5 რამ, რაშიც ქართველები ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ

რაში იხარჯება ქვეყნის მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები და როგორია ეს მონაცემები ევროკავშირის სტანდარტებთან მიმართებაში?

ქვეყანაში მოსახლეობის მიერ გაწეული ფინანსური ხარჯებისა და პრიორიტეტების მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, თუ რამდენად ძლიერია ქვეყნის ეკონომიკა და, შესაბამისად, მოსახლეობა. ამ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველ წელს აქვეყნებს. რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ქვეყნის მოსახლეობა, მით მეტ თანხას ხარჯავს სურსათზე, თამბაქოსა და სასმელზე. ასეა საქართველოშიც. შემდეგ მოდის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საოჯახო მოხმარების საქონელი, ჯანდაცვა, სათბობი და ელექტროენერგია.

რაში იხარჯება ქვეყნის მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯები და როგორია ეს მონაცემები ევროკავშირის სტანდარტებთან მიმართებაში? ამ და სხვა საინტერესო თემაზე bpn.ge ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

სოსო არჩვაძე: ,,საქართველოში სამომხმარებლო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი, 30% სურსათს უკავია, რაც შეეხება სამომხმარებლო ფულად ხარჯებს, სურსათის მაჩვენებელმა 40%-საც შეიძლება მიაღწიოს. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სამომხმარებლო ხარჯებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებაა ღარიბი და მდიდარი მოსახლეობის მონაცემებს შორის. მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში ღარიბი მოსახლეობის ფულადი წილი სურსათში 58 პროცენტია, ხოლო მდიდრებისა 18 პროცენტი. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სასურსათო ხარჯებში შედის ნატურალური მოხმარება, რაც საკუთარი მეურნეობიდან მიღებულ პროდუქტს, ან სულაც ნაჩუქარ პროდუქტს გულისხმობს”.

სოსო არჩვაძის თქმით, სამწუხაროდ საქართველო არის მსოფლიო ქვეყნების იმ პირველ ათეულში, სადაც მთლიან ჯანდაცვის ხარჯებში მოსახლეობის მიერ გაწეულ ხარჯებს ყველაზე მეტი წილი უკავია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემა მწირია და ვერ აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს. ეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარეობს. საქართველოს მშპ (მთლიადი შიდა პროდუქტი) საშუალო მსოფლიო ანალოგიური მაჩვენებლის მესამედის დონეზეა, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ყველა მიმართულება თანაბრად იყოს დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ის გაწეული ფულადი ხარჯების თითქმის მეოთხედს შეადგენს, ტრანსპორტით სარგებლობის ხარჯები კი თითქმის 10%-ს უტოლდება. ეს მონაცემი ყოველ წელს იზრდება.

,,საქართველოში დაახლოებით მილიონ ასი ათასი ოჯახია და თითქმის 900 ათასი ავტომობილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილების კონცენტრაციის ოდენობა თითოეულ ოჯახზე თანდათან იზრდება. იმატებს ისეთი ოჯახების რაოდენობა, რომელთა მფლობელობაში ერთზე მეტი ავტომობილია. მაგრამ კერძო საავტომობილო პარკის ზრდა იმ მედლის შებრუნებული მხარეა, რასაც ჰქვია საქალაქო კომუნალური ტრანსპორტის შედარებით დაბალი განვითარება. კარგ მაგალითად მოვიყვან ჟენევას, რომელიც მილიონერთა ქალაქია და იქ ცხოვრების დონე ძალიან მაღალია, თუმცა განვითარებულია ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ჩვენ პროვინციული სნობიზმი გვჭირს”, – ამბობს არჩვაძე.

გაეროს მონაცემების მიხედვით, სურსათის, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების ყველაზე მცირე ხარჯების მხრივ ამერიკა ყველაზე მოწინავე ადგილზეა, საქართველო კი 68-ე ადგილზეა. არჩვაძის შეფასებით, ეს არც ისე კარგი მაჩვენებელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეკონომიკური განვითარების მხრივ ჩვენ 117-ე ადგილზე ვართ, გამოდის, რომ საქართველოში სურსათის მოხმარება ყველაზე უფრო პრიორიტეტული არ არის და არამატერიალურ სიკეთეებს, კულტურას, დასვენებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და ა.შ არც ისე ცოტა ფინანსებს ვუთმობთ.

ექსპერტი სოსო არჩვაძე განათლების პრიორიტეტულობასა და ბოლოდროინდელ ტენდენციაზე საუბრობს: ”ბოლო 10 წელზე მეტია განათლებისთვის გაწეულმა ხარჯებმა საგრძნობლად იმატა. ევროკავშირში განათლებაზე საშუალოდ იხარჯება მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 5,8%, ხოლო ჩვენთან 3,2%. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს და მოსახლეობის უმრავლესობას საკმაოდ დაბალი შემოსავალი აქვს, მათი მოტივაცია განათლების მიღებისა საკმაოდ მაღალია. მოსახლეობას რომ თავი დავანებოთ, სასიხარულო ფაქტი გახლავთ ის, რომ ბოლო წლის ბიუჯეტში განათლებისთვის გამოყოფილი ხარჯები 58 მილიონი ლარით არის გაზრდილი".

სალომე შიხაშვილი

http://www.bpn.ge/