სამეგრელოს საოლქო პროკურატურასთან ბექა პერტაიამ თავის დაწვა სცადა

ხმაურია ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურატურის შენობასთან. 23 აგვისტოს ქურდობის ფაქტზე დაკავებული რუსლან პერტაიას შვილმა ბექა პერტაიამ პროკურატურასთან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. მას დამწვარი აქვს სხეულის მცირე ნაწილი, თუმცა მიუხედავად ამისა ის ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაშია” გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია. ადგილზე სიტუაციას აკონტროლებს ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები.

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ქურდობის ფაქტზე დაკავებული რუსლან პერტაიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესის შემდეგ დაკავებულის ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს რუსლან პერტაიას დაკავების საქმესთან დაკავშირებით და მის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვდნენ. რუსლან პერტაია თხილის ქურდობის გამო 23 აგვისტოს დააკავეს, რის შემდეგაც ის საპყრობილეში შიმშილობდა.