“ანანოს მიმიხედე” – რა გახდა 21 წლის ახალგაზრდას თვითმკვლელობის მიზეზი

21 წლის ბექა გოგიტიძემ თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ბოლო SMS მამიდაშვილს მისწერა. „კვირა“ სწორედ ბექას მამიდაშვილს ესაუბრა, რომელმაც SMS-ის შინაარსი გაგვიმხილა.
ბექამ ნათესავს 16 ივნისს, 23 საათსა და 15 წუთზე მობილურზე გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც ის ნათესავს სთხოვდა, რომ ანანოსთვის მიეხედა. ბექას მამიდაშვილისთვის შეტყობინება გაუგებარი აღმოჩნდა, რადგან ის მისთვის უცხო ნომრიდან მივიდა. ბექას და მისი მამიდაშვილის საუბრის ზუსტი შინაარსი კი ასეთია:
„- ანანოს მიმიხედე, ჩემი ძმა ხარ!!!
- რომელი ხარ?

- დეიკიდე, გაგეხუმრე…
- ჯიგარი ხარ, მაგრამ რომელი ხარ?“
გარდაცვლილის ნათესავის თქმით, მან არ იცოდა, რომ ბექა სწერდა. ეს მოგვიანებით პოლიციამ დაადგინა. ბექას მამიდაშვილი თვითმკვლელობის მიზეზებსა და დეტალებზეც საუბრობს. მისი თქმით, ბექა მუშაობდა თურქეთში, სადაც ქართველი გოგონა გაიცნო და შეუყვარდა. მათ ურთიერთობა დაახლოებით 2-3 თვის მანძილზე ჰქონდათ. როგორც გარდაცვლილის ნათესავი „კვირასთან“ საუბრისას ამბობს, ბექამ რამდენჯერმე გამოთქვა წუხილი, რომ გოგონა მისი ღირსი არ იყო, არც ოჯახისთვის შესაფერისი, მაგრამ ძალიან უყვარდა და არ იცოდა, რა ექნა. ბექა ფიქრობდა, რომ შესაძლოა, ბევრი ადამიანი მისი არჩევანს შეწინააღმდეგებოდა.
„უყვარდა ერთი გოგონა, რომელთან ერთადაც მუშაობდა თურქეთში. ამ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა. სანამ კარგად გაიცნობდა და მიხვდებოდა, ვისთან ჰქონდა საქმე, უკვე შეუყვარდა. როდესაც გაიგო, რომ ეს გოგონა არ შეიძლებოდა მისი ღირსი ყოფილიყო, და შესაძლოა, ამ გოგოს წინააღმდეგიც ყოფილიყვნენ. გოგონა რამდენიმე წლით უფროსი იყო. სიყვარულის შესახებ ოჯახში არ განუცხადებია. რამდენჯერმე გამოთქვა გულისტკივილი. ამბობდა, რომ არ არის ოჯახისთვის შესაფერისი, მაგრამ მიყვარს და რა ვქნაო. რამდენჯერმე გადაწყვიტა, თავი დაენებებინა“, – ჰყვება ბექას მამიდაშვილი.
გარდაცვლილის ნათესავი ბოლო პერიოდში ბექას მიერ სოციალურ ქსელში მისი მასწავლებლისთვის მიწერილ შეტყობინებასაც იხსენებს, სადაც ანანოს შესახებ ჰყვება.
„როგორც პოლიციამ გაარკვია, ბოლო დღეებში თავის მასწავლებელს სოციალურ ქსელში მისწერა, ერთ გოგოსთან ერთად უნდა გავიპაროო. ბოლო რამდენიმე დღის წინ კი უკვე მიეწერა, მიღალატა და ახლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, არ ვიცი, რას გავაკეთებო. მასწავლებელთან ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა. 15 ივნისს კი თავის „ოდნოზე“ დაწერა სტატუსი – „მოღალატე“.
16 ივნისს, საღამოს თორმეტის ნახევარზე, მე არეული SMS მივიღე. სხვა ნომრიდან მომწერა და, საერთოდ, ვერ მივხვდი, ვისგან იყო. თავისი სახელი არასწორად ჰქონდა დაწერილი. შეიძლება ნასვამი იყო. 16 ივნისს, საღამოს, ექვსს რომ ათი წუთი აკლდა, საზღვარზე, საქართველოში გადმოვიდა. შემდეგ დაახლოებით, 8 -დან 9 საათამდე ტირში იყო და მოიგო რაღაც სათამაშო. ამ გოგონასთვის დაურეკავს, შენთვის საჩუქარი მაქვს და მინდა, გადმოგცეო. არ ვიცი იმ გოგომ უარი განუცხადა შეხვედრაზე, თუ რა მოხდა. საღამოს თორმეტის 15 წუთზე ბოლო SMS მე გამომიგზავნა, რის შემდეგაც ბექას ყველანაირი კვალი იკარგებოდა.
ექსპერტიზამ თქვა, რომ, სავარაუდოდ, 16 ივნისის საღამოს მოიკლა თავი. ის, რომ SMS-ები ბექასგან იყო, პოლიციამ მითხრა. დაკითხვაზე შეამოწმეს ჩემი ტელეფონი და აღმოჩნდა, რომ მისგან იყო მოწერილი. რადგან სხვა ნომერი იყო, მე ყურადღება არ მიმიქცევია, ვუპასუხე, რომელი ხართ-მეთქი. ამის შემდეგ აღარ მოუწერია. არ ვიცოდი, თუ ბექა მწერდა“, – ამბობს გარდაცვლილის მამიდაშვილი.
ბექას ნათესავი „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ გოგონას ბექას გარდა სხვასთანაც ჰქონდა ურთიერთობა, ბექა კი სთხოვდა, თავი დაენებებინა. „იმ გოგონას კიდევ სხვა ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელზეც ბექამ სთხოვა, დაენებებინა თავი, რადგან ბექას უყვარდა. ჯერ დაჰპირდა, რომ დაანებებდა, თუმცა, როგორც ჩანს, მერე ისევ გააგრძელა ურთიერთობა. ალბათ ამიტომ ეწერა სტატუსად „მოღალატე“, – იხსენებს ბექას მამიდაშვილი. როგორც გარდაცვლილის ნათესავი „კვირასთან“ აღნიშნავს, გოგონა, სავარაუდოდ, ახლა თურქეთშია.

წყარო: KVIRA.GE