სააკაშვილი: არსებობს ხალხი, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილი უფრო დიდი მტერია, ვიდრე პუტინი

„სამწუხაროდ, დღესაც გვყავს ხალხი, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი უფრო დიდი მტერია საქართველოსთვის, ვიდრე პუტინი“, - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ჩართვისას განაცხადა, სადაც 26 წლის წინ, 9 აპრილს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. 

„9 აპრილის ბრძოლა ჩემთვის არის ის, თუ რა არის საქართველოს ფასეულობა, დამოუკიდებლობა, ვინ არის საქართველოს მტერი, ვინ არის საქართველოს მოყვარე, რა უნდა იყოს ქართველი ერის ბრძოლის მეთოდები, ყველაფერი ის, რაზეც დღესაც ვკამათობთ და არ ვართ ბოლომდე ჩამოყალიბებული.

სამწუხაროდ, დღესაც გვყავს ხალხი, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი უფრო დიდი მტერია საქართველოსთვის, ვიდრე პუტინი. ესენი ამბობენ, რომ თურმე, საქართველო 9 წელი ინგრეოდა. მათ მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია რუსეთთან თვალების პაჭუნით მოლაპარაკებები. ეს არის სწორედ ის, რასაც შთააგონებდნენ ქართველ ელიტას ასწლეულების განმავლობაში,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.