ღია წერილი ირაკლის! არ ქნა ის, რაც, ზეციდან გადმომყურე, შენი უმაგრესი მამის სულს ნამდვილად არ მოეწონება!!!

დილიდან, სოციალურ ქსელში, ფეისბუქის ერთ-ერთი აქტიური მომხმარებლის, გიორგი ბერეჟიანის წერილი ვრცელდება, რომლითაც ის ირაკლი ალასანიას მიმართავს. "რეპორტიორი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ღია წერილი ირაკლის! სანამ მომქმედი მინისტრი იყავი, ამას ვერ დავწერდი, სხვანაირად გამიგებდნენ. არიან კაცი პოლიტიკოსები, არიან კაცუნა პოლიტიკოსები. კაცების დეფიციტია, სამწუხაროდ, როგორც ერში, ასევე ბერში და მით უფრო პოლიტიკაში. თუ გახსოვს ვეტერანთა შეხვედრაზე როცა მოხვედი, ჭადრაკის სასახლეში, უკვე მინისტრი იყავი. დარბაზიდან გარეთ გამოვედი, მაგარ გოიმობაში ჩავარდნილი. ბიძოს მოწოდებაზე ვიყავით ვეტერანთა ორგანიზაციები შეკრებილები. ერთი ცალხელა ზვიადისტის გამოსვლის გამო ავღშფოთდი. ტიპმა კარგა ხანს ილაპარაკა და ფაქტიურად ეს თქვა: - ჩვენ კაი ტიპები ვართ, უზომოდ ეროვნულები, უსაზღვროდ პატრიოტები, თქვენ კი, კგბ-ს ჯაშუშები, მოღალატეები, ფულზე გაყიდული პუჩისტი მონები, მაგრამ ჯანდაბას თქვენი თავი, რახან ბიძო დაგვპირდა, "გაერთიანდით და დაგაფინანსებთო", შეგირიგდებით! მოკლედ ვდგავართ გარეთ, აღშფოთებული ყოფილი პუჩისტები და ვილანძღებით.
 
მოულოდნელად სიჩუმე ჩამოვარდა. მოვტრიალდი და ვხედავ, რომ შენ მოდიხარ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად. მაშინვე დაგიძახე, (ჩემი ერთგვარი ტესტია, გაქსუებაზე შემოწმების).
-ვა! ირაკლი! როგორ ხარ ბიჭო? შენსკენ დავიძარი გახარებული სახით, შენც მოტრიალდი გზიდან და ჩემსკენ წამოხვედი. ერთმანეთი გადავკოცნეთ, უბრალოდ, ჯიგრულად, როგორც მეგობრებმა - ტესტი წარმატებით ჩამაბარე. გამეხარდა, რომ არ შევცდი შენში, არ შეგცვალა თანამდებობამ, რაც არ გამკვირვებია, გენეტიკაა ძმაო. მაგარი კაცის შვილი ხარ. მესმის რომ ენდობი შენს კადრებს, მესმის რომ ვერ მიატოვებ მათ, მაგრამ ისიც გაითვალისწინე, რომ ჩვენს ერში, 80% ფულზე აღზნებული ანგარებიანი ჩმორია. შენ რომ ფულის ამღები არ ხარ, ჩვენი ჯიბიდან, მაგაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მიამიტიც ნუ იქნები და ბოლომდე ნუ ენდობი მათ.

არ გამკვირვებია, როცა გიგის მერობა მოულოცე, ვიცი სხვა გზა არ გქონდა. ვიცი რაოდენ ძნელია, იმ როლში ყოფნა, რა როლიც შენ გხვდა წილად. გუშინ როცა ვუცქირე შენს გამოსვლას დავითრგუნე. ადამიანთა მწამებლების, ყაჩაღების და მკვლელების ევროპული ორიენტაცია? - სად გაგონილა? ჩიკაწილოების ჰუმანიზმი? უმაგრესი ნათია გყავს მეუღლე, ძალიან ბევრს უყვარხარ, მაგარი ოჯახი გაქვს, გთხოვ არ გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც შენი დამღუპველი იქნება, როგორც პოლიტიკოსის. ერთს დავამატებ კიდე, წინა ცხოვრებაში, მქონდა კონფლიქტური შეხება კულინარიელებთან დღესაც მაქვს, უკვე არაკონფლიქტური ურთიერთობა მათთან, ყველა მათგანი ამბობს, რომ არანაირი შეხება არ გქონდა შენ, მათ საქმიანობასთან. ამას იმათთვის ვწერ, ვინც ჭორებსაა აყოლილი. უზარმაზარი რესურსი გაქვს, რომ შენს სამშობლოს გამოადგე, გამოიყენე გთხოვ, არ ქნა ის, რაც, ზეციდან გადმომყურე, შენი უმაგრესი მამის სულს ნამდვილად არ მოეწონება!!!"