როგორი უნდა იყოს მედეა მეზვრიშვილის ქანდაკება: ცალ ხელში ხმალი, მეორეში - მე-12 საუკუნის საქართველოს რუკა

გადაცემაში „იმედის კვირა“ საგარეჯოში მედეა მეზვრიშვილის ბიუსტის დადგმის ინიციატივის შესახებ ისაუბრეს. გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად კახეთიდან იდეის განხორციელებით დაინტერესებული მერი ზაალიშვილი მივიდა და განაცხადა, რომ ყოფილი გუბერნატორისთვის ძეგლის დადგმა მთელი თელავის სურვილია.


„რა ხდება და ღვაწლმოსილი ადამიანის, ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანის დაფასებაა ეგ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება... ქალბატონი მედეა განსაკუთრებულად უყვარდა ხალხს. როცა სურვილი დიდია, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს - თელაველები მომხრე არიან ამის, ერთხმად უჭერენ მხარს ამ იდეას“, - აცხადებს მერი  ზაალიშვილი.

მისი თქმით, მედეა მეზვრიშვილი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ყველა ფორმაციაში, ყველა დროს ქვეყნისთვის საჭირო საქმეები ეკეთებინა: „ერთხელ ის პარტიის აქტივის კრებაზე გამოვიდა და თქვა, რომ ბოგდან ხმელნიცკი ვინ არის, ყველამ თავისი მკვდარი იტიროსო, ჩვენ კი კახეთში ერეკლე მეფის ძეგლი დავდგათო...“

შეკითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ვიზუალურად ქალბატონი მედეას ბიუსტი, მერი ზაალიშვილმა ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ამბობდა, რომ სულ მალე კახეთში დაიდგმება ქალის ქანდაკება - ერთ ხელში ხმლითა და მეორეში - მე-12 საუკუნის საქართველოს რუკით ხელში და ეს იქნება მედეა მეზვრიშვილის ქანდაკება.

მერი ზაალიშვილს სტუდიაში მიტანილი ჰქონდა წიგნი „მედიკო“ და კახეთში გამომავალი გაზეთ „მედეას“ ერთი ნომერი.