საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც მთელ ქალაქში პროტესტის ტალღა ააგორა (ვიდეო)

რედაქციის გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა არ არის მიზანშეწონილი 18 წლამდე ასაკის მოზარდებისა და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის!


განახლებულია: 14.10.2011; 16.00 სთ.

„მეგობრებო, ისინი ამ ტრაგედიის მიჩუმათებასაც ეცდებიან!“ ამ საერთო სათაურით ბრიანსკელმა ბლოგერებმა ეს საშინელი ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც დეტალურადაა აღწერილი, როგორ დაიღუპა გზატკეცილზე სამი წლის ბავშვი, რომელიც გზაზე დედას გადაჰყავდა. ბრიანსკში გავრცელებულმა ხმებმა იმის შესახებ, რომ საგზაო შემთხვევის მთავარი მიზეზი - ავარიის დროს საჭესთან მყოფი ქალი პროკურატურის მაღალჩინოსნის ნათესავია, თითქმის მთელი ქალაქი ქუჩაში გამოიყვანა.


საპროტესტო აქციები, სადაც ქალის დასჯას ითხოვდნენ, უკვე რამდენიმე დღეა, გვიან ღამემდე გრძელდება. "ციხეში! ციხეში!" სკანდირებენ აქციის მონაწილეები და მანქანის მძღოლის ფოტოებს აფრიალებენ. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა, მაგრამ ინტერნეტმომხმარებლები ეჭვობენ, რომ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ საქმის ჩაფარცხვა სურთ. ბლოგერები ერთმანეთს მოუწოდებენ, ხშირად გაიზიარონ ვიდეო და საზოგადოებას მოდუნების საშუალება არ მისცენ. როგორც ბლოგებშია აღნიშნული, ვიდეო ქსელიდან უკვე წაშალა "იუთუბის" ადმინისტრაციამ. ამ დროისთვის ის მხოლოდ ბლოგებში შემორჩა, მათ გვერდებზე, ვინც წინასწარვე ჩამოტვირთა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 7 ოქტომბერს, ბრიანსკში, მოსკოვის გზატკეცილზე მოხდა. 20 წლის გოგონა, რომელიც Volkswagen Passat-ს მართავდა, მანქანით შეეჯახა 29 წლის ქალსა და მისი სამი წლის ქალიშვილს. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი მძიმე მდგომარეობაშია და ამ დრომდე საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება.

მასალას თანდართულ ვიდეოსთან ერთად რუსეთის ტელევიზიის პირველმა არხმა დღეს ახალი კადრები გაავრცელა, სადაც აშკარად ჩანს, რომ იმ ადგილას საგზაო გადასასვლელის ნიშანია და, მიუხედავად იმისა, რომ ასფალტზე ზებრა არ ჩანს, დანარჩენი მანქანები სვლას ანელებენ – ანუ, დედას ბავშვი გზაზე სწორად გადაჰყავდა. სწორედ იმ დროს, როცა სხვა მანქანები სიჩქარეს ანელებდნენ, Volkswagen Passat–ის მძღოლმა გოგონამ, რომელიც, ერთ–ერთი ვერსიით, მეგობართან საუბრით იყო გართული, დედა–შვილი გვიან შენიშნა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახება თავიდან ვერ აიცილა. დღეს გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს შეჯახების მომენტი და ისიც, რომ მანქანა ანთებული ფარებით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს.

ამ დროისთვის დაღუპული ბავშვის დედა გონს მოვიდა, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც მძიმეა. რაც შეეხება გოგონას, რომელიც საჭესთან იჯდა, ექიმებისა და ახლობლების თქმით, მან რამდენჯერმე სცადა თავის მოკვლა.

რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის მიერ გავრცელებული კადრები მძიმე სანახავია. "დრონი.ჯი"–ს რედაქცია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 18 წლამდე ასაკის მოზარდებმა და სუსტი ნერვული სისტემის მქონე ადამიანებმა ეს ვიდეო არ უნდა ნახონ.

რედაქციის გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა არ არის მიზანშეწონილი 18 წლამდე ასაკის მოზარდებისა და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის!