ჟურნალისტ ირმა ინაშვილის ბავშვი საავადმყოფოშია. როგორც ინაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, დაჩის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ბავშვი რეანიმაციაში რჩება.
ირმა ინაშვილი პრემიერმინისტრსა და მის მეუღლეს, ასევე ჯანდაცვის მინისტრს ყურადღებისათვის მადლობას უხდის.
"დიდი მადლობა უსაზღვრო სითბოსთვის. შეძრული ვარ ასეთი მხარდაჭერით... მართალია, რეანიმაციაში ვრჩებით, მაგრამ დაჩის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმები ამბობენ, რომ უკეთესადაა. თვითონაც ასე ამბობს... :))) გამახარა პრემიერის და მისი მეუღლის თანადგომამ, რომლებმაც გულთან ძალიან ახლოს მიიტანეს დაჩის ავადმყოფობის ამბავი. ასევე, ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან გამოჩენილ ყურადღებას ვაფასებ და მადლობას ვუხდი ბატონ დავითს... ცხადია, გამოვყოფ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხელმძღვანელობის და მედპერსონალის ძალისხმევას, რომლებიც მთელი ორი ღამის განმავლობაში ომობდნენ ათობით ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად. რასაც მე ვუყურე, ეს მართლა ომი იყო. დიდი მადლობა უცნობ თბილისელებს, რომლებიც მთელი დღის მანძილზე მიდიოდნენ საავადმყოფოს შესასვლელში და ინტერესდებოდნენ დაჩის მდგომარეობით. ნაცნობებს, უახლოეს მეგობრებს მადლობას, უბრალოდ, ვერ გიხდით... როცა გვიჭირს, ჩვენ ისედაც ერთად ვართ და ასეც უნდა იყოს. საქართველოს ათობით მონასტერი იყო ჩვენთან... გმადლობ, უფალო, რომ მარტო არ მტოვებ და მაძლიერებ",– წერს ინაშვილი "ფეისბუქზე".