ნანუკა ჟორჟოლიანი აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" შალვა აბულაძის დაკავებას ეხმაურება: 

"გავრცელებული ინფორმაციით, აბულაძის ოთხ მეგობარს ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ეს აბულაძეზე მორალური ზემოქმედების გამო გააკეთა.
მორალისტებმა რაც არ უნდა ჩამქოლონ, არ გავაკრიტიკებ პოლიციას!
მაგრამ კითხვა მაქვს რა.

ვთქვათ დავიჯერე რასაც პროკურატურა ამბობს, რომ გოგა ონიანმა კრიმინალს ნარკოტიკი ჩაუდო და ბრალიც წაუყენეს. ან, ის რომ სოდი კრიმინალებს ამ გზით იჭერდა წარსულში..
მათი "ჩადებული" ნარკოტიკი რატომ არის დანაშაული და თქვენი "ჩადებული" ნარკოტიკი აუცილებელი და საჭირო ხერხი, კრიმინალის დასაკავებლად?!
ანუ, რატომ მოსულა თქვენთვის ის, რისთვის სხვებს დევნით?!" - ნათქვამია ნანუკას სტატუსში.

შეგახსენებთ, რომ აბულაძის აყვანის სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას ჩატარდა. შსს-ს განმარტებით, სახლიდან, საიდანაც აბულაძე აიყვანეს, ორი პისტოლეტი და ერთი ხელყუმბარა ამოიღეს. ბორჯომიდან თბილისში აბულაძის გადმოყვანა ვერტმფრენით განხორციელდა.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ შალვა აბულაძის მეგობარმა რამინ მამედოვმა პოზიცია შეცვალა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდება დღევანდელ პროცესზე აღიარა. 
მამედოვმა, რომელსაც წარდგენილი ბრალდების საფუძველზე, 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული, რომელსაც ედავებიან, ჩაიდინა.

აღსანიშნავია, რომ მამედოვის დაკავების შემდეგ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებდნენ, რომ მისი დაკავება მოხდა პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძესთან მეგობრობის გამო. პროცესამდე ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ მამედოვს ნარკოტიკი ჩაუდეს, რათა გამოძიებისთვის აბულაძის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. პროცესის დასრულების შემდეგ ოჯახის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.