პატრიარქის ზამთრის ბაღი-ადგილი სადაც ილია მეორე მარხვის ყველაზე მძიმე კვირას ატარებს

ვნების კვირაში, მძიმე მარხვასა და მოსალოდნელ სიხარულში განმარტოებული პატრიაქრი ზამთრის ბაღში ლოცულობს.

აქაურობა დაახლოებით 20 წლის წინ უწმინდესმა თავის ხელით მოაწყო. თითოეულ მცენარეს დღემდე სათუთად უვლის, ადამიანებივით ესაუბრება და ცდილობს ყურადღება არცერთს მოაკლოს.


თეთრი ორქიდეა უწმინდესის საყვარელი ყვავილია. ბაღში ყველაზე ბევრი 100 წლიანი ბონსაის ხეები და მრავალფეროვანი კაქტუსებია. ორანჟერეის ერთ-ერთი პირველი მკვიდრიც, ეს ბონსაია, რომელიც პატრიარქმა წლების წინ საჩუქრად ცნობილი ფეხბურთელისგან მიიღო. მცენარეების უმეტესობა ძღვენია. სხვადასხა ქვეყნიდან ქოთნის ყვავილების დიდი ნაწილი თავად ჩამოიტანა.

უწმინდესმა 2 იადონიც საჩუქრად მიიღო, გამრავლდნენ და დღეს საპატრიარქოში 50 ზე მეტი იადონი ბუდობს. წლების წინ ისინიც ზამთრის ბაღში ბინადრობდნენ. პატრიაქის ორანჟერეაში მოხვედრილი სტუმრები აქაურობას ხშირად სამოთხის ბაღს ადარებდნენ.

სიმბოლურია პატრიარქის მშობლების ფოტო როიალზე. ილია მეორე ხშირად საუბრობს ბავშვობასა და დედ-მამაზე, ამიტომაც იქ, სადაც საგალობლებს წერს, ეს კავშირი უწყვეტია.

მიწისა და მცენარეების მოყვარულ პატრიარქს ორანჟერეაში ლიანა ისაკაძის ნაჩუქარი მევიოლინე გოგონას მელოდია, ჩიტების ჭიკჭიკი და მცენარეების სურნელი მუდმივად ყაზბეგში აბრუნებს. ახლა საპატრიარქოში სააღდგომო სამზადისია. ყველაზე მძიმე კვირას პატრიარქი თავის ბაღში განმარტოებული ატარებს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ კი ბაღის კარი სტუმრებისთვის ისევ გაიღება.