50 წლის ასაკის ქალთა 80% პაპილომავირუსით არის ინფიცირებული

ადამიანის გენიტალიური (სასქესო ორგანოების) პაპილომავირუსული ინფექცია სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას წარმოადგენს. აშშ-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სქესობრივად აქტიური ადამიანების დაახლოებით 50% ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება ადამიანის პაპილომავირუსით. 50 წლის ასაკის ქალთა 80% ამ ვირუსით არის ინფიცირებული. მისი მნიშვნელობა უმთავრესად იმით არის განპირობებული, რომ პაპილომავირუსს შეუძლია გამოიწვიოს საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც ქალებში კიბოსთან ასოცირებული სიკვდილიანობის მეორე მიზეზია მკერდის კიბოს შემდეგ.

არსებობს პაპილომავირუსის 100-ზე მეტი ტიპი. ზოგიერთი მათგანი მაღალი რისკისაა (ონკოგენური ანუ სიმსივნესთან ასოცირებული), ზოგიერთი კი დაბალი რისკისა (არაონკოგენური). პაპილომავირუსით ინფიცირებულთა 5-30%-ს ერთდროულად აქვს ამ ვირუსის რამდენიმე ტიპი. პაპილომავირუსით ინფიცირების რისკფაქტორებია:
25 წელზე ნაკლები ასაკი;
სქესობრივი პარტნიორების სიმრავლე (ან პარტნიორის მრავლობითი სქესობრივი კონტაქტი);
16 წელზე ნაკლები ასაკი პირველი სქესობრივი კონტაქტისას.
როგორ გადაეცემა პაპილომავირუსი იხილეთ სტატიაში "რა უნდა ვიცოდეთ პაპილომავირუსის შესახებ"

http://www.mkurnali.ge/