მამუკა არეშიძე: ღარიბაშვილმა იცოდა ალასანიას ვიზიტის შესახებ, მაგრამ იქ მოხდა ისეთი რაღაც, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა

„ის, რომ პროკურატურამ ირაკლი ალასანიას ვიზიტის მომენტში დაამთავრა საქმის გამოძიება და მინისტრს არ შეუთანხმა, ისე დააკავა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ამის არ მჯერა", - განუცხადა გაზეთ „ალიას" ექსპერტმა მამუკა არეშიძემ.


მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა იცოდა ირაკლი ალასანიას ვიზიტის შესახებ, მაგრამ „იქ მოხდა ისეთი რაღაც, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა".



„საქართველოს თავდაცვის მინისტრების ისტორიაში, პირველად იყო, როცა ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან და თუ არ ვცდები, ასევე გერმანიის თავდაცვის მინისტრთან. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ვიზიტები. მრჩება შთაბეჭდილება, სწორედ იქ მოხდა ისეთი რამ, რამაც კოალიციის ხელმძღვანელობა აიძულა, რომ ამ ყველაფერს წერტილი დასმოდა. ის ვიღაც ვინ არის, მე არ ვიცი, თუმცა, ძალიან მინდა ვიცოდე. არ ჯდება ლოგიკაში, რომ პროკურატურის მხრიდან ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიღებულიყო სწორედ მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. ირაკლი ალასანიამ ბევრ შემთხვევაში ითამაშა დამოუკიდებელი თამაში, თუნდაც სირიელი მეამბოხეების სავარაუდო ბაზის მოწყობაზე, თუნდაც ნატოს საწვრთნელი ბაზების თაობაზე, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით, რაზეც თქვენ კითხვას მისვამთ, არ მგონია, ალასანიას დამოუკიდებელი თამაში გაებედა, ისე წასულიყო საფრანგეთსა და გერმანიაში, პრემიერ-მინისტრს არ სცოდნოდა, რა თემაზე მიდიოდა ის. ვფიქრობ, პრემიერმა იცოდა, მისი ვიზიტის შესახებ, მაგრამ იქ მოხდა ისეთი რაღაც, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა", - განაცხადა არეშიძემ.

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)
წყარო: გაზეთი „ალია"