რატომ უპირისპირდება ქართველ მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამერიკაში მოღვაწე ქართველ მეცნიერს გია დვალს?

საერთო გაზეთი
რატომ უპირისპირდება ქართველ 
მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამერიკაში 
მოღვაწე ქართველ მეცნიერს გია დვალს?

ქვეყანაში განხორციელებულ ახალ პროექტთა შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სამედიცინო სფეროში ისეთი საშუალებების დამკვიდრება, რომელიც ხელს შეუწყობს ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვას უახლოესი მეთოდებით. ადრონული თერაპიის ქვეყანაში დანერგვაც, სწორედ ამან განაპირობა, თუმცა, უკვე გაჩნდა სერიოზული ეჭვი იმისა, რომ ეს მეთოდი უვარგისია და შეიძლება ადამიანის გამოჯანმრთელების ნაცვლად პირიქით შედეგი მოგვცეს.
თემასთან დაკავშირებით ვესაუბრებით ფიზიკა-მათემატიკურ მე-ცნიერებათა დოქტორს, ამერიკის ფიზიკური საზოგადოების წევრს, ბატონ მერაბ ჯიბლაძეს.


- ბატონო მერაბ, რას გვეტყვით ადრონული თერაპიის შემოტანაზე საქართველოში, როგორც მეცნიერი, თვლით, რომ ის მკურნალობის უახლოესი მეთოდია ონკოლოგიაში? ტექნოლოგიის ქვეყანაში შემოტანას ხელს უწყობს ხელისუფლება თუნდაც იმიტომ, რომ მის უკან დგას ქართველი მეცნიერი გია დვალი, რომელიც თვლის, რომ ადრონული თერაპია ბოლო სიტყვაა ონკოლოგიაში, თუმცა საკმაოდ ძნელად განსახორციელებელი.
- უფრო გასაგები რომ გახდეს ყველაფერი დავიწყებ თავიდან. სამწუხაროდ, ბატონ გია დვალის განცხადებით სიმსივნის ადრონული თერაპია, ეს არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად. ეს მტკნარი სისულელეა, რადგანაც არც ერთ ადრონს არ შეუძლია იმის გარჩევა, თუ რომელია ჯანსაღი ან დაავადებული უჯრედი, სანამ ადრონი (ნეიტრონი ან პროტონი) კიბოთი დაზიანებულ ადგილს მიაღწევს, ის უამრავ ჯანსაღ უჯრედს გაანადგურებს და კიბოს უჯრედების გავლის შემდეგაც არ დაადგება კარგი დღე შემდეგ ჯანმრთელ უჯრედებს. ნაკადის მთელ გზაზე _ ყველა უჯრედი განწირულია. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ სიტყვა ჰადრონი (Hადრონ) წარმოადგენს ელემენტარული ნაწილაკების მოზრდილ კლასს, რომელშიც შედიან პროტონები, ნეიტრონები, მეზონები, ეგზოტიკური ბარიონები და ეგზოტიკური მეზონები. რუსულ ლიტერატურაში ეს ტერმინი ცნობილია როგორც «Àäðîí» ხოლო ქართულად სწორი იქნება თუ ვიხმართ ტერმინ „ჰადრონს“ - ეს ცნობისთვის. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნეიტრონული თერაპია უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც ძალიან კარგად არის ცნობილი განვითარებულ ქვეყნებში და ის უახლოესად ვერ ჩაითვლება! საქართველოშიც რამდენიმე ეფექტური დანადრაგია ნეიტრონების დასხივებით ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. მართალია გ. დვალმა დიდი აჟიოტაჟი ატეხა ამ ახალ მეთოდზე, მაგრამ შესაძლოა ნეიტრონის ნაცვლად პროტონი ჰქონდეს მხედველობაში, ვინაიდან პროტონული თერაპიაც არსებობს, თუმცა, ის ჯერჯერობით წარუმეტებელია, რადგან ნეიტრონებთან შედარებით სამკურნალოდ გაცილებით ნაკლებად ეფექტურია. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ნეიტრონის ბირთვის მიერ ჩაჭერისას ბირთვის მახლობელ გარემოში გამოიყოფა სითბური ენერგია და ის ამ მიკროგარემოში იმდენად დიდია, რომ მისი ქმედების შედეგად არა მარტო მოლეკულა იშლება, რომლის შემადგენლობაშიც ეს ბირთვია, არამედ მთელი ცოცხალი უჯრედიც კი შეიძლება დაიშალოს და მოკვდეს. ამ დროს საერთოდ უაზრობაა იმაზე საუბარი, რომ ეს უჯრედი ავთვისებიანია თუ ნორმალური.
ნეიტრონებისგან განსხვავებით, პროტონის ჩაჭერა ბირთვის მიერ ენდოთერმული რეაქციაა და ის ენერგიის შთანთქმით მიმდინარეობს. თუ პროტონების ენერგია დიდია, ის ნებისმიერ ცოცხალ უჯრედსაც დაანგრევს და აქაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, უჯრედი ჩვეულებრივია თუ კიბოს უჯრედს წარმოადგენს. ეს ნებისმიერმა ფიზიკოსმა იცის, თუმცა გ. დვალისთვის ეს უცნობია! ამასთანავე ცხადია, რომ პროტონის დადებითი მუხტის გამო მისი ორგანიზმის სასურველ უბანში შეტანა გართულებულია (ნეიტრონებისგან განსხვავებით) ბირთვებისგან დიდი გაბნევის გამო. სწორედ ეს გაბნეული პროტონები წარმოადგენს კიდევ უფრო დიდ საშიშროებას ჯანმრთელი უჯრედებისათვის!
მთელი სირთულე ნეიტრონული დასხივებით მკურნალობის დროს იმაში მდგომარეობს, რომ ნეიტრონულმა ნაკადმა ჯანმრთელი უჯრედების რაც შეიძლება მცირე უბანი დაასხივოს, ამ მხრივ ყველაზე დიდი წარმატებები მოიპოვა ე. წ. „ბრაჩი თერაპიამ“ (ახლო თერაპია), რომელიც 20 წელზე მეტია დანერგილია აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. ამ მეთოდით ავადმყოფის ორგანიზმის კიბოთი დაავადებულ უბანში, ნემსებით შეყავთ რადიოაქტიური იოდი, რომელიც გამოტყორცნის ნეიტრონებს უშუალოდ კიბოთი დაავადებულ არეში. ნეიტრონები სხეულში ორ სანტიმეტრზე მეტს ვერ გადის და კიბოთი დაზიანებული ბირთვებით ჩაიჭირება. ამდენად, ამ მეთოდის გამოყენებით არ ზიანდება ჯანმრთელი ცოცხალი უჯრედები, თუმცა, ამ მეთოდში გამოიყენება მხოლოდ ის რადიოაქტიური ნივთიერებები, რომელთა ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით ერთი თვეა. ამდენად, იზღუდება დრო რადიოაქტიური ბირთვების მიღებიდან მის მედიცინაში გამოყენებამდე, რაც აძვირებს მკურნალობის პროცესს.
- ნუთუ არ შეიძლება ამ მეთოდის საქართველოში შემუშავება და დანერგვა, რომ აქვე მივიღოთ რადიოაქტიური იოდი და გამოვიყენოთ?
– ცხადია შეიძლება, აუცილებელი არ არის პაციენტები აშშ-ში ან ევროპაში წავიდნენ და ხარჯები გაუათმაგდეთ, აქვე გავაგრძელებ, რომ ცხადია მედიცინაში პროტონებთან შედარებით ნეიტრონების გამოყენება გაცილებით ეფექტური და ცოცხალი უჯრედებისთვის ნაკლებად ზიანის მომტანია, მაგრამ ის, რასაც გ. დვალი გვთავაზობს, მხოლოდ განვითარებად ქვეყნებში ექსპერიმენტების სახით შეიძლება გამოიცადოს! ხალხს აქ გამოსაცდელ `კროლიკებად~ მიიჩნევენ და ამიტომაც გავრცელდა ჩვენთან ქიმიოთერაპია, რომელიც მთელ ორგანიზმს სწამლავს და კიბოთი დაავადებულებს, სწრაფად უშვებს საიქიოში _ ასეთივე იქნება ეს ადონური თერაპია _ უბედურება კი სწორედ ის არის, რომ გაუნათლებელ საზოგადოებაში ხდება ეს საშინელი ექსპერიმენტები სხვადასხვა `თანამედროვე~ აცრებისა თუ მკურნალობის გზით. საუბარი პროტონულ თერაპიაზე ბოლო დროს დაიწყო, მაგრამ ვერ გავრცელდა, რადგანაც ფიზიკოსებისთვის ცხადია მისი გამოყენების სავალალო შედეგები. თუმცა, საქართველოში და სხვა განვითარებად ქვეყნებში ნებისმიერი ექსპერიმენტი დაშვებულია. სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენ ქვეყანაში დაშვებულია ასევე კობალტის დასხივებით მკურნალობა, რაც აიკრძალა ევროპის ქვეყნებში, რადგანაც კობალტით დასხივება აჩქარებს კიბოთი დაავადებულების სიკვდილს.
- აქედან გამომდინარე თქვენ ფიქრობთ, რომ სხივურ თერაპიაში ყველაზე უკეთესია `ბრაჩი თერაპია~?
- დიახ, ეს რეალობაა და იმიტომაც არის განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე გავრცელებული მეთოდი, რომლის საშუალებითაც უშუალოდ სიმსივნის უბანში შეჰყავთ ნემსებით რადიოაქტიური იოდი. რომლის ნახევარდაშლის პერიოდი დაახლოებით ერთი თვეა და ამის შემდეგ იოდის ეს იზოტოპი ჩვეულებრივ სტაბილურ იზოტოპად გარდაიქმნება. ამასთანავე ამ ნეიტრონების ენერგია ისეთია, რომ მისი გავრცელების მანძილი სხეულში 2 სმ-ს არ აღემატება.
ამრიგად, ნეიტრონული დასხივების მხოლოდ ეს მეთოდი არ იწვევს ჯანმრთელი უჯრედების სიკვდილს და დღეს ამერიკაში ყოველწლიურად 100 ათასზე მეტი ოპერაცია სწორედ `ბრაჩი თერაპიით~ კეთდება. სამწუხაროდ, იგივე ამერიკელები ჩვენ ისეთ თერაპიას გვთავაზობენ, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის გაღატაკებას და განადგურებას აჩქარებს.
- ბატონო მერაბ, არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ გ. დვალის თეორიას, სამყაროს დიდი აფეთქების შესახებ, ჩვენში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უცხოელების აზრი როგორია ამის თაობაზე?
- სამწუხაროდ, გ. დვალის მიერ სიმების თეორიის გამოყენებამ სამყაროს დიდი აფეთქების თეორიის დასაცავად უკვე კრახი განიცადა, რადგანაც აფეთქების თეორიას, რომელიც მსოფლიოში არსებულ ყველა რელიგიას უპირისპირდება, უდიდესი სიძნელეები შეექმნა. ამიტომაც გ. დვალი ახლა მედიცინის `სამსახურში~ ჩამდგარა, რათა ფული იშოვნოს, ხოლო თუ რა ექსპერიმენტატორია ბატონი ლომთაძე, ჩემთვის უცნობია, თუმცა ალბათ თეორეტიკოს გ. დვალს არ ჩამოუვარდება. სამწუხაროა ადონური თერაპიის დანერგვის ამ კომისიაში არც ერთი მედიცინის წარმომადგენელი და მეცნიერი არ არის, ხელისუფლება კი ბრმად ენდო შემოთავაზებას. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვისთვისაც ფულია მთავარი, მაგრამ ხომ არიან ისეთებიც, ვისთვისაც ერი და სამშობლოა მთავარი. თუ ხელისუფლება მაინც დანერგავს ამ მეთოდს მკურნალობისთვის, პაციენტებს სიცოცხლეს მოუსწრაფებს მხოლოდ და მეტი არაფერი.

P.შ. ბატონ მერაბ ჯიბლაძის საუბრიდან ჩანს, რომ საკითხი მეტად რთულია და მნიშვნელოვანი, ამიტომ თუ ჯანდაცვის რეფორმა ხალხზე ზრუნვას ითვალისწინებს, უპრიანი იქნება შეიქმნას კომისია მედიცინის მუშაკებისა და მეცნიერთა შემადგენლობით, რომელიც შეისწავლის საკითხს და დაადასტურებს, რომელ ქვეყნებშია დანერგილი ადრონული თერაპია და რატომ. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ჩვენში დაინერგოს ონკოლოგიის ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა `ბრაჩი თერაპია~, რომლითაც მკურნალობენ დასავლეთის ქვეყნებში.

ეთერ კასრელიშვილი