ქუთაისელი მონტე-კრისტო

წარსული დიდებიდან დიტოს თავადური მხოლოდ გვარი და ამბიცია შემორჩა:
- ჩვენ, ბუჯო, წერეთლები არ ვართ ის ხალხი, სხვას კი არა, თუნდაც საკუთარ თავს და ოჯახს ვემსახუროთ. ჩვენი საქმე მბრძანებლობა და კაი, გემრიელი ქეიფია...
- წევიდა მაი დრო კაი ხნის წინ და ახლა შენც ჩემნაირი მათხუარი ხარ, "კაპიკი" არ გიჭყავის ჯიბეში! - ხელს აუქნევდა ხოლმე ერთადერთი მეგობარი, გლეხური წარმომავლობის გელაიე ყვავიაშვილი. სამსახური არც ერთს ჰქონდა და არც - მეორეს. ცოლი დიტოს არც არასოდეს ჰყოლია და გელას მას შემდეგ გაექცა, რაც გამოუსწორებელ ლოთად იქცა და იმის ნაცვლად, რომ ფული შინ მიეტანა, თავად ითხოვდა იაფფასიანი არყის საყიდლად...


დიტო მაინც არ იტეხდა იხტიბარს:
- მობრუნდება კიდო ჩემი დრო და დაგიფასებ ერთგულებას, შამპანურის ზღვაში გაბანავებ, გელაია, ძამია. გვიყურონ შორიდან ზოგ-ზოგიერთებმა, ახლა ჭიქის აწევას რომ არ კადრულობენ ჩვენთან ერთად...

დიტოსი აღარც გელას სჯეროდა, მაგრამ მის მეტი ვინ ჰყავდა, მისთვისაც რომ ექცია ზურგი? მთვრალს გული რომ შემიწუხდეს, ყვირილს მაინც ატეხავს და ხალხს შეყრისო, - ფიქრობდა.
იმ უცნაურ დღეს გელას გული არ შეწუხებია, მაგრამ უჟმურ ხასიათზე იყო სანახევროდ მთვრალი. ჰოდა, შარიც აიკიდა, გაეჭიმა ბაზარში ვიღაც ახმახ გამყიდველს:

- ტუტუცი ხარ, იქეთ გლეხს უმწარებ სიცოცხლეს, ბაზარში არ უშვებ და ცალკე მყიდველს უშრობ სისხლს გაოთხმაგებული ფასებით! - სულ ქურდი, ყაჩაღი და აფერისტი ეძახა. იმანაც, სტაცა ხელი საყელოში და ჩია გელაიე ჰაერში ატაცებული აჯანჯღარა. დიტომ დახლზე დახვავებული გოგრებიდან ყველაზე დიდს წამოავლო ხელი და გამეტებით სდრუზა თავში; უკნიდან მიეპარა, კიბის მხრიდან, თორემ რას მისწვდებოდა?!

ამოატრიალა თვალები იმ უბედურმა და ჩაემხო პირქვე ბაზრის ჭუჭყში, გელაც ქვეშ მოიყოლა და იმის გამოთრევას რომ ცდილობდა დიტო, სწორედ მაშინ დაადგა თავზე პოლიცია. გაკოჭეს და "ვირის აბანოშიც" ჩააყუდეს, რადგან იმ კაცს ტვინის შერყევა დამართა, ორი დღე ვერც თვალს ახელდა და ვერც ლაპარაკობდა...

დიდხანს არ დაუყოვნებიათ დიტო წინასწარი პატიმრობის იზოლატორში; ორ დღეში გამოაგდეს, - აქ მოთრეული არ დაგინახოთო! - ვითომ საკუთარი ნებით მისულიყო. პოლიციელებმა ერთი შეხედვითაც შეაფასეს გალოთებული კაცი და მიხვდნენ, - თეთრსაც ვერ გამორჩებოდნენ და რა ჭირად უნდოდათ საკანში გამომწყვდეული?!

იმ ორმა ღამემ კი მართლა სასწაული მოახდინა დიტოს ცხოვრებაში: ორი საათის დაჭერილიც არ იყო, რომ დაახლოებით სამოცი წლის კაცი მოიყვანეს და მასთან შეაგდეს. არც ლოთს ჰგავდა, არც - შფოთისთავს, კარგად იყო ჩაცმული და ძვირად ღირებული სუნამოს სურნელიც ასდიოდა. ძალიან ნერვიულობდა:

- ვინც უნდა მომეკლა, ის ცოცხალი დავტოვე და საბრალო ბებო დავაზარალე...

მოკლედ, სახლიდან ანერვიულებული გამოვარდნილა და ისეთი სიჩქარით გაუქროლებია მანქანა, რომ მოხუცს დასჯახებია, მისთვის ფეხი მოუტეხავს. მერე ის საავადმყოფოში გაუქანებიათ, ეს - პოლიციის განყოფილებაში...

დიტომ სცადა მისი დამშვიდება, მერე მიწვა კუთხეში და ჩაეძინა. ნაშუაღამევს გააღვიძა კვნესამ. უცებ ვერც მიხვდა, სად იყო და ბოლოს, გონება რომ გაუნათდა, მივარდა საკნის ამხანაგს, რომელსაც გულზე წაევლო ხელი:

- ვკვდები! - შესჩივლა დიტოს.

- რას ჰქვია, კვტები. შევყრი ქვეყანას, დაგახვევენ ექიმებს და გეშველება... მეიცა, არ შეშინდე! - ის იყო, პირი მოაღო ასაყვირებლად, რომ იმ კაცმა გაჩუმება სთხოვა:

- არ მინდა სიცოცხლე... თავი არ გამომეყოფა არსად, შერცხვენილს... შვილის ტოლა გოგო შევირთე ცოლად ორმოცი წლის ასაკში, ხელის გულზე ვატარებდი ოცი წლის განმავლობაში და გუშინ სხვა კაცთან წავასწარი. იმის მაგივრად, ბოდიში მოეხადა, შემომიტია: არასოდეს ვყოფილვარ შენი ერთგული და შვილი შენი რომ გგონია, ისიც ამისია, შენი მხოლოდ ფული მინდოდაო... ფული ბევრი მაქვს. რასაც ვხარჯავდი, ერთია და ორ იმდენს მიწაში ვმარხავდი, შავი დღისთვის ვინახავდი... ალალი იყოს შენზე. გეტყვი, სადაცაა და მშვიდობაში მოგახმაროს ღმერთმა. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ არ გილხინს და იქნება შენი გასაჭირიდან ამოყვანის გამო მაინც არ მოვხვდე ჯოჯოხეთში...

...მაინც აყვირდა დიტო და მშველელს უხმო, მაგრამ იმ უბედურს ვერ უშველეს. მხოლოდ განძის ადგილსამყოფელის გამხელა მოასწრო. სახელიც ტელევიზორიდან გაიგო, - "მარადიულ ხსოვნაში" რომ ახსენეს. გასვენებაშიც მივიდა და კუბოსაც შეუდგა ერთგული ნათესავივით...

ეჭვი ეპარებოდა, როცა სამალავისკენ მიდიოდა რამდენიმე დღის შემდეგ, მაგრამ... არ მოუტყუებია იმ სულგანთლებულს: ვერც დათვალა, რამდენი იყო ცალკე დოლარი და ცალკე - ევრო.

ვერც ვერასოდეს დავადგენთ ალბათ, რა სიმდიდრე ერგო ქუთაისელ მონტე-კრისტოს, მაგრამ რაც გავიგე, იმას კი გეტყვით: ახალმშენებარე კორპუსში ბინა თავისთვისაც იყიდა და არც გელას დასწყვიტა გული; მანქანაც ზუსტად იმნაირი უყიდა მეგობარს, როგორიც თავისთვის შეუკვეთა... მოსამსახურეც აიყვანა და კაცად რომ იგრძნო თავი, ლოთობის სამკურნალო კურსებზეც იარა... ერთი წლის წინ ბიზნესიც დაატრიალა და ახლა მაშვალი მაშვალზე დაუდის, ქალაქის საუკეთესო ოჯახები ცდილობენ მასთან დანათესავებას. გელა კი ყოფილ ცოლს შეურიგდა - შვილების გულობიზა, ბუჯო, თვარა, მაი რაის ღირსიც იყო, ვინ მასტავლის?!.

...დიტოს არც თავისი კეთილისმყოფელი დავიწყებია და ნამდვილი ძეგლი დაუდგა საფლავზე. არ იმსახურებდა, თუ?!
ინგა ჯაყელი

http://www.gzapress.ge/