„ შესაძლოა ე.წ. კაბელების საქმე დაიხუროს და დაკავებული ადამიანები გამართლდნენ“

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრის “ფსიქო პროექტის” დამფუძნებელი, ექსპერტი ზურაბ ბიგვავა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თავდაცვის სამინისტროს ე.წ. კაბელების საქმეს გამოეხმაურა.
ბიგვავას განცხადებით, საქმეში არსებული ხელშეკრულება გარკვეულ ეჭვებს აღძრავს, თუმცა არ გამორიცხავს რომ ე.წ. კაბელების საქმე დაიხუროს და დაკავებული ადამიანები გამართლდნენ.

ექსპერტისთვის საეჭვო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი რომ ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში კომპანიისთვის თანხის თითქმის 90% ის გადარიცხვა მოხდა.
„ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა საქმეში რამდენიმე დეტალი ეჭვს იწვევს. ერთი მხრივ დადებული ხელშეკრულება და მეორე მხრივ ის რომ რამდენიმე დღეში იქნა სამინისტროს მხრიდან თანხის თითქმის 90% გადარიცხული. არ გამოვრიცხავ იმას რომ სულაც დაიხუროს ეს საქმე და დაკავებული ადამიანები გამართლდნენ, მაგრამ როგორც ჩანს ეჭვის საფუძველი არსებობდა. შეიძლება ისიც რომ ხელშეკრულების დადებისას წინასწარ ყოფილიყო მოლაპარაკება ამ რაოდენობით თანხის რამდენიმე დღეში გადარიცხვის შესახებ. ყველაფერი გაირკვევა და ზუსტად შეაფასებს საზოგადოება საქმე გვაქვს დანაშაულთან თუ უდანაშაულო ადამიანების დასჯის მცდელობასთან“- განაცხადა ზურაბ ბიგვავამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რის გამოც, სასამართლო პროცესი დახურული იყო. წინასასამართლო სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ხუთივე დაკავებულს თავდებად უდგებოდნენ თავდაცვის მინისტრის და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები. თავდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, აღნიშნულ შესყიდვას „საიდუმლო“ გრიფი მოეხსნას, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

http://kvira.ge/