შემზარავი მკვლელობა მესტიაში - ქალიშვილობის დაკარგვის გამო გოგონა საკუთარმა ოჯახმა “ახანჯლა“!

“საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ლიდერი თამარ დადიანი ქალებზე გახშირებული ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და საქართველოში ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების პირველი გამოჩენის პერიოდს იხსენებს. დადიანის თქმით, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში და განსაკუთრებით მთაში შემორჩენილია მავნე ადათ-წესები. დღემდე, ისინი უამრავი ადამიანის ტრაგედიის მიზეზი ხდება და მათი შეცვლა აუცილებელია.


MediaCity-თან საუბარში თამარ დადიანმა 1995 წელს მესტიის რაიონში მომხდარი საზარელი, გაუხმაურებელი მკვლელობის დეტალები გაიხსენა, რომელიც სვანი რომეო და ჯულიეტას ტრაგიკული სიყვარულის შესახებ მოგვითხობს.

“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავად თუ კარგად, საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაადგა. ამ დროს, ანუ შევარდნაძის პერიოდში ოჯახურმა ძალადობამ, კონფლიქტებმა და ტრეფიკინგმა მასიური სახე მიიღო. ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტად გამოცხადდა და 1994 წელს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის რატიფიცირება მოხდა. კონვენცია ავალდებულებდა მის წევრ ქვეყნებს, რომ საზოგადოებაში შეცვლილიყო ქალთა მიმართა დამოკიდებულება და საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ქალთა უფლებების შემზღუდველი ადათ-წესები. საქმე იქამდე მივიდა, რომ თურქეთში ქართველ ქალებს ფეხის კოჭზე ფასს აწერდნენ. აი, ასეთ რეალობაში ჩამოყალიბდნენ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები. ჩვენი ორგანიზაცია 2000 წელს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით გაერთიანდა “ეუთოს“ მისიაში, რომელშიც 80 არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ქალი იყო შესული. საქართველოში, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, ყველაზე ცუდი მდგომარეობა სვანეთში იყო. ამიტომ, ქალთა უფლებებზე ტრენინგების და ლექციების ჩატარების მიზნით, ერთკვირიანი მივლინებით სვანეთში მიმავლინეს. იმ დროს, ამ კუთხის მოსახლეობისთვის, მოუტაცებელი ქალის ოჯახში რძლად შეყვანა სირცხვილად ითვლებოდა. რასაკვირველია, ოჯახში შეყვანამდე საქმროსთან ფიზიკური სიახლოვე გამორიცხული იყო. არასოდეს დამავიწყდება 1995 წელს მესტიის რაიონში მომხდარი ეს შემზარავი ამბავი. გვარის დასახელებას მოვერიდები. ერთ ოჯახს ოთხი ვაჟი და ერთი ულამაზესი გოგონა ჰყავდა, რომელზეც იმავე სოფლელი ვაჟი იყო შეყვარებული. გოგონას სხვა უყვარდა და როგორც შემდეგ გაირკვა, შეყვარებულთან, რომელსაც საქმროდ მიიჩნევდა, ფიზიკური სიახლოვეც ჰქონდა. ამის შესახებ გაიგო უარყოფილმა ვაჟმა და ოჯახის უფროსს გააგებინა. მამის აღშფოთებას ისიც დაემატა, რომ გოგონას დასჯა სოფელმაც მოითხოვა. მამამ გადაწყვეტილება მიიღო და “წესის ასრულება“ უფროს ვაჟს ანუ გოგონას ძმას დაავალა. ეს გოგო საჯაროდ იქნა მოკლული ძმის მიერ, ხმლით აქნეს. ტრაგედიის შემდეგ გოგონას შეყვარებულმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე გოგონას საქმრომაც. დედა, რომელმაც შვილის დაცვა ვერ შეძლო, ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სიცოცხლე იქ დაასრულა“ - იხსენებს ქალთა უფლებადამცველი.

მომხდარი ტრაგედიის შეფასებისას, თამარ დადიანი მოკლული გოგონას დედის უუფლებო მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. დედა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მასთან შეხვედრა და გასაუბრება ვერ მოახერხა. რაც შეეხება, მკვლელობაზე სამართალდამცავების რეაგირებას, დადიანის თქმით, ვინაიდან მომხდარი ტრაგედია ოჯახის “შიდა საქმედ“ ითვლებოდა, არავინ დასჯილა.

ერთი ლამაზი სიყვარულის ისტორია სამი ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილით დასრულდა, თუმცა მომხდარის გამო არავინ დასჯილა. ასეთი მკვლელობები სვანეთში “ოჯახის საქმედ“ ითვლებოდა და თითქმის არავის სჯიდნენ. რასაკვირველია, ასეთი მანკიერი ადათები შესაცვლელი იყო და ამ კუთხით დიდი მუშაობა დაიწყო, მაგრამ უცხოელი დონორების დაკვეთიდან გამომდინარე, ბევრმა ორგანიზაციამ სტარტი არასწორი მიმართულებით აიღო და ფინანსური დაინტერესების გამო საკუთარ პრინციპებზე უარი თქვა.

“ქართველი ქალი თავისი შინაგანი ბუნებით ოჯახის და ქმარ-შვილის მოყვარულია. მისი შინაგანი კოდის შეცვლა და მამაკაცური თვისებების მიწერა, თავად ქალებს დააზარალებს. უფლებადამცველი ორგანიზაციების უმეტესობა შევარდნაძის პერიოდში, უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე შეიქმნა, აქედან გამომდინარე, ბევრი გრანტებს დახარბდა. სწორედ იმ პერიოდში, სექსუალური უმცირესობების დაცვისთვის ამსტერდამიდან მილიონიანი გრანტი შემოგვთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვით. რასაკვირველია, სექსუალური უმცირესობების, როგორც ყველა დანარჩენის უფლებებსაც დაცვა სჭირდება, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს ეროვნულ მოძრაობაში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმე არ იყო. მერე ჰოლანდიელებმა სხვა ორგანიზაცია ნახეს და თავიანთი პროექტი იქ განახორციელეს. ყველა არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციას მოვუწოდებ, რომ სანამ უცხოელი დონორების კაპრიზებს ბრმად მიენდობიან, კარგად გაიაზრონ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესებში საქართველოს როლი, ჩვენი ეროვნული მისია და მხოლოდ ამის შემდეგ დასთანხმდნენ. ან, არ დასთანხმდნენ“- აცხადებს თამარ დადიანი.

მარი ჯანაშია
წყარო: mediacity.ge