რა საუბარი შედგა ივანიშვილსა და ალასანიას შორის – “დაჟინებით იმეორებდა, რომ ალასანია კორუფციაში იყო ჩაფლული”(ექსკლუზივი)

"ივანიშვილმა  "თავისუფალი დემოკრატების"  წევრებს მიმართა და ჰკითხა – რატომ ეფარებით და იცავთ კორუმპირებულ ალასანიასო? რასაც მოჰყვა ხმაური და შეძახილები"

"ალასანიამ განაცხადა, რომ არ აპირებდა თავის მართლებას და ეს ყველაფერი სიცრუეა"


ლამისაა ნოემბერი ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის საკრალურ პერიოდად იქცეს. თუ ბოლო წლების ისტორიას გადავავლებთ თვალს,  საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები სწორედ ნოემბერს უკავშირდება.


კოალიცია სამუდამოდ რომ ვერ შეინარჩუნებდა  ერთიანობას, ეს ყველასთვის ცხადი იყო, თუმცა სულ ცოტა ერთი წლის განმავლობაში მის დაშლას ყველაზე სკეპტიკოსებიც კი არ ელოდნენ. მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ აირ-დარია, რაც პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაში ეჭვი შეიტანა. მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა, თუმცა ამ პროცესებში ერთი რამ ცხადად გამოჩნდა, ქვეყნის ინტერესებზე ნაკლებად თუ იფიქრა ვინმემ. თავდაცვის, აწ უკვე ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ საკმაოდ მწვავე განცხადებას, როდესაც მან თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანთა დაკავება ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე დარტყმად შეაფასა, მყისიერად მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება და ალასანიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება, რის შემდეგაც პრემიერმა "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე "თავისუფალი დემოკრატები" სრული შემადგენლობით პირადად მიიპატიჟა, მიპატიჟება "თავისუფალმა დემოკრატებმა" მიიღეს...

ყველა თითქმის დარწმუნებული იყო, რომ პოლიტსაბჭოს სხდომიდან გამოსული "თავისუფალი დემოკრატები" დატოვებდნენ მმართველ კოალიციასაც და საპარალამენტო უმრავლესობასაც, მაგრამ მაინც არსებობდა სულ მცირე შანსი იმისა, რომ კოალიციის ერთიანობის შენარჩუნება მოხერხებულიყო, მაგრამ შანსი შანსად დარჩა... ალასანიას პარტია "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციიდან წავიდა. პარტიის ლიდერები "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭის სხდომაზე ზუსტად 12 წუთის განმავლობაში გაჩერდნენ, სხდომიდან გამოსული ირაკლი ალასანიას განცხადებიდან შეიტყო საზოგადოებამ, რომ სხდომას ექსპრემიერი ბიძინა ივანიშილიც ესწრებოდა. "ჩვენ სიმბოლურად დავემშვიდობეთ ჩვენს პარტნიორებს. კოალიციაში აღარ იქნება პარტია "თავისუფალი დემოკრატები". რაც შეეხება დისკუსიას, ის რეალურად ვერ შედგა, აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სასაუბროდ არ მოვსულვართ ბიძინა ივანიშვილთან.  დაგეგმილი მქონდა, ჩვენი კოალიციის

პარტნიორებთან რეალურად გველაპარაკა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ის ნაბიჯი, რაც გადავდგით. სამწუხაროდ, ასეთი საუბარი ვერ შედგა." - განაცხადა სხდომიდან გამოსულმა ალასნიამ.

მის განცხადებაში აშკარად ჩანდა გაღიზიანების ნიშნები, რამაც ბუნებრივი გააჩინა ეჭვი, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა ხმაურიანად და ურთიერთბრალდებების რეჟიმში წარიმართა. როგორც პოლიტსაბჭოზე დამსწრე პირისგან შევიტყვეთ(მან ანონიმურად დარჩენა არჩია), სხდომის დაწყებისთანავე, სიტყვა ითხოვა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე დაიწყო ლაპარაკი:

“ის დაჟინებით იმეორებდა, რომ თავდაცვის სამინისტრო კორუმპირებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, და რომ ალასანიაც კორუფციაში იყო ჩაფლული. თავისი გამოსვლის ერთ მომენტში მან "თავისუფალი დემოკრატების" დანარჩენ წევრებს მიმართა და ჰკითხა – რატომ ეფარებით და იცავთ კორუმპირებულ ალასანიასო? რასაც მოჰყვა ხმაური და შეძახილები. რის შემდეგაც ალასანიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებდა თავის მართლებას, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, რაც მისი თქმით, სასამრთლოზე გამოაშკარავდება. ამის შემდეგ "თავისუფალმა დემოკრატებმა" სხდომა დატივეს”

ანა გიორგაძე