ალასანია იარაღის შესყიდვაზე: ეს საკითხები არ არის ღიად სასაუბრო

"ეს ისეთი საკითხებია, რომელიც არ არის ღიად სასაუბრო", - ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კითხვას, გააფორმა თუ არა საფრანგეთში იარაღის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. კითხვაზე, რომ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულმა შესყიდვამ გამოიწვია დაპირისპირება თავდაცვის სამინისტროსა და პრემიერს შორის, ალასანიამ კომენტარი არ გააკეთა.


თავისუფალი დემოკრატების წევრი ზურაბ აბაშიძე კი ადასტურებს, რომ ალასანიამ ნამდვილად მოაწერა ხელი იარაღის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას საფრანგეთში, რის შემდეგაც გაიგო მისი უწყების მაღალჩინოსნების დაკავების შესახებ.

"მან გააფორმა ეს ხელშეკრულება საფრანგეთში და სწორედ მაშინ გაიგო, როცა ამ ხელშეკრულებას აფორმებდა, მისი თანამშრომლების დაკავებაზე. ასეთ მნიშვნელოან თემაზე რომ ჰქონდა შეხვედრა თავდაცვის მინისტრს და შემდეგ, ასევე მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა გერმანიაში დაგეგმილი, ამ დროს დააკავეს მისი თანამშრომლები, რაც იყო ჩვენთვის გარკვეულწილად მიუღებელი და ახლაც ასეა", - განაცხადა აბაშიძემ და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაზე მეტს ვერაფერს იტყვის.

გუშინ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი რუხაძემ გადაცემა თეორემაში გამოთქვა ვარაუდი, რომ ალასანიამ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან თავდაცვითი იარაღის შესყიდვაზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას, არის რუსეთი.

"ირაკლი ალასანიამ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება და შემდეგ გაჩერდა. მან თქვა ასეთი რამე, რომ მას საფრანგეთში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. იქ კონკრეტულად განიხილებოდა საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები, თუმცა, ამას ვერ იტყვის, რადგან ეს არის სახელმწიფო საიდუმლოება და საქართველოს ხელისუფლების ნაწილი ამ ნაბიჯებს ეწინააღმდეგებოდა. მას ეს არ უარუყვია, ყოველ შემთხვევაში. მე მიჩნდება საფუძვლიანი აჭვი, რომ საფრანგეთი არის ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყანა იარაღის გაყიდვის თვალსაზრისით. სავარაუდოდ, აქ ლაპარაკი იყო თავდაცვით იარაღზე, რომელიც საქართველოს სჭირდებოდა თავდაცვისთვის. მე ვიცი ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას, ეს არის რუსეთი და თუ საქართველოს მთავრობაში იყო ძალა, რომელიც ალასანიას ამ გარიგებას ეწინააღმდეგებოდა, ეს მაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ რუსულმა ინტერესებმა შეაღწია მინისტრთა კაბინეტში", - განაცხადა რუხაძემ.


http://www.tabula.ge/