"ცხვირსახოცი მიშოვნე" - ვინ არის გოგონა, რომელიც სააკაშვილს თმას უსწორებს და ჩართვისთვის ამზადებს

კადრები, რომელიც "იმედის კვირამ" გამოაქვეყნა და რომელშიც 22 წუთიანი ვიდეოჩანაწერია დამონტაჟებული, ჩანს, თუ როგორ ემზადება მიხეილ სააკაშვილი ჩართვისთვის.

კადრებში ჩანს, თუ როგორ კურირებს პირდაპირი ჩართვისთვის მზადების პროცესს ახალგაზრდა გოგონა მერი კოკაია.



"მერი, იულიაც დამიდგეს გვერდით", - მიმართავს სააკაშვილი მერი კოკაიას და გულისხმობს უკრაინელ ახალგაზრდა გოგონას, რომელიც მოგვიანებით ჩართვაში საქართველოს დროშით ჩანს.

"უკან ხალხმა შეწყვიტონ ლაპარაკი", - ასეთია სააკაშვილის მორიგი დავალება, რომლითაც ის მერის მიმართავს.

"ცოტა თმა გადაიწიე" - ეუბნება მერი კობაია რამდენიმე წუთის შემდეგ ექსპრეზიდენტს და მისი ჩართვის წინ სააკაშვილის ვიზუალურ მხარეზეც ზრუნავს. ამის შემდეგ მას სააკაშვილი კიდევ ერთ დავალებას აძლევს; "ცხვირსახოცი მიშოვე", - ეუბნება სააკაშვილი კოკაიას.

ჩართვის დაწყებამდე ერთ-ერთი დავალება, რომელიც კოკაიამ სააკაშვილისგან მიიღო, მის უკან მდგარი მტირალი ბავშვის გაყვანაა. "ბავშვი თუ იტირებს, ჯობია გავიყვანოთ", - ეუბნება სააკაშვილი.

ამ ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელებში დიდი დაინტერესება გამოიწვია იმან, თუ ვინ არის გოგონა, რომელიც სააკაშვილს ჩართვისთვის ამზადებს.

მერი კოკაია ჟურნალისტია, რომელმაც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ჟურნალისტიკიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში გადაინაცვლა. 2013 წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ

პრესისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მერი კოკაიას სწავლის დასაფინანსებლად 49 626 ლარი, ერთჯერადი ფინანსური დახმარებისთვის კი 17 000 ლარი გამოიყო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მერი კოკაიამ დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური და დღეისათვის ის კვლავ მიხეილ სააკაშვილის პრესასთან ურთიერთობას კურირებს, შესაბამისად პირდაპირი ჩართვის დაწყებამდე ექსპრეზიდენტის საეთეროდ მომზადება მისი პროფესიული საქმიანობაა