"თავისუფალი დემოკრატების“ გაღიზიანება ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია“

როგორც ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, შეხვედრაზე ყოფილი პრემიერის მიერ დასმული შეკითხვები თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა.

"ნამდვილად გულდასაწყვეტია ის, თუ როგორ განვითარდა ბოლო დღეების განმავლობაში მოვლენები. გულდასაწყვეტია ის, რომ დღეს „თავისუფალმა დემოკარტებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება და დატოვეს კოალიცია. მე ადამიანურად გული დამწყდა, რადგან ამ ადამიანებთან ერთად 2 წლის განმავლობაში მძიმე დღეები გამოვიარეთ. რთული იყო წინა ხელისუფლების პირობებში საარჩევნო კამპანიის ჩატარება და ჩვენ გვახსოვს, თუ როგორი ზეწოლა მიმდინარეობდა განსხვავებული აზრისა და შეხედულებების მქონე ადამიანზე“, - განაცხადა კალაძემ.


მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე „თავისუფალი დემოკრატების“ გაღიზიანება თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმულმა შეკითხვებმა გამოიწვია.

„თვითონ გაღიზიანება რამ გამოიწვია, ეს იყო კონკრეტული კითხვები, რომელიც დასვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მე მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოწვეული იყო ჩვენი ინიციატივით, რადგან ის გახლდათ ამ კოალიციის დამფუძნებელი და როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან იყო განაწყენებული. ზუსტად მთელი საზოგადოება, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც კოალიციის წევრები არიან, გავერთიანდით ამ ადამიანის ირგვლივ. ამის გამო იყო მოწვეული ბატონი ბიძინა და გაღიზიანება გამოიწვია სწორედ იმ კითხვებმა, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებას“, - განაცხადა კალაძემ.

 ნათია რუხაძე  http://pia.ge/