კიტრი დაახლოებით 93-94% წყალს შეიცავს. თუმცა ეს უბრალო წყალი არ გახლავთ - კიტრის წვენი წარმოადგენს სტრუქტურულ სითხეს, რომელიც აუმჯობესებს მთელი ორგანიზმის მეტაბოლიზმს.
ამ სითხის მეშვეობით ორგანიზმში წესრიგდება ცვლის პროცესები. ის ხელს უწყობს წყლის ბალანსის შენარჩუნებას, ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შხამების გამოდევნას, აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს. კიტრი მდიდარია B ჯგუფისა და PP ვიტამინებით, ბიოტონით. ის, ასევე, შეიცავს ასკორბინის მჟავას, რეტინოლსა და ტოკოფეროლს. მასში უხვადაა ეთერზეთები, აგრეთვე, ნივთიერება, რომელიც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას.
კიტრში ასევე უხვადაა მინერალები, მათ შორის, გოგირდი და იოდი, რომლებიც ყველაზე ხშირად აკლია ორგანიზმს; ფოსფორი, რკინა, კალციუმი და მაგნიუმი, ქლორი, კალიუმი. კიტრიდან წვენის გამოწურვისას ყველა სასარგებლო ნივთიერება უკლებლივ და უცვლელად გადადის სითხეში. ამიტომ კიტრის წვენი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
კიტრის წვენი შეიძლება მიიღოთ სუფთა სახითაც და შეიძლება სხვა წვენებიც შეურიოთ. ის სასარგებლოა, როგორც ზოგიერთი დაავადების პროფილაქტიკისთვის, ისე უკვე არსებული დეფექტების კორექციისთვის.
საჭმლის მონელების პრობლემები
მწარე კიტრის წვენი სასარგებლოა მუცლის არეში ჩხვლეტებისა და სიყვითლით მიმდინარე ღვიძლის დაავადებების დროს. დილა-საღამოს, ჩვეულებრივ, სვამენ ნახევარ ჭიქა კიტრის წვენს გამწვავებული გასტრიტის ან წყლულოვანი დაავადებისას, განსაკუთრებით, მაღალი მჟავიანობის ფონზე. საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური მუშაობის აღსადგენად რეკომენდებულია თაფლგარეული კიტრის წვენი.
შეკრულობისას, განსაკუთრებით ორსულთათვის, სასარგებლოა უზმოზე 100 მილიგრამი კიტრის წვენის დალევა. საჭიროების შემთხვევაში, თუ დაავადება შორს წასულია, რეკომენდებულია წვენის მოცულობის ერთ ჭიქამდე გაზრდა; სასურველია, თაფლიც დაუმატოთ. მკურნალობის კურსი სამ კვირას მოიცავს.
ბევრს ჭამის შემდეგ კუჭის წვა ეწყება. მასთან გამკლავებაში ჭარხლის ან სტაფილოს წვენთან გაზავებული კიტრის წვენი დაგეხმარებათ. ისინი ამცირებენ კუჭის წვენის მჟავიანობას, აწესრიგებენ ნაწლავთა მოტორიკას და აფერხებენ მჟავის უკან, საყლაპავში ამოსროლას. წვენებს სვამენ მონაცვლეობით, 30 მილიგრამს სამჯერ დღეში ჭამამდე.
გარეგანი გამოყენებისთვის
კანისა და თმისთვის კიტრის წვენის გამოყენება კარგ შედეგს იძლევა - ის სწრაფად აშუშებს მსუბუქ იარებს, კურნავს ფერიმჭამელებს. ფრჩხილების სწრაფი ზრდისთვის გაიკეთეთ კიტრის წვენის აბაზანები. კიტრის წვენს მცირე რაოდენობით შეურიეთ მარილი და ლუდი.
ღრძილებიდან სისხლდენისა და პირის ღრუში უსიამოვნო სუნის პროფილაქტიკისთვის შეგიძლიათ, პირში კიტრის წვენი გამოივლოთ.
ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად კიტრის წვენს შეურიეთ მცირეოდენი ლიმონის წვენი და მიღებულ ნაზავში დასველებული ბამბის ტამპონით სახე გაიწმინდეთ.
გაითვალისწინეთ, სამკურნალოდ ვარგისია მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ პირობებში მოწეული პროდუქტი.
სხვა ორგანოთა დაავადებები
თაფლიანი კიტრის წვენი გიშველით მშრალი ხველების დროს - მიიღეთ 3 სუფრის კოვზი, სამჯერ დღეში.
კიტრის წვენი ბევრ იოდს შეიცავს. ამიტომ სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დროს.
კანის პრობლემების დროს დაგეხმარებათ თანაბარი რაოდენობით გაზავებული კიტრისა და სტაფილოს წვენი. ლამაზი კანის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ კიტრის, სალათისა და სტაფილოს წვენები.
დალიეთ ერთი თვის განმავლობაში - თქვენი კანი უფრო მკვრივი და ელასტიკური გახდება. კიტრისა და ისპანახის წვენი თმის ზრდის პროცესს აუმჯობესებს; აგრეთვე, ეფექტური საშუალებაა რევმატიზმის დროს, რადგან ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოდევნის.
კიტრის წვენი კარგად ეხამება სხვა ხილ-ბოსტნეულის წვენებს, ნივრის წვენსაც კი, ასევე, სამკურნალო ბალახეულის წვენსა და კეფირს. გაითვალისწინეთ, რომ კიტრის წვენმა თავიდან შეიძლება შლაკების დაგროვების გამო ძლიერ შეასუსტოს ნაწლავების მოქმედება. ამიტომ წვენების მიღება მცირე დოზებით, 50-100 მილიგრამიდან დაიწყეთ.