბაძეს გამოჯანმრთელების შემდეგ ბრალი წაუყენეს გაუპატიურების მცდელობისთვის, რამდენიმე დღის წინ კი მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ხმაურის გარეშე არც ამ სასამართლო პროცესს ჩაუვლია. „მიმიფურთხებია თქვენი სასამართლოსთვის, თქვენი გამოძიებისთვის, მიმიფურთხებია თქვენი გამოძიებისთვის“, - მიმართა ბრალდებულის დამ, თეა ანჩაბაძემ მოსამართლე ნატრული აკობიას მას შემდეგ, რაც მან განაჩენი შესახებ განაცხადა.
გოგა ანჩაბაძის ადვოკატმა, ალექსანდრე თათელიშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლომ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, ეს არის „შეთითხნილი“ ბრალდება, რომელიც „ჭორიკნობაზეა“ აგებული. მანვე აღნიშნა, რომ ხელოვნურად შეიქმნა „ემოციური ფონი“ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმესთან დაკავშირებით, რათა გადაეფარათ გოგა ანჩაბაძის მიმართ განხორციელებული ძალადობა.
განაჩენამდე სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა თავად ბრალდებულმა. მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა, რასაც ადასტურებს საქმეში მოწმეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არარსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გოგა ანჩაბაძის ადვოკატის განცხადებით, ის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
zugdidi-yuri2.jpg
ანჩაბაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19, 137-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.