რას პასუხობს თამუნა ლეკვეიშვილი ქეთი დოლიძის კრიტიკას

''ახლა ვუყურებ ''რუსთავი 2''-ზე ჩემზე უნიჭო კარიკატურას... ბრავო! ქალაქშიც ბევრჯერ დამხატეს... ერთხელ მამამ მითხრა, თუ შენზე კარიკატურა შექმნეს, ესე იგი, რაღაცას წარმოადგენო!!! ''რუსთავი 2''-ის ''მსახიობებს'' ვურჩევ, ჩემთან გაიარონ ოსტატობის გაკვეთილები. კარგად მოვამზადებ... იქნებ, გაეცინოს მაინც ვინმეს! ასეა, ბიძიკო, პროვინციალიზმი საშინელი რამაა! ''რუსთავი 2'' კი უკვე მრავალი წელია, თავისი ''კომედი შოუთი'' სულ აგიზგიზებს პროვინციალიზმს... გოიმობა კი აღმოუფხვრელია! ძალიან ცოდვა ხართ და რა ვქნა. იაფფასიანი იუმორი კი ყველაზე მოთხოვნადია!''
- ეს სტატუსი ქალბატონმა ქეთი დოლიძემ ''კომედი შოუს'' იმ სკეტჩს მიუძღვნა, სადაც პოლიტიკური თოქშოუ იყო გაშარჟებული. ჟიმნი მებონია, იგივე ვახო ბიჭიკაშვილი, ''დუღარე შოუს'' წამყვანი გახლდათ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად კი სტუდიაში თამუნა ლეკვეიშვილიც იჯდა, რომელიც ქეთი დოლიძის პაროდიას აკეთებდა.
თამუნა ლეკვეიშვილი ანიმაციურ სერიალ ''ქერის უბანში'' ეკა ბესელიას ახმოვანებს. მასთან საუბარი სწორედ ამ გმირით დავიწყეთ.


- სანამ ''ქერის უბანი'' დაიწყებოდა, გავაკეთეთ სკეტჩი, გადაცემის ''რა, სად, როდის'' პაროდია. ინტელექტუალურ თამაშს პოლიტიკური გუნდი თამაშობდა. გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ეკა ბესელია. ჩემსა და ეკას შორის არანაირი მსგავსება არ არის, ჩავთვალეთ, რომ არ გამოვიდოდა ეკასთან მიმსგავსება, ამიტომ გადავწყვიტეთ, ხმით დავმსგავსებოდი და ის ცნობილი ''ხააალხოც'' ამ სკეტჩში დაიბადა. შემდეგ ''ქერის უბანი'' რომ დავიწყეთ, ეკას გახმოვანება მე მანდეს. ეკაც გვეხმარება პერსონაჟის განვითარებაში, ახლა უკვე ინგლისური ფრაზებიც შემოგვაშველა (იცინის). ხალხს ეს პერსონაჟი მოსწონს.
- თუ იცი ეკას დამოკიდებულება მისი პაროდიის შესახებ.
- მე ვნახე გიორგი გაბუნიას ერთ-ერთი გადაცემა, სადაც გიორგიმ ჰკითხა ეკას, თუ მოგწონთ თქვენი პერსონაჟიო. მომწონს, ძალიან ვხალისობ, მაგრამ ამხელა ხმა არ მაქვსო, უპასუხა ეკამ.
- სამაგიეროდ, თავისი პერსონაჟი არ მოეწონა ქეთი დოლიძეს ''დუღარე შოუში'' და მას უნიჭო კარიკატურა უწოდა.
- ქალბატონი ქეთი ''კომედი შოუს'' პროვინციულ იუმორს უწოდებს. გემოვნებაზე არ დავობენ, ყველა თავად ირჩევს, როგორი იუმორი მოეწონოს. რაც შეეხება კონკრეტულად მის პაროდიას, თუ არ მოსწონს, არც ეს არის ჩემთვის პრობლემა. მე არ ვარ პროფესიონალი მსახიობი, თუმცა ვთვლი, რომ მისი, როგორც თავად უწოდებს, უნიჭო კარიკატურა, ბევრს მოეწონა. ამას მოწმობს მაყურებლის რეაქცია, მათი კომენტარები სოციალურ ქსელებში, გზავნილები ჩემს ინბოქსში ''ფეისბუქზე''. ეს გადაცემის რეიტინგზეც აისახა. იმდენად კარგი სკეტჩი გამოვიდა, თვითონაც არ ველოდით.
- საინტერესო გრიმი გქონდა...
- ჰო, ბევრი იშრომა ჩვენმა გრიმიორმა ვერამ. ქალბატონი ქეთის ფოტო გვედო გვერდით და იმის მიხედვით მიკეთებდა გრიმს. ტუჩის ფორმა და ხალებიც კი გავითვალისწინეთ. დიდი როლი ითამაშა პარიკმა. ვერაფრით ვერ მივამსგავსეთ თვალები, ამიტომ გადავწყვიტეთ, დიდი მუქი სათვალე გამეკეთებინა, ხმის მიმსგავსებაც ვცადე.
- როგორ გგონია, რამ გააღიზიანა ქალბატონი ქეთი?
- ვერ გეტყვი. პირადი შეურაცხყოფის მსგავსიც კი არაფერი ყოფილა. მგონი, ეს მისი ზოგადი დამოკიდებულებაა ''რუსთავი 2''-ის მიმართ.
- ოსტატობის გაკვეთილებზეც კი მიგიწვიათ თავისთან.
- დიდი სიამოვნებით, მაგრამ იმდენად გადატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, ქალბატონი ქეთის მასტერკლასებისთვის დროს ნამდვილად ვერ გამოვნახავ.
- შენ ნანახი გაქვს მისი ''კუკარაჩა''?
- სანამ ქალბატონი ქეთის ''კუკარაჩას'' ვნახავდი, მანამდე სხვისი ''კუკარაჩა'' წავიკითხე.
- ამავე სკეტჩში მიშა ანდღულაძე ლელა წურწუმიას ასახიერებდა, ლელაც ხომ არ გაგიბრაზდათ?
- არა მგონია. ლელას ზოგადი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ დადებითია ხოლმე. კონკრეტულად ამ სკეტჩზე არ ვიცი, რას ფიქრობს. დარწმუნებული ვარ, არ გაბრაზდებოდა.
- რას გვიმზადებ ახალს, კიდევ რომელი გმირის როლში მოგვევლინები?
- მალე მაყურებელი ნახავს ახალ თოქშოუს, ოღონდ არაპოლიტიკურს, უფრო ''პროფილურია'', ვიდრე პოლიტიკური, ''ლევანის დის შოუ'' - ასეთი სახელწოდებით. ჩემს ძმას მართლა ლევანი ჰქვია და ამიტომ დავარქვით (იცინის).
- სავარძლის სახელურზეც ჩამოუჯდები სტუმრებს?
- რა თქმა უნდა (იცინის). პირველ გადაცემაში გივი სიხარულიძე მყავს სტუმრად, ვახო ბიჭიკაშვილის სახით.
- თამუნა, სამი შვილის დედა ხარ, როგორ ახერხებ, იყო ასეთი რეალიზებული და პარალელურად გაზარდო სამი შვილი?
- ძალიან მიწყობენ ოჯახში ხელს. მყავს ძიძა, მეხმარება მეუღლე, რომელიც ამჟამად უმუშევარია. მართლა ცოტა დრო მაქვს შვილებთან ურთიერთობისთვის და ძალიან მადარდებს ეს საკითხი. პატარა, ელენე, ნოემბერში ერთი წლის გახდება. სახლში რომ მივდივარ, თავისი ჭოჭინიდან გამოხატავს სიხარულს, ნინი და ნიკოლოზი მორბიან. ამყავს ორივე ხელში და მესამესთან მივდივარ მოსაფერებლად...
- შენი მეუღლე, გიგი არ აპროტესტებს შენს ასეთ მოუცლელობას?
- არა, პირიქით. ახლა ''კომედი არხზე'' დავიწყეთ გადაცემა ''საქართველოს ფანოღი'', რომლის მუსიკალური ხელმძღვანელიც ვარ. ჩემი ქმარი მუსიკოსია და მეუბნება, თუ დაგჭირდება, მოგეხმარებიო.
- ამ გადაცემაში, ალბათ, უცნაური მუსიკალური გემოვნების მონაწილეები მოდიან, მოგვიყევი მათზე.
- ერთმა მონაწილემ დოლის თანხლებით შეასრულა უცნაური სიმღერა. უმღეროდა გოგოს და ასეთი ტექსტი იყო, დაფასთან იდექი და ამოცანას ხსნიდიო (იცინის). პირველად მოვისმინე ასეთი სიმღერა. როგორც ჩანს, სკოლის მოსწავლე შეუყვარდა.
- გამარჯვებულისთვის რა პრიზი გაქვთ?
- ხუთი ათასი ლარი და დუეტი ნინო ჩხეიძესთან.
- მეორე ადგილზე გასული ალბათ სურამელაშვილთან ჩაწერს დუეტს...
- (იცინის) არა, მაგრამ დანარჩენი ადგილებისთვისაც საინტერესო პრიზები გვაქვს.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''